Bloomberg: სავაჭრო ომი აშშ-ს და ჩინეთს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის
ნავიგატორი
2393


Bloomberg: სავაჭრო ომი აშშ-ს და ჩინეთს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის

ამ კვირაში შედგება ჩინეთს და აშშ-ს შორის სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება იუანის კურსი - ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ პეკინი უარს იტყვის საკუთარი ეროვნული ვალუტის ხელოვნურ დევალვაციაზე აშშ-ს მხრიდან ამკრძალავი ტარიფების შემოღების საპასუხოდ.

 

სააგენტოს მონაცემებით, ეს საკითხი უკვე რამდენიმე თვეა იხილება, თუმცა უშედეგოდ. იმის მიუხედავად, რომ ჩინურმა მხარემ შეატყობინა აშშ-ს ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს, რომ არაა დაინტერესებული იუანის შემდგომი გაუფასურებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არაა მიღებული.

 

თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სწორედ ესაა ამერიკას და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შეწყვეტის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების შემდგომი ზრდა გარდაუვალია.

 

2018 წელს იუანმა დაკარგა ღირებულების 5%, და ამერიკელები ეჭვობენ, რომ პეკინი ასეთი გზით რეაგირებს აშშ-სგან მომდინარე ეკონომიკურ საფრთხეებზე.


ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ აიძულებს ჩინეთს შეწყვიტოს ვალუტის კურსით მანიპულაციები. ამ პირობის შესრულება დაეხმარება პრეზიდენტს შიდაპოლიტიკურ არენაზე, სადაც პეკინის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას მხარს უჭერენ გავლენიანი რესპუბლიკელები.

 

თებერვლის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ და ჩინეთი 1 მარტამდე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას სავაჭრო საკითხებში, ვაშინგტონი განაგრძობს ტარიფების აწევას ჩინურ პროდუქციაზე.

 

2018 წლის მანძილზე ამერიკამ, ფაქტობრივად, აკრძალა ქვეყანაში 250 მლრდ დოლარის ჩინური პროდუქციის იმპორტი, საპასუხოდ კი ჩინეთმა შემოიღო ტარიფები ამერიკული საქონლის წინააღმდეგ.

 

შემდეგ მხარეებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების დაწყება რიგ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს აშშ-ს და ამ ფონზე ტარიფების შემდგომი ზრდა დროებით შეჩერდა, თუმცა, მხოლოდ დროებით.

 

კონსულტაციების ვადა იწურება და, Bloomberg-ის ინფორმაციით, მხარეები უკვე ემზადებიან სავაჭრო ომის შესაძლო გაგრძელებისთვის.

 

ვაშინგტონში უკვე მზადაა ახალი აკრძალვები, რომლებიც შეეხება კიდევ 200 მლრდ დოლარის პროდუქციას, პეკინი კი გეგმავს სანქციების შემოღებას აშშ-ს ეკონომიკის საკვანძო დარგების მიმართ.

 

მიდის ერთგვარი ნერვების ომი - ვინ დანებდება პირველი?

 


ჩინეთის და აშშ-ს ეკონომიკების სიდიდის და მჭიდრო ურთიერთკავშირიდან გამომდინარე, ორივე ქვეყანას შეუძლია, მიაყენოს ერთმანეთს სერიოზული ზარალი. მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი - ვინ დაზარალდება მეტად ამ სავაჭრო ომში.



ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ და ჩინეთი უთანხმოებების აღმოფხვრას დარჩენილ რამდენიმე დღეში შეძლებენ.

 

დონალდ ტრამპს ხელები გახსნილი აქვს - მის მკაცრ პოლიტიკას ჩინეთთან მიმართებაში, ფაქტობრივად, არ ჰყავს სერიოზული მოწინააღმდეგე შტატებში - არც ლობისტური ჯგუფები და არც პოლიტიკოსები, მათ შორის დემოკრატებიც ამ ეტაპზე არ ეწინააღმდეგებიან იმპორტის შეზღუდვას.

 

თუმცა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე - პეკინს გააჩნია ერთი უდიდესი უპირატესობა აშშ-სთან შედარებით - ესაა პოლიტიკური სისტემა.

 

ცალსახაა, რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, სავაჭრო ომი ბევრად უფრო დამაზიანებელია ჩინეთისთვის, ვიდრე შტატებისთვის. ის ზომებიც კი, რომლების მიღებაც შეუძლია პეკინს, ხშირად ამერიკასთან ერთად აზიანებს თავად ჩინეთსაც. მაგალითად, ამერიკული კორპორაციებისთვის ჩინეთში მუშაობის შეზღუდვა ნამდვილად დააზარალებს ამერიკულ ბიზნესს, მაგრამ არ იქნება სასარგებლო თავად ჩინეთისთვისაც.

 

თუმცა, მცირე ზიანს, რომელიც მიადგება შტატებს, ექნება გაცილებით უფრო მაღალი ფასი - დონალდ ტრამპს მოუწევს უმუშევრად დარჩენილ ადამიანებთან თავის მართლება, პოლიტიკოსების და ლობისტების მხრიდან არასასიამოვნო შეკითხვებზე პასუხის გაცემა და საერთოდაც - შტატებში უკვე იწყება წინასაარჩევნო კამპანია.

 

ყველაფერი ამისგან თავისუფალია ჩინეთის ხელისუფლება, რომელიც მთლიანად აკონტროლებს მთელს ქვეყანას, რომ არაფერი ვთქვათ ბიზნესზე. ჩინეთში არ არსებობს დამოუკიდებელი ბიზნესი, მედია, ოპოზიცია, პროფკავშირები, ლობისტები. არავინ გადაკეტავს გზებს პროტესტის ნიშნად, ბოლოს და ბოლოს არ ტარდება არჩევნები. შესაბამისად, პეკინისთვის პოლიტიკური ფასი გაცილებით ნაკლები იქნება.

 

სწორედ ესაა ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი კოზირი სავაჭრო ომში - ტოტალიტარიზმის უპირატესობა დემოკრატიაზე.

 

აშშ-ში არის რამდენიმე დარგი, რომელიც სერიოზულად დაზარალება ამ სიტუაციაში - მაგალითად, ავტომრეწველობა. 2017 წელს ამერიკული ავტომრეწველობის ექსპორტი ჩინეთში შეადგენდა მთელი ავტოექსპორტის 20%-ს, 2018-ში კი - 12%, რაც სერიოზული კლებაა ასეთ მოკლე პერიოდში.

 

ასევე ზარალს ითვლის სოიოს წარმოება, რომლის საექსპორტო პოტენციალის 57% მოდიოდა ჩინეთზე. 2018 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი შემცირდა 20%-დე, წლის ბოლოსთვის კი 1,3%-მდე. ჩინეთი კი სოიოს ბრაზილიაში ყიდულობს.

 

დაზარალდა ასევე ნავთობინდუსტრია. ივნისში ამერიკული ნავთობის ექსპორტმა ჩინეთში შეადგინა 1 მლრდ დოლარი, აგვისტოში კი დაეცა 0-მდე, ხოლო ჩინეთმა გაზარდა ნავთობის იმპორტი კანადიდან.

 

ამავე დროს, სანქციების მიუხედავად, ჩინეთის ექსპორტი შტატებში არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება - რაც გამოწვეულია ამერიკის ეკონომიკის ზრდით.

 

ერთი სიტყვით, ორი გიგანტის ომში მხარეებს აქვთ თავიანთი სისუსტეები და უპირატესობები. ახლა მთავარია, ვინ გატყდება პირველი.

21-02-2019

წყარო: commersant.ge

10-04-2019

„რუსეთიდან შემოყვანილი ცხვარი საქართველოდან, როგორც ქართული, ისე გადის“

20-12-2022

ევროკავშირის მხარდაჭერით, ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2022’ დაიწყო

18-03-2019

დღეს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს, 2019 წლის პირველი სხდომა გაიმართა.

24-02-2019

მასტერკლასი ნუშისა და კაკლის აგრო ინდუსტრიის ფერმერებისთვის

24-02-2019

მასტერკლასი ნუშისა და კაკლის აგრო ინდუსტრიის ფერმერებისთვის

10-04-2019

„რუსეთიდან შემოყვანილი ცხვარი საქართველოდან, როგორც ქართული, ისე გადის“

20-12-2022

ევროკავშირის მხარდაჭერით, ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2022’ დაიწყო

18-03-2019

დღეს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს, 2019 წლის პირველი სხდომა გაიმართა.


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ