|
1831 |
---|
აზიურ ფაროსანას „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებით შეებრძოლებიან
საკარმიდამო ნაკვეთებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში, სადაც აზიური ფაროსანას მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სადგურების ანუ ხაფანგების განთავსების ვადებსა და ადგილმდებარეობაზე აზიური ფაროსანას საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მონიტორინგის ჯგუფებთან ერთად იმსჯელა. საკოორდინაციო მართვის ცენტრში მონიტორინგის შედეგები შეაჯამეს და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. „ამ ეტაპზე, მავნებელი ჯერ კიდევ არის პასიური და მოზამთრე ფაზაშია. პირველი ეტაპის შედეგებით განისაზღვრა ის სოფლები, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ ხაფანგები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია მავნებლის რაოდენობისა და გავრცელების არეალის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის მეორე ეტაპი მოიცავს სოფლის ტერიტორიებსა და ტყის პირებზე „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“ დამონტაჟებას“, - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ. შეხვედრაზე ითქვა, რომ სადგურების დამონტაჟება ხელს შეუწყობს მავნებლის რაოდენობის შემცირებასა და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას. აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებმა მონიტორინგი საკარმიდამო ტერიტორიებსა და მიტოვებულ შენობებში ჩაატარეს. 2019 წელს სახელმწიფო აზიური ფაროსანას გასანადგურებლად და სხვა სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად 45 მილიონ ლარს დახარჯავს. |
04-04-2019
წყარო: imedinews.ge
16-05-2019 ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ |
---|
05-06-2019 კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს |
09-02-2023 ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა |
25-03-2019 მარკეტოლოგი და მენეჯერ-ანალიტიკოსი - რომელია მომავლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია |