მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა
ნავიგატორი
2063


მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

"ყველა წარმოებას, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, ლარის კურსის ზრდა ძალიან აფერხებს. ჩვენ ყველაფერი შემოგვაქვს: სიმინდი, სოიოს შროტი, კონცენტრატი, მედიკამენტები და ა.შ. ამას ემატება გაზის გაძვირებაც. მივიღეთ შეტყობინება, რომ ტარიფს 10%-ით გვიზრდიან; ამის გარდა, დარგს მძიმე ტვირთად აწევს დღგ-ს გადასახადი, რაზეც დიდი ხანია ვსაუბროთ და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ძალიან ბევრი ფაბრიკა დაიხურა, ჩვენი დარგი ძირითადად არაოფიციალურ სეგმენტში გადავიდა, ვინც ვართ დარჩენილი ოფიციალურ ნაწილში, ასე ვთქვათ, ვფართხალებთ და როდის გაგვძვრება სული, კაცმა არ იცის", – განაცხადა მამუკა ნოზაძემ. 

მისივე განმარტებით, ქათმის ხორცის მწარმოებლებს პროდუქცია იმის პროპორციულად რომ გაეძვირებინათ, რასაც ლარის ინფლაცია და სხვა კომპონენტები ითვალისწინებდა, ქათმის ხორცი ამჟამად 12 ლარი უნდა ღირდეს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი პროდუქციის ყიდვას ვეღარ შეძლებდა.

"ფასი ვერ გაყვა იმ მოვლენებს, რაც ქვეყანაში განვითარდა და შესაბამისად წარმოებამ მოგება დაკარგა, რიგ შემთხვევაში მინუსზე ვმუშაობთ და რაღაც-რაღაცეების გაყიდვა გვიწევს, რომ ფაბრიკები გადავარჩინოთ და არ გავჩერდეთ. სულ რამდენიმე წარმოება ვართ, ვინც ოფიციალურად ვმუშაობთ, დანარჩენი ჩუმად, არარეგისტრირებულად ფუნქციონირებენ; ამ დროს ჩვენ ერთ ბაზარზე ვართ და გამოდის, რომ ჩვენი პროდუქცია ძვირია მათთან შედარებით და კონკურენციას ვეღარ ვუწევთ, სახელმწიფო კი ამ პრობლემას ვერ აგვარებს. ერთადერთი გზა, რაც ამ პრობლემას მოხსნის, დარგის დღგ-სგან გათავისუფლებაა, რითაც სახელმწიფო თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებს მწარმოებლებს. 

ამჟამად საქართველოს ბაზრის 25-30% ქართულ, დანარჩენი კი იმპორტულ პროდუქციას უკავია. არადა, დღგ რომ მოხსნან, ქართული წარმოება განვითარდება და იმპორტს ჩვენ თვითონ, სახელმწიფოს დახმარების გარეშე შევავიწროვებთ", - განმარტავს მამუკა ნოზაძე. 

იგივეს აცხადებს თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკის, შპს "როსტერის“ დამფუძნებელი ჯაბა პაპიძეც. 

"თემა, რომ ქვეყანაში ქათმის ხორცის ბაზრის 70% იმპორტულ პროდუქციას უკავია და ქართული წარმოების წილი ძალიან მცირეა, არავის აინტერესებს. 14 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავ ადამიანს ვესაუბრეთ მთავრობაში ამ თემაზე, მაგრამ რეაქცია იყო ნული. დღე და ღამე შრომის ფასად შევძელით ის, რომ შევქმენით ევროსტანდარტების პროდუქტები, სასაკლაოები მოვაწყეთ, დავნერგეთ ჰასპის სისტემა. სასაკლაო პროდუქტის ფასს ისე აძვირებს, რომ ჩვეულებრივ გლეხს, რომელიც სახლში ზრდის ქათამს და ბაზარზე დაკლული გამოაქვს გასაყიდად, კონკურენციას ვერ ვუწევთ. გარდა ამისა, მთელი რიგი პრობლემებია სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობისას, შეტანა რთულია, თუ შეიტან ისინი თავის ფასს ამატებენ, საქონელს ძირითადად სამთვიანი კონსიგნაციით იბარებენ, მაღაზიები ხშირად კოტრდება და ამ თანხას უკან ვერასდროს ვიღებთ", - განმარტავს ფერმერი. 

როგორც ჯაბა პაპიძე აცხადებს, ქათმის ხორცის მწარმოებლებმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი სარეალიზაციო ქსელების განვითარება დაიწყეს, თუმცა აქაც სირთულეებს წააწყდნენ. 

"ერთადერთი გამოსავალი რაც ვნახეთ, საკუთარი სავაჭრო წერტილების შექმნა იყო, რადგან მომხმარებლამდე ხორცი უშუალოდ მიგვეტანა, ამოგვეგდო შუა რგოლი, რაც გაცილებით აიაფებს პროდუქციას, მაგრამ აქაც შეგვზღუდეს. ფერმერსა და მომხმარებელს შორის შუამავალი რომ არ ყოფილიყო, შევქმენით სარეალიზაციო ქსელი. სპეციალიზირებული მანქანა-დანადგარები შეივიძინეთ, რაც გერმანიის, ჰოლანდიის ქუჩებში დგას, ჰასპის სტანდარტებია ამ მანქანებზე დანერგილი, სწორედ აქ დავიწყეთ კომერციული საქმიანობა, მაგრამ მერია გვედავება, რომ უნებართვოდ ვდგავართ. როდესაც ნებართვა მოვითხოვეთ, აღმოჩნდა, რომ მისი გამცემი სამსახური არ არსებობს. დაგვირიგეს ჯარიმები, გაგვყარეს, მაგრამ მოვძებნეთ ალტერნატივა - კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და ეს მანქანები იქ დავაყენეთ, მაგრამ იქაც მოგვადგნენ. კერძო სექტორშიც კი გვეუბნებიან, რომ ვართ გარემოვაჭრე, არადა კანონით გარემოვაჭრე პირად ითვლება ის, ვინც თბილისის მინიციპალიტეტის რეგულირების სფეროში მოქცეულ ტერიტორიაზე ეწევა უნებართვო საქმიანობას. ამ დღეებში კიდევ ერთი მაღაზია დაგვიხურეს", - აცხადებს ჯაბა პაპიძე. 

როგორც მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები განმარტავენ, თუ ხელისუფლებას ამ დარგის განვითარება სურს, როგორც სოფლის მეურნეობის სხვა სფეროებს, მასაც მოუხსნის დღგ-ის გადასახადს და არ შეუქმნის ხელოვნურ ბარიერებს პროდუქციის რეალიზაციისას. ამ შემთხვევაში ფერმერები ისეთი პროდუქტების წარმოებას შეძლებენ, რომელიც ფასით იმპორტულს გაუწევს კონკურენციას და ბაზარზე ადგილობრივი ნაწარმის წილიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

17-02-2019

წყარო: commersant.ge

25-03-2019

თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში... იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში - იენს სტოლტენბერგი

23-02-2019

საბავშვო ხალიჩების მწარმოებელ ჩეხურ კომპანიას წარმოება საქართველოში გადმოაქვს

19-04-2019

TECHTEXTIL & TECHPROCESS

13-03-2019

„კორეაში ღვინოზე და მის მსგავსს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იქნება“ - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე კორეასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება

13-03-2019

„კორეაში ღვინოზე და მის მსგავსს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იქნება“ - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე კორეასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება

25-03-2019

თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში... იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში - იენს სტოლტენბერგი

23-02-2019

საბავშვო ხალიჩების მწარმოებელ ჩეხურ კომპანიას წარმოება საქართველოში გადმოაქვს

19-04-2019

TECHTEXTIL & TECHPROCESS


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ