|
1723 |
---|
2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6.4%-ით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიით, გასულ წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6.4%-ით შემცირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7.7% შეადგინა.
2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 8.8%-ს შეადგენდა. 2018 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 458.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. რა არის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი? მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ქვეყანაში ფულის შემოდინების და გადინების ერთ-ერთი მთავარი საზომია. კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშებთან ერთად, მიმდინარე ბალანსი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსს შეადგენს. ჯამში, ეს ყველაფერი ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს დანარჩენ მსოფლიოსთან. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი სამ კრიტერიუმად იყოფა: პირველი საგარეო ვაჭრობის, ანუ საქონლითა და მომსახურების ექსპორტისა და იმპორტის ბალანსია. მეორე - შემოსული და გასული საინვესტიციო შემოსავლების ბალანსი. ეს, ერთი მხრივ, პლუსის სახით ასახავს ქართველი ინვესტორების მიერ უცხოეთში მიღებულ შემოსავლებს, მინუსით კი იმ შემოსავლებს, რაც უცხოელმა ინვესტორებმა მიიღეს საქართველოში. მიმდინარე ანგარიშის მესამე კრიტერიუმი ცალმხრივი გადარიცხვების და გადმორიცხვების ბალანსია. ამაში შედის როგორც უცხოური დახმარება და გრანტები, ისევე ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული ფული მათი ახლობლებისთვის. როგორც წესი, განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი გაცილებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგანაც მეტი ადამიანია მიდრეკილი უფრო მდიდარ ქვეყნებში ეძებოს სამუშაო და ამგვარად დაეხმაროს ოჯახის წევრებს სამშობლოში. მიმდინარე ანგარიში მაშინაა უარყოფითი, როცა ამ სამი კრიტერიუმის დაჯამების შედეგად, ქვეყნიდან მეტი ფულია გასული, ვიდრე შემოსული. ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს სავაჭრო დეფიციტი 2.7%-ით შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქონლის ექსპორტი იმპორტზე მეტად გაიზარდა. ჯამში, საქართველოში 9 122.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 14.9%-ით მეტია. ექსპორტის ჯამური ღირებულება 3 362.1 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 22.9%-იან მატებას ნიშნავს. რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 7%-ით გაიზარდა 2018 წელს და 49,9%-ს მიაღწია. ამის პარალელურად, საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი შემცირდა. პირველადი მონაცემებით, 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში მთლიანი ქართული საექსპორტო პროდუქციის 21,7% გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 2%-იანი კლებაა. 2014 წელს ამოქმედდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA), რაც ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირში საქონლის უტარიფოდ შეტანის საშუალებას აძლევს, 2018 წლის მაისიდან კი ძალაშია მსგავსი შეთანხმება საქართველოს და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრებს შორის. ამისდა მიუხედავად, საქართველოს სავაჭრო დეფიციტი ამ ორი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან გაზრდილია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. ამასთან, ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი ქართველ მწარმოებლებს DCFTA-ს ამოქმედებამდეც შეეძლოთ საბაჟო გადასახადის გარეშე გაეტანათ ევროპის ერთიან ბაზარზე. 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი აზერბაიჯანია, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 15% მოდის. მას მოსდევს რუსეთი 13%-ით და სომხეთი 8,5%-ით. მიმდინარე ანგარიშის სალდოს გაუმჯობესების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი მომატებული მოთხოვნა იყო მომსახურებაზე. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მომსახურებით ვაჭრობის სალდო 10.9%-ით გაიზარდა. ზრდის ძირითადი მიზეზი გაზრდილი ტურისტული ნაკადია, რომლის ყველაზე დიდ წილსაც რუსეთიდან შემოსული ვიზიტორები შეადგენენ. ტურიზმისა და სამოგზაურო სექტორის შემოსავალმა 1,2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 12,3%-ითაა მომატებული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს დაახლოებით 720 000 ტურისტით მეტი ეწვია, ვიდრე წინა წელს. ნამატის ყველაზე დიდი წილი, კერძოდ კი 37,4% რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე მოდის, მაშინ როცა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან შემოსულმა ტურისტებმა ერთიანად 33% შეადგინეს. ჯამში, 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მას მოსდევს რუსეთი და სომხეთი. რაც შეეხება ფულად გადმორიცხვებს, 2018 წელს პირდაპირი ტრანსფერების სალდო წინა წელთან შედარებით 6.9%-ითაა გაზრდილი. |
01-04-2019
წყარო: tabula.ge
25-06-2019 ნათია თურნავა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო |
---|
05-04-2019 DEG ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში |
12-09-2022 არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა |
11-04-2019 „ვითიბი ბანკი“ გათამაშებას იწყებს |