|
1353 |
---|
"ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს"
გასულ კვირას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა და ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის შესახებ დეპუტატების კითხვებს რამდენიმე საათს პასუხობდა. მინისტრმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დათქმულ ვადაში ვერ დასრულდება, თუმცა ამაში კონსორციუმი დაადანაშაულა. მინისტრმა ისიც ახსენა, რომ ძალიან ბევრი ბრალდება გაისმის, მათ შორის, თუ როგორ აპირებს მთავრობა პროექტის დაბლოკვას, ჩამოართვას ის მამუკა ხაზარაძეს, გადასცეს ჩინელებს და ა.შ. პარლამენტში გამოსვლა მაია ცქიტიშვილმა იმით დაასრულა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ვუდგავართ მხარში და ნამდვილად დავამთავრებთო. სხვათა შორის, ამავე სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რომ თუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის პროექტს ვერ განახორციელებს, სახელმწიფოს ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია - სახელმწიფოსთვის 600 მილიონი ხომ არაფერია! გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - არ მახსენდება არც ერთი გლობალური პროექტი, რომლის დასრულებაც განსაზღვრულ ვადებში მოესწრო. ამიტომ ვადის დარღვევა ასეთ პროექტებში არ არის ტრაგედია, პირიქით, როგორც წესი, ასე ხდება. სხვა საკითხია, თავად მინისტრისგან რატომ წამოვიდა პარლამენტში მისვლის ინიციატივა. არც ის მახსენდება, რომელიმე მინისტრს თავისი სურვილით მოეთხოვა პარლამენტში გამოსვლა. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი? ჩანს, ვიღაც ძალიან ნერვიულობს, რადგან არ მოსწონს საზოგადოების განწყობა პროექტიდან "თიბისი ჯგუფის" შესაძლო ჩამოშორებასთან, გნებავთ, განზე გაწევასთან დაკავშირებით. ამიტომ, როგორც ჩანს, მინისტრს უთხრეს, წადი და როგორც გინდა, დაარწმუნე საზოგადოება, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართო. მინისტრის არგუმენტებიდან რაღაცას შეიძლება დაეთანხმო და რაღაცას არ დაეთანხმო. არასწორი იქნება თქმა, რომ პრობლემები არ არსებობს, მაგრამ ეს არის მიმდინარე, ტექნიკური პრობლემები. თუ სისტემურ პრობლემებზე ვისაუბრებთ, ამის ინიციატორი, სამწუხაროდ, ხელისუფლება გახდა. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, როცა მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტსა და ცნობილ ფინანსურ ტრანზაქციასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ, ან ძალიან მიამიტია ქალბატონი მინისტრი, ან იძულებულია, თვალში ნაცარი შეგვაყაროს. - ხელისუფლება ამბობს, რომ ბანკისა და პროექტის მეწილეობა ინდულგენცია არ არის და პასუხისმგებლობისგან ვერავის დაიცავს. - ეს მხოლოდ ლოზუნგია. რა თქმა უნდა, ინდულგენცია არ არის და არა მხოლოდ ბანკის დამფუძნებლებისთვის, არამედ არც ხელისუფლებისთვის და ისეთ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ თავს, რომ შემდეგ მასაც მოსთხოვონ ამ ყველაფრის გამო პასუხი. როგორ ამბობს მინისტრი, რომ ანაკლიის პორტსა და "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებზე აღძრულ საქმეს შორის კავშირი არ არის? ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ქალი გათხოვებას რომ აპირებდეს და მოულოდნელად უთხრან, რომ მისი საქმრო სტრიპტიზბარში ქალებთან ერთობა. ამან ხომ შეიძლება ქორწილი ჩაშალოს? რამდენიც უნდა ამტკიცოს მერე ამ ამბის გამავრცელებელმა, რომ მისი მიზანი ქორწილის ჩაშლა არ ყოფილა, ხომ აღარავინ დაიჯერებს? დაახლოებით ასე იქცევა დღეს ხელისუფლება. დღეს ანაკლიის პორტის პროექტი უკვე იმ ფაზაშია, რომ უნდა დაკონტრაქტებულიყო პირველი ტრანში 600 მილიონი დოლარის ოდენობით. ამ დროს კი იმ კაცზე, რომელსაც ინვესტორებმა ფული უნდა ანდონ, ხელისუფლება ამბობს, მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილიო. შესაბამისად, როგორ შეიძლება თქმა, რომ ამ ორ ამბავს ერთმანეთთან კავშირი არა აქვს?! ხელისუფლებას მართლა რომ უნდოდეს ანაკლიის პროექტის ხელშეწყობა, რა გახდა 2008 წლის დროინდელი ტრანზაქციის გამოძიება? ეს ხომ უმარტივესი გამოსაძიებელია? ამიტომ ჩნდება ეჭვი, სისხლის სამართლის საქმე იმისთვის გახდა საჭირო, რომ თემა "დაკიდებულიყო" და ვიღაცას თავისი გეგმა შეესრულებინა ჯერ ბანკში და შემდეგ ანაკლიის პორტში და რამდენსაც უნდა ეცადონ, ამ შთაბეჭდილებას ვერ გაფანტავენ. მით უფრო, რომ იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც პროკურატურისგან მოვისმინეთ, ფულის გათეთრება არსად ჩანს. შეიძლება ვილაპარაკოთ პროცედურულ დარღვევებზე, მაგრამ ფულის გათეთრების ნიშნები არ იკვეთება. ამიტომ მიჩნდება შეკითხვა, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამ საქმისთვის ფულის გათეთრების კვალიფიკაციის მიცემა? ფაქტია, მამუკა ხაზარაძეზე შეტევა ხელს შეუწყობდა მასთან დაკავშირებულ ბიზნესაქტივებსა და პროექტებზე ვითარების აფეთქებას. კატეგორიულად არ ვამტკიცებ ამ ყველაფერს, მაგრამ ხელისუფლებამ ვერც ერთი არგუმენტით ვერ შეძლო ამ ეჭვების გაქარწყლება და მისგან მხოლოდ ლოზუნგები გვესმის. თუ ხელისუფლება დაინტერესებული იყო, ამდენი ხანი რად უნდოდა ამ საქმის გამოძიებას? გარდა ამისა, ბევრი ირიბი ინდიკატორია, მათ შორის, ბანკზე კიბერშეტევა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ივლისში მოხდა. თითქოს ეს ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს არ უკავშირდება, მაგრამ მთელ სურათს რომ შევხედოთ, ან თუნდაც იმას, როგორ იძიებენ კიბერშეტევის საქმეს სამართალდამცველები, ესეც აძლიერებს კითხვებს ხელისუფლებასთან. 6 თვეში 4 წერილი მისწერა "თიბისი ბანკმა" შს სამინისტროს კიბერტერორიზმის შესახებ და გამოძიებას დღემდე არაფერი აქვს. კიბერშეტევა შედეგიანი რომ ყოფილიყო, შესაძლებელია საქართველოში ფინანსური სისტემა ჩამოშლილიყო. ასეთ დანაშაულზე ნორმალურ ქვეყნებში მყისიერად რეაგირებენ, ჩვენთან კი როგორც შსს-მ, ასევე ეროვნულმა ბანკმა ყური არ შეიბერტყეს. არადა, ეროვნულ ბანკში არის სპეციალური სამსახური, რისკების მართვის დეპარტამენტი, რომელიც ასეთ ინფორმაციაზე ოპერატიულად უნდა რეაგირებდეს. ფაქტობრივად, თავიდან მოცილების მცდელობაა შს სამინისტროს პასუხები, რომ ამოღებული კომპიუტერი ექსპერტიზაზეა. ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირის გავრცელების საქმეზე 16 კაცი დააპატიმრეს და მათ კომპიუტერებს თუ ჩაუტარეს ექსპერტიზა? ხელისუფლება ამ თემების გამო მძიმე მდგომარეობაშია. პირადად მე დაველოდები ხელისუფლების პასუხს, იქნება თუ არა რეაგირება კიბერშეტევის ფაქტზე, რადგან ეს მხოლოდ "თიბისის" არ ეხება. არის მოსაზრება, რომ ბანკზე კიბერშეტევა იყო იმ ლოკაციიდან, საიდანაც სხვადასხვა პირის საწინააღმდეგო "ფეიკნიუსები" ვრცელდებოდა, მათ შორის ჩემზეც. ჩემი ყალბი გვერდიც შექმნეს და ჩემი სახელით პატრიარქს აგინეს. დაახლოებით 2 კვირაში შსს-ს ამ საკითხზე თუ არ ექნება დამაჯერებელი პასუხები და გამოძიების შედეგები, ვაპირებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ბანკზე კიბერშეტევის ქეისი გავუგზავნო, თან დავურთავ ბანკიდან ძალოვანი უწყებისთვის გაგზავნილ წერილებს, სადაც ყველაფერი, ფაქტობრივად, გამოკვლეულია და საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ხელისუფლება კიბერტერორისტებს მფარველობს. - მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ ილაპარაკა მის საწინააღმდეგო ორკესტრირებულ შეტევაზე, ფიქრობთ, რომ ეს დღემდე გრძელდება? - ეს ყველაფერი არის ელემენტები, მათ შორის ეროვნული ბანკის ქმედებები. იგივე პირები, ანუ სცენარისტები, ფიგურირებენ ეროვნულ ბანკში ამ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში, რომლებმაც თავის დროზე ბანკ "ქართუს" საქმე "შეკერეს". იქაც ფულის გათეთრება ჰბრალდებოდათ ბანკის თანამშრომლებს და სრული ანალოგიაა იმისა, რაც ახლა "თიბისის" საქმეში ხდება. მაშინ მახსოვს, ნოდარ ჯავახიშვილი "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტი იყო, ხოლო შალვა თადუმაძე - "ქართუს" ადვოკატი. მაინტერესებს, როგორია ამ ადამიანების პოზიცია? ნოდარ ჯავახიშვილი ახლა აუდიტის სამსახურშია, შალვა თადუმაძე კი მთლად მთავარი პროკურორი. მათ არ უჩნდებათ შეკითხვები, რომ "ქართუზე" უპრეცედენტო შეტევის შემდეგ ეროვნული ბანკის იურიდიულ სამსახურს ახლაც ის ადამიანი ხელმძღვანელობს და იმავე სცენარით "თიბისის" უტევენ? - ფაქტია, რუსეთს ხელს აძლევს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა როგორც კომერციული, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, ვინც ხელს შეუწყობს ამ პროექტის გაჩერებას, ის რუსეთის წისქვილს დაასხამს წყალს? - ანაკლიის პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე კითხვები ყოველთვის მქონდა, შემდეგ კი ეს ორი მიზეზის გამო გადავაფასე: პირველი ის არის, რომ ამ აკვატორიაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრისა და საწარმოო სექტორის განვითარება. ჩემი აზრით, ლოგისტიკური მიმართულება უფრო საინტერესოც იქნება, ვიდრე საპორტო მომსახურება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება და გლობალური უსაფრთხოების კომპონენტად ანაკლიის ფორმირება. აქ ფრჩხილებს არ გავხსნიდი, მომავლის სტრატეგიაზეა ლაპარაკი და შესაძლოა კონკრეტული გეგმა არც არსებობს. ვფიქრობ, ანაკლიით დაინტერესება ძალიან დიდია. დღესაც არ ვიცი, რა არის ხელისუფლების ამოცანა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გვაქვს ცუდი და უარესი ვარიანტი: უარესი ვარიანტია, თუ ხელისუფლებას პროექტის ჩაშლა უნდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, ახლა დაინახა, რომ ანაკლიამ შესაძლოა სტრატეგიული გრძელვადიანი კვანძის როლი ითამაშოს, დაინახა ამაში თავისი პოლიტიკური დივიდენდი და ძალაუფლების გამყარების განსაზღვრული გარანტიები როგორც დასავლეთთან სავაჭროდ, სალაპარაკოდ, ასევე რუსეთთან საუბრის შესაძლებლობისთვის. ვერ წავუყენებ ხელისუფლებას ბრალდებას, რომ რუსეთის დაკვეთას ასრულებს. ვიმეორებ, ჩემი აზრით, მან დაინახა, რომ ანაკლია შეიძლება ძალაუფლების შენარჩუნების გრძელვადიანი ბერკეტი გახდეს და ამ მიმართულებით დაიწყო ფიქრი. რაც უნდა უცნაურად ჩანდეს საკუთარი ინიციატივით პარლამენტში მინისტრის მისვლა, ეს შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ნაბიჯი იმის შემზადებისთვის, რომ ანაკლიის პორტის მთავარი მშენებელი კომპანია განზე გასწიონ და ამ პროექტზე კონტროლი თავად აიღონ. ამას შემდეგ რისთვის გამოიყენებენ, პროექტის გასაგრძელებლად თუ მის დასაკონსერვებლად, ეს შესაძლოა დიდი, გლობალური ვაჭრობის მაგიდასთან გადაწყდეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების გეგმა ასეთია: ჯერ გაკონტროლება და შემდგომ ვაჭრობა როგორც ჩრდილოეთთან, ისე დასავლეთთან. |
25-03-2019
წყარო: bpn.ge
24-04-2019 ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს |
---|
25-07-2019 გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი: |
24-05-2019 საქართველოში წელს 144 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი იგეგმება |
17-07-2023 ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის |