|
2085 |
---|
გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის სამშენებლო ობიექტებზე წესები გამკაცრდება
გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის სამშენებლო ობიექტებზე წესები მკაცრდება - ამის შესახებ თბილისის მერისა და მისი მოადგილეეების მიერ სოციალურ ქსელში მიმდინარე ვიდეოდიალოგისას გახდა ცნობილი. თბილისის მერი და მერის მოადგილეები სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში, მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოქალაქე მარინა ასანიძის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ დედაქალაქში ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესებულია, რაც შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებამ გამოიწვია. თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით, ამ სფეროში არსებულ პრობლემებს თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანით - მშენებლობის ნორმების დარღვევისთვის სანქციების ათჯერ გაზრდით უპასუხა. „დასაწყისისათვის ძალიან დიდი სანქციების დაკისრება მოგვიწია სამშენებლო კომპანიებისთვის, თუმცა ბოლო პერიოდში დინამიკა ბევრად გაუმჯობესებულია და ვფიქრობ, ამას სახელმწიფოს მხრიდან იძულების სახე არ უნდა ჰქონდეს. მშენებლები თვითონ უნდა იაზრებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა მშენებლობის დროს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. მისივე თქმით, კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავება გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის დაიწყო. „კანონპროექტი პარლამენტში დღე დღეზე დარეგისტრირდება. ეს კანონპროექტი ეხება მშენებლობის დროს სამშენებლო მასალის გამოყენების, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების საკითხებს. ქალაქში მტვრის ნაწილაკების გაჩენისა და გავრცელების სერიოზული პრობლემაა და ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი სწორედ მშენებლობებია. ამ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც ჩვენ მიერ იქნა შემუშავებული, მშენებლობის ობიექტებზე გამოყენებული იქნება სპეციალური ბადეები, ღიობების შეფუთვის მოთხოვნა იქნება დაყენებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მტვერი გარემოში არ გაიფანტოს. ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ჩვენი კანონმდებლობა აქამდე ამ საკითხებს არ არეგულირებდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ. როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, მშენებლობების უსაფრთხოების გაზრდის კუთხით, განსაკუთრებული როლი ითამაშა ზედამხედველობის სამსახურის რეფორმამ. „შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია და თუ 2017 წელს საზედამხედველო ფუნქციას ემსახურებოდა 140 ადამიანი, ახლა ემსახურება 350-მდე თანამშრომელი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ინსპექტირების ფუნქცია გაძლიერდა. ჩვენ ამით ვაიძულეთ მშენებლებს, რომ დაეცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. პირველ ეტაპზე ჯარიმები გაიზარდა და ჯარიმებისგან შემოსული თანხები დიდი იყო. ეს იყო გარდამტეხი ეტაპი. თავდაპირველად ვერ გაერკვნენ რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე მოხდა მათი ადაპტირება უსაფრთხოების ახალ წესებთან მიმართებაში და ძალიან მიხარია, რომ ვითარება გაუმჯობესებულია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, ორი კვირის განმავლობაში ცნობილი გახდება ამ მიმართულებით სხვა სიახლეების შესახებაც. |
20-02-2019
წყარო: bpn
04-11-2022 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს „მწვანე ჯილდოს” კონკურსს |
---|
30-04-2019 კონკურსი საუკეთესო კვლვეითი პროექტისთვის |
13-05-2019 ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით |
25-04-2019 უნდა ჩადოს თუ არა ფული საპენსიო ფონდმა ჰესებსა და ენერგოპროექტებში |