|
1403 |
---|
თბილისში „Fast and Furious 9“ - ის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება. გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში. გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე. გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) პოპულარული ბლოგბასტერის მეცხრე ფილმი იქნება. დღემდე არსებული ფილმების შემოსავალი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ფილმებში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, იორდანა ბრიუსტერი, ტაირი გიბსონი, კრის ბრიჯისი, ნატალი რამსი, ჩარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი და ჯონ სენა ასრულებენ. „მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენ გარდატეხა მოვახერხეთ და მალე საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილის გადაღება დაიწყება. ჩვენ მოვახერხეთ და ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ საქართველოში, მათ მოქნილი სისტემა, სწრაფი გადაწყვეტილებები და კომფორტული „cash back“ პროგრამა შევთავაზეთ. ჩვენი მზაობა, დავხმარებოდით და სწრაფად გაგვევლო პროცესები, გადამწყვეტი იყო ამ პროექტის საქართველოში განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ფილმის („ფორსაჟი 9“) მოზიდვას ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიის („ენკენი ფილმს FF9“) ძალიან დიდი ჩართულობა სჭირდებოდა, რამაც თანაბარი როლი ითამაშა იმისთვის, რომ ამ პროექტის გადაღებები საქართველოში განხორციელებულიყო.“ - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. ”ჩვენ მოხარული ვართ გადავიღოთ ფილმის ერთ-ერთი კულმინაციური ნაწილი საქართველოში. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მრავალი სამთავრობო უწყების, განსაკუთრებით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. იმ მომენტში, როდესაც დავინახე ქალაქის ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე სტრუქტურების უნიკალური ნაზავი ამ შესანიშნავი ფერების და ტექსტურების ფონზე, ვიცოდი, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვნეთ. თბილისი შექმნის იმ მშვენიერი ფონს, რომელიც Fast & Furious - ის მეცხრე ნაწილს ესაჭიროება.“ - განაცხადა ფილმის რეჟისორმა ჯასტინ ლინმა. |
16-08-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში
14-03-2019 ხვალიდან გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სკი კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს |
---|
01-11-2022 თბილისში ოთხოთახიანი ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო |
29-05-2019 მენი ბენიშმა: სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული |
20-12-2022 ევროკავშირის მხარდაჭერით, ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2022’ დაიწყო |