“ქართული ოცნების“ მიერ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მომზადებული ორი კანონპროექტი, რომლიც განხილვასაც პარლამენტი გაურკვეველი მიზეზით აჭიანურებს
ნავიგატორი
1436


“ქართული ოცნების“ მიერ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მომზადებული ორი კანონპროექტი, რომლიც განხილვასაც პარლამენტი გაურკვეველი მიზეზით აჭიანურებს

სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა.  ამის მიუხედავად, სახელმწიფოს არ აქვს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოფიციალური სტატისტიკა. ამ დრომდე სახელმწიფოს არც არანაირი ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ არასრულწლოვნები (ზრდასრულ ადამიანებზე აღარაფერს ვამბობთ) ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაიცვას.

 

საქართველოში სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია საბანკო სექტორის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე  მძლავრი, მომგებიანი და, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. აღსანიშნავია, რომ 6 წელიწადში მოქალაქეებმა აზარტულ თამაშებში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს.

 

პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი ჭარბვალიანობის ერთ-ერთ მიზეზად აზარტულ თამაშებსაც ასახელებდნენ. კანონმდებლები განმარტავდნენ, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი მარტივი რეგულაციის ქვეშაც კი არ არის მოქცეული. აქედან გამომდინარე 6-მა პარლამენტარმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ნაწილობრივ დაარეგულირებს, თუმცა „ქართული ოცნების“ ისედაც დაგვიანებული კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ,  ისევ თაროზეა შემოდებული და მისი განხილვის თარიღი ამ დრომდე უცნობია. როგორც დამოუკიდებელი პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებდა, „აზარტული თამაშობების რეკლამის აკრძალვის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული. „კომერსანტი“ შეეცადა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას, თუმცა გოგიჩაიშვილმა მმართველი პარტიიდან წასვლის შემდეგ ჩვენს ზარს აღარ უპასუხა. 

 

გოგიჩაიშვილისგან განსხვავებით „კომერსანტის“ კითხვებს უპასუხა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ირაკლი ბერიამ. „აზარტული თამაშობების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი აცხადებს, რომ პროცესს გოგიჩაიშვილი მართავდა და კანონპროექტის დანარჩენი 5 ინიციატორი დეპუტატი ინფორმაციას მისგან იგებდა.

 

საკითხის ძირითადი წარმომდგენი ლევან გოგიჩაიშვილი იყო, რომელიც ადრე ჩვენი გუნდის წევრი იყო. მაშინ ყველანი ერთ გუნდში ვიყავით, ახლა ის ოპოზიციაშია, ამიტომ ჯერ კანონპროექტზე არ გვისაუბრია. იმან, რომ გოგიჩაიშვილი ოპოზიციაშია და ჩვენ სახელისუფლებლო ძალა ვართ, შეიძლება კანონპროექტის დამტკიცებას ხელი არ შეუშალოს,“ - აცხადებს ირაკლი ბერაია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ კანონპრექტი მთავრობასთან შეთანხმებულია, მათი პოზიცია კი — დადებითი. „კომერსანტის“ კითხვაზე — რატომ ჭიანურდება კანონპროექტის განხილვა? —  ირაკლი ბერაიას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

 

შესაძლოა, მთავრობა როდესაც გამოიტანს მეორე მოსმენით თავის კანონპროექტს , მაშინ გავიტანოთ ჩვენს მიერ მომზადებული კანონპრექტიც და საბოლოო ჯამში ერთობლივად მოხდეს დამტკიცება, რადგან მომზადებული კანონპროექტები ერთმანეთს შინაარსობრივად  ავსებენ. შესაბამისად, უფრო პრაქტიკული იქნება, თუ ერთად გავიტანთ, ერთად დამტკიცდება და ერთად წავა აღსრულებაში. ეს არის ტექნიკური ნაწილები, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან ვგულშემატკივრობ ამ კანონპროექტს. მინდა, რომ ნაკლები ადამიანი იყოს ლუდომანიის გამო დაზარალებული. ვთვლი, რომ ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა,“ - განმარტავს ირაკლი ბერაია.

 

შეგახსენებთ, ექვსი დეპუტატის მიერ დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს:

 

 

 

 

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მიზანია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში. აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში, ასევე, აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების აკრძალვა ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

 

მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მიზანია აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვა მაუწყებლობის საშუალებით, გარდა სპონსორობისა, რა დროსაც, ნებადართული იქნება მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი სუბიექტის დასახელებისა და სასაქონლო ნიშნის (ლოგოტიპის) გავრცელება.

 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მიზანია, აიკრძალოს ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით ონლაინ გადახდების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს აზარტულ თამაშობებში ჩართული ადამიანების შემცირებას და ამით გამოწვეული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას. ასევე, შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის ონლაინ აზარტული თამაშობების კომპანიებში ფულადი კაპიტალის გადინება.

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას - საქართველოს მოსახლეობაში აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონის გამო  და ამით გამოწვეული სოციალური რისკების შემცირებისათვის “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში გათვალისწინებულია აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესი. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს აღნიშნული წესის აღსრულებისათვის ეფექტური მექანიზმების შექმნას.

 

 

აზარტული თამაშების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას ცდილობს საქართველოს მთავრობაც. მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს დარეგისტრირდა პარლამენტში, ითვალისწინებს:

 

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება. კერძოდ, 21 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობის აკრძალვა, დამოკიდებულ პირთა სიის შექმნა, სადაც როგორც მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა, თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა, ასევე მისი ოჯახის წევრი იქნება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა. ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში. არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში გაუქმდეს ყველა აქამდე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და სავალდებულო გახდეს მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ. ასევე, პროექტის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და FATF და MONEYVAL-ის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გამოხატულია ნებართვის გაცემამდე ნებართვის მფლობელი ბოლო ბენეფიციარი პირის და მის ხელთ არსებული კაპიტალის გამოკვლევით.

 

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და ადმინისტრირების გაუმჯობესება. დღეისთვის მოქმედი კანონის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართულ თამაშობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (ყოველკვარტალური) შეადგენს 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით, მათ შორის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაშიც და ადგილობრივი თვითმმართველობები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ადგენენ ოდენობებს მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში. არსებული კანონმდებლობის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, ორგანიზატორი ვალდებულია, მოსაკრებლის სახით გადაიხადოს, როგორც საპრიზო ფონდის 10%, ასევე, მოსაკრებელი, რომელიც დაწესებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისთვის (250 000 ლარიდან 300 000 ლარამდე).

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მიღების მიზეზია, ნებართვის მფლობელების მიერ გადასახდელი სანებართვო მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესება. კანონპროექტის მიზანია შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამოსწორება.

 

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მიღების მიზანია აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით მხარეების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს 21 წლამდე ასაკის პირების ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტულ და მომგებიან თამაშობებში ჩართვისგან დაცვა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში, ორგანიზატორისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება.

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მიღების მიზანია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების პროცედურული უზრუნველყოფა. ხსენებული უზრუნველყოფა მოიაზრებს, სასამართლო ბრძანების საფუძველზე, პრევენციული სახის ღონისძიების განხორციელებას პირის მიმართ, ასევე იქმნება მარტივი და ეფექტური ფორმა საქართველოს მოქალაქის ინტერესების დაცვისთვის (ოჯახის წევრისთვის), რომელსაც ზიანი ადგება პირის მიერ თამაშობებში მონაწილეობით.

15-03-2019

წყარო: commersant.ge

02-05-2019

რას უპირებენ ანაკლიას – შესაძლო სცენარები

15-04-2019

საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8 პროცენტით გაიზარდა

16-05-2019

Tesla-მ ელექტრომობილის დაბალფასიანი მოდელი გააძვირა

17-07-2023

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

17-07-2023

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

02-05-2019

რას უპირებენ ანაკლიას – შესაძლო სცენარები

15-04-2019

საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8 პროცენტით გაიზარდა

16-05-2019

Tesla-მ ელექტრომობილის დაბალფასიანი მოდელი გააძვირა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ