სტარტაპ აქსელერატორი Founder Institute უკვე საქართველოშია – რა უნდა ვიცოდეთ
ნავიგატორი
854


სტარტაპ აქსელერატორი Founder Institute უკვე საქართველოშია – რა უნდა ვიცოდეთ

ბოლო პერიოდში Founder Institute საქართველოში აქტიურად მართავდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგსა თუ ღონისძიებას ქართული სტარტაპებისთვის. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას ახალი აქსელერატორი შეემატება და ის სტარტაპებს ადრეულ ეტაპზევე დაუჭერს მხარს.

აქსელერატორის სპეციფიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ Founder Institute-ის თანადირექტორს, ჰაიკ ასრიანცს გავესაუბრეთ.

– პირველ რიგში, როდის და რატომ გადაწყდა საქართველოში Founder Institute-ის აქსელერატორის შემოყვანა?

Founder Institute-ს პირველად 9 წლის წინ ვეწვიე და აღფრთოვანებული დავრჩი მათი მიდგომებითა და მეთოდოლოგიით. ეს ყველაფერი იმდენად პრაქტიკული და არაჩვეულებრივი იყო, რომ მაშინვე მომინდა საქართველოში ამ პრაქტიკის დანერგვა, თუმცა ვიცოდი, რომ საამისოდ ჯერ ადრე იყო. ჩემი ვიზიტიდან ერთი წლის თავზე ჩემმა მეგობრებმა და პარტნიორებმა Founder Institute-ის აქსელერატორი საბერძნეთში შეიყვანეს. შესაბამისად, მომეცა შესაძლებლობა, მეტი რამ გამეგო პროგრამის შესახებ აქსელერატორის მენეჯერის პერსპექტივიდან. მაგრამ საქართველოში აქსელერატორის შემოსვლა კვლავაც ადრე იყო – სტარტაპ ეკოსისტემა მეტისმეტად ახალბედა იყო იმ მომენტში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დავლოდებოდი შესაფერის მომენტს. თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ლოდინი – ამავე პერიოდში ვცდილობდი, მაქსიმალურად შემეწყო მეწარმეობის განვითარებისთვის ხელი ჩემი ორგანიზაციის, Startup Büro-ს მეშვეობით. გასული წლის ოქტომბერში დავიწყეთ მოლაპარაკებები Founder Institute-ის სათავო ოფისთან და მოგვიანებით, აქსელერატორის მენეჯერებისთვის განკუთვნილი სპეციალური 4-თვიანი პროგრამის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მივიღე ნებართვა, ეს პროგრამა საქართველოში ჩამომეტანა.

– როგორც ვიცით, არსებობს სხვადასხვა ტიპის აქსელერატორები, რომლებიც სტარტაპებს სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა გზით უჭერენ მხარს. რა ტიპის აქსელერატორია Founder Institute?

Founder Institute არის pre-seed აქსელერატორი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ დამფუძნებლებსა და სტარტაპებზე, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ წარმატებული ბიზნესის მშენებლობაში. ეს მოიცავს იდეის სტადიაზე მყოფ დამფუძნებლებს, სოლო დამფუძნებლებს, მცირე გუნდებსა და სტარტაპებს, რომლებიც დაფინანსებისთვის ემზადებიან. ჩვენ ვმუშაობთ იმ დამფუძნებლებთან, რომლებსაც გარკვეული პრაქტიკა და ცოდნა სჭირდებათ მანამ, სანამ მზად იქნებიან, მონაწილეობა მიიღონ seed აქსელერატორში (როგორიცაა 500, Y Combinator, Techstars) ან მოიზიდონ დაფინანსება პროფესიონალი ინვესტორებისგან.

– რა გამოცდილებას მიიღებენ ქართული სტარტაპები აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისას?

ჩვენ გვესმის, რომ სხვადასხვა დამფუძნებელს განსხვავებული საჭიროება აქვს. მათი იდეები და სტარტაპები განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. ჩვენ სწორედ ამიტომ, ორი პარალელური მიმართულება გვაქვს - გაშვების მიმართულება (Launch track) იდეის ეტაპზე მყოფი დამფუძნებლებისთვის, რომელშიც ფოკუსი ვალიდაციაზე, გუნდის შექმნასა და ბაზარზე გასვლაზეა; და ზრდის მიმართულება (Growth track), რომელიც განკუთვნილია უკვე არსებული სტარტაპების დამფუძნებლებისა და გუნდებისთვის და რომელშიც ფოკუსი განვითარებასა და დაფინანსებისთვის მზადებაზეა.

– რატომ სჭირდება ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას ეს აქსელერატორი?

Founder Institute არის მსოფლიოში ყველაზე დიდი pre-seed აქსელერატორი – და ერთ-ერთი პირველია სილიკონ ველიში. ჩვენი მეთოდოლოგია არის ძალიან პრაქტიკული და ყოვლისმომცველი. ჩვენი პროგრამა ეხმარება ნიჭიერ და მოტივირებულ ადამიანებს, შექმნან გავლენიანი კომპანიები სტრუქტურირებული პროცესის, გულწრფელი და ექსპერტული უკუკავშირისა და გლობალური ქსელის დახმარებით – ჩვენ გვაქვს ფილიალები 95-ზე მეტ ქვეყანასა და 200-ზე მეტ ქალაქში.

უნდა ითქვას, რომ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემა ამ ეტაპზე მართლაც ყვავის, იმდენი საინტერესო გუნდია, რომელსაც სურს წარმატებული ბიზნესის შექმნა, გუნდის წევრებს აქვთ შესანიშნავი იდეები, ზოგიერთ მათგანს უკვე აქვს MVP და ზოგს კი – ადრეული შემოსავალი – მაგრამ მათ სჭირდებათ სიცხადე შემდეგი ნაბიჯებისთვის, კრიტიკული უკუკავშირი თავიანთ გადაწყვეტილებებზე და გლობალური ქსელი მათი ზრდის დასაჩქარებლად. ეს არის ზუსტად ის, რასაც აკეთებს Founder Institute.

ჩვენ, ასევე, ვხედავთ უფრო და უფრო მეტ ქართულ სტარტაპს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ისეთ seed აქსელერატორებში, როგორებიცაა: Techstars, Y Combinator და რა თქმა უნდა, 500 Global-ის პროგრამა საქართველოში. ველით, რომ ზოგიერთი ჩვენი კურსდამთავრებული გააგრძელებს თავის გზას ამ პროგრამებში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების დაახლოებით 15% მსოფლიო დონის seed აქსელერატორის პროგრამებში მონაწილეობს.

– რა მოლოდინი გაქვთ? როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება სტარტაპებსა და აქსელერატორს შორის?

დიდი კომპანიები დიდი ადამიანებით იწყებენ. Founder Institute-ში გვჯერა, რომ იდეები არ არის მნიშვნელოვანი – საქმის შესრულებაა მთავარი. შესრულება კი მოითხოვს უნიკალურ ადამიანებს, რომლებიც არიან ძლიერები, ენერგიულები და ჩამოყალიბებულები. ნებისმიერი კომპანიის წარმატების ან წარუმატებლობის ყველაზე დიდი ცვლადი მისი დამფუძნებლები არიან. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ სტარტაპების უმეტესობა იქმნება თანამშრომლობაზე დაფუძნებით და არა – იზოლირებულად. დამფუძნებლებმა უნდა გაცვალონ იდეები და მაქსიმალურად ითანამშრომლონ, რადგან უკუკავშირის მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია.

ასე რომ, Founder Institute არის ურთიერთობებზე დამყარებული: დამფუძნებლებსა და მენტორებს შორის, დამფუძნებლებსა და ჩვენს გუნდს შორის სილიკონ ველიში, და, რა თქმა უნდა, დამფუძნებლებს შორის თითოეულ ჯგუფში და მალე – კურსდამთავრებულებსა და მომდევნო ჯგუფებს შორის.

ეს არის გრძელვადიანი ურთიერთობები, რადგან სტარტაპის შექმნა ხანგრძლივი მოგზაურობაა.

მჯერა, რომ 5-6 წელიწადში ჩვენი კურსდამთავრებულები გავლენ Exit-ზე, გახდებიან ანგელოზი ინვესტორები და დაიწყებენ ინვესტირებას ჩვენს მომავალ კურსდამთავრებულებში.

– თქვენი აზრით, როგორია დღეს ქართული სტარტაპ ეკოსისტემა და როგორ ხედავთ მის მომავალს?

საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. უცებ გაგიზიარებთ რამდენიმე ფაქტს:

მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ახორციელებს მეტად საჭირო პოლიტიკას, დაფინანსების მექანიზმებს და აშენებს ინფრასტრუქტურას.

ადგილობრივი თვითმმართველობები – ოზურგეთიდან თელავამდე – იწყებენ ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების მხარდაჭერას.

კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები ხსნიან ინკუბატორებსა და პრე-აქსელერაციის პროგრამებს.

ადგილობრივი ინდივიდუალური და ინსტიტუციური ინვესტორები ახდენენ თავიანთი პორტფოლიოს დივერსიფიკაციას და ინვესტიციებს დებენ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ბიზნეს ანგელოზის ქსელების (მაგალითად, Axel) და ვენჩურული (სარისკო) ფონდების (VC Funds) მეშვეობით.

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპები შედიან მსოფლიო დონის აქსელერაციის პროგრამებში, იზიდავენ დაფინანსებას ადგილობრივი და უცხოელი ანგელოზი ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდებისგან და ჩვენ უკვე ვხედავთ პირველ Exit-ებს.

მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ადგილობრივი ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართ და, ვფიქრობ, ერთ-ორ წელიწადში ჩვენ ვიხილავთ აყვავებულ სტარტაპ ეკოსისტემას. მჯერა, რომ Founder Institute იქნება ამ ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქსელერატორი.

 


 

წყარო: https://www.bpn.ge/

25-10-2022

წყარო: Founder Institute

14-03-2019

სებ-მა ლიცენზია მორიგ მისო-ს გაუუქმა, მიკროსაკრედიტო ბაზარი მცირდება

06-06-2019

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს

25-03-2019

Hilton-ი გამოუყენებელ საპონს გადაამუშავებს

13-05-2019

თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა

13-05-2019

თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა

14-03-2019

სებ-მა ლიცენზია მორიგ მისო-ს გაუუქმა, მიკროსაკრედიტო ბაზარი მცირდება

06-06-2019

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს

25-03-2019

Hilton-ი გამოუყენებელ საპონს გადაამუშავებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ