ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა
ნავიგატორი
6576


ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001368

კონკურსის შესახებ:

პირველი კოპონენტის, ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის ღირებულების თანადაფინანსება/ანაზღაურება, ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

მეორე კომპონენტის, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება, ფარგლებში განაცხადების მიღების თარიღი განთავსდება მოგვიანებით.

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორციელდება პროექტის „საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირებისათვის“ ფარგლებში.

„მწვანე კლიმატის ფონდის“ პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიების შესამცირებლად“ ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მასში შემავალი უწყებების: სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით.

პროექტი დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, რისთვისაც ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის, შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტის ფარგლებში, ხელმისაწვდომი გახდა ენერგოეფექტური ღუმელების და ენერგოეფექტური ღუმელებისათვის განკუთვნილი ალტერნატიული საწვავის მწარმოებელი საწარმოებისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა, ასევე ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის ქვეკომპონენტი – სასურსათო და ენერგოეფექტური მრეწველობის დაფინანსებისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგის ქვეკომპონენტი სასურსათო და ენერგოეფექტური მრეწველობის დაფინანსებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელია არსებული საწარმოების გადაიარაღება ან ახალი საწარმოების შექმნა. ასევე, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში დაემატა ენერგოეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის წარმოება.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტექნიკური დახმარება და საინვესტიციო მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ენერგოეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის მწარმოებლების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა მათ განახორციელონ ინვესტიცია და გაზარდონ საკუთარი პროდუქციის წარმოება, როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის მხრივ.

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას - GIZ-ს შორის 2021 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების „ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა ენერგოეფექტური ღონისძიებების ხელშეწყობით“ ფარგლებში, რომელიც მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N2116 განკარგულებით, სააგენტო ახორციელებს ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამას, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ, ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებელი მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ენერგოეფექტური ღუმელის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის ღირებულების თანადაფინანსებას/ანაზღაურებას და მეორეს მხრივ, ენერგოეფექტური ღუმელის ღირებულების თანადაფინანსებას, საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირისთვის, რომელიც არის ერთი შინამეურნეობის წარმომადგენელი.

პროგრამის მიზანი და ამოცანები

პროგრამის მიზანია მოსახლეობის მოთხოვნის სტიმულირება ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის მიზნით.

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის) ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით.

პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა).

სოფლის განვითარების სააგენტოს გამგეობის N140 სხდომის ოქმი

პირველი კოპონენტი ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის ღირებულების თანადაფინანსება/ანაზღაურება

თანადაფინანსების მიზნობრიობა და მოცულობა

იმისათვის რომ დადგინდეს წარმოებული ენერგოეფექტური ღუმელის პროგრამის კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობა, მწარმოებელმა (მეწარმე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა) უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიის გაცემული ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის დოკუმენტი.

კომპონენტი ითვალისწინებს გაწეული ლაბორატორიული მომსახურების ღირებულების თანადაფინანსებას ან ანაზღაურებას არაუმეტეს 2,600 ლარის ოდენობით.

პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ ერთხელ დაფინანსდება/ანაზღაურდება ერთი კონკრეტული მოდელის ენერგოეფექტური ღუმელის ლაბორატორიული მომსახურება.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის ღირებულების თანადაფინანსება/ანაზღაურება)

  • პოტენციური ბენეფიციარის დირექტორის ან/და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • მომსახურების ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    • მხარეთა რეკვიზიტები;
    • მომსახურების დასახელება;
    • ჯამური ღირებულება და ვალუტა;
  • ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დამდგენი ორგანოს საბანკო რეკვიზიტები;

ევროკომისიის მიერ აღიარებული აკრედიტებული ლაბორატორიების (სერტიფიცირების ორგანოს) ინვოისის/ხელშეკრულების წარმოდგენის შემთხვევაში:

  • ევროკომისიის მიერ აღიარებული აკრედიტებული ლაბორატორიების (სერტიფიცირების ორგანოს) აკრედიტაციის/სერტიფიცირების დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
  • პოტენციური ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტ(ებ)ი.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

პროგრამაში მონაწილეობისთვის გასავლელი ეტაპები (ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის ღირებულების თანადაფინანსება/ანაზღაურება)

ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის მიზნით, პოტენციურ ბენეფიციარს (მწარმოებელს) აქვს შესაძლებლობა მიმართოს, როგორც ევროკომისიის მიერ აღიარებულ აკრედიტებულ ლაბორატორიებს (სერტიფიცირების ორგანოს), ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრს.

თანადაფინანსების ან ანაზღაურების მისაღებად მწარმოებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განაცხადი და პროგრამით განსაზღვრული დოკუმენტები.

წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს სააგენტო, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და თანმდევი დოკუმენტები არ შეესაბამება პროგრამის პირობებს, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება ხარვეზის მიზეზი . ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრულია 20 სამუშაო დღე, აღნიშნულ ვადაში, პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ გასწორებული დოკუმენტი. მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განაცხადი იქნება უარყოფილი და პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა მოხდეს ახალი განაცხადის წარმოდგენა.

იმ შემთხვევაში თუ განაცხადი შესაბამისობაშია პროგრამის პირობებთან, პოტენციურ ბენეფიციართან გაფორმდება შეთანხმება (სტუს ლაბორატორიის შემთხვევაში სამმხრივი - ბენეფიციარს, სააგენტოსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის).

შენიშვნა: სააგენტოს მიერ თანადაფინანსება/ანაზღაურება მოხდება მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ, ენერგოეფექტური ღუმელის დადგენილ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დამადასტურებელ დასკვნას.

მეორე კომპონენტი - ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება

კომპონენტის ფარგლებში, ენერგოეფექტური ღუმელების შეძენით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ თანადაფინანსება.

თანადაფინანსება შეადგენს ღუმელის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ის ენერგოეფექტური ღუმელები, რომლებიც დააკმაყოფილებენ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (პარამეტრებს).

პროგრამა ითვალისწინებს ერთ შინამეურნეობაზე მხოლოდ ერთი ენერგოეფექტური ღუმელის თანადაფინანსებას, რასაც უნდა ადასტურებდეს ბენეფიციარი განაცხადის წარმოდგენისას.

ვალდებულებები (ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება)

თანადაფინანსების მისაღებად, პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა შეასრულოს ქვემოთ მოცემული ვალდებულებები და დაადასტუროს განაცხადზე ხელმოწერით.

  • ენერგოეფექტური ღუმელის შეძენის შემთხვევაში, თანადაფინანსების მიღებამდე პროგრამის ბენეფიციარმა უნდა უზრუნველყოს ენერგოეფექტური ღუმელის მონტაჟი მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისად, განაცხადში მითითებულ შინამეურნეობის ფაქტობრივ მისამართზე.
  • თანადაფინანსების მიღების შემდეგ, არ უნდა გაასხვისოს ენერგოეფექტური ღუმელი ხუთი წლის განმავლობაში.
  • თანადაფინანსების გაცემიდან ხუთი წლის განმავლობაში, საკუთარი ნებით არ უნდა გადაიტანოს ენერგოეფექტურ ღუმელი სხვა მისამართზე, ხოლო მისამართის ცვლილების შემთხვევაში უნდა აცნობოს სააგენტოს და მოითხოვოს თანხმობა ახალ მისამართზე ენერგოეფექტური ღუმელის მონტაჟის შესახებ (გარდა მომთაბარეებისა);
  • მისი შინამეურნეობა ისარგებლებს თანადაფინანსებით მხოლოდ ერთი ენერგოეფექტური ღუმელის შესასყიდად;
  • თანახმაა თანადაფინანსების თანხა მიმწოდებელს გადაერიცხოს მისი ანგარიშიდან უაქცეპტო წესით;
  • მის საბანკო ანგარიშზე ყადაღის/ინკასოს არსებობის შემთხვევაში დააბრუნებს თანადაფინანსების სრულ თანხას.
  • გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული თანადაფინანსების თანხა.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება)

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სს „ლიბერთი ბანკს“, შეავსოს განაცხადი და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პოტენციური ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ღუმელის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    • მხარეთა რეკვიზიტები;
    • ენერგო ეფექტური ღუმელის დასახელება, მოდელი, სერიული ნომერი;
    • ჯამური ღირებულება ეროვნულ ვალუტაში;
    • მიმწოდებლის სს - ლიბერთი ბანკის საბანკო რეკვიზიტები;
  • პოტენციური ბენეფიციარის სს - ლიბერთი ბანკის საბანკო რეკვიზიტები;
  • მიღება-ჩაბარების აქტი;
  • სასაქონლო ზედნადები;
  • ენერგოეფექტური ღუმელის საგარანტიო დოკუმენტი (საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წლის ვადით) გაცემული მწარმოებლის ან/და მიმწოდებლის მიერ;
  • თანამონაწილეობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაც მითითებული უნდა იყოს გადამხდელი, თანხის მიმღები და დანიშნულება);
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტ(ებ)ი.

პროგრამაში მონაწილეობისთვის გასავლელი ეტაპები (ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება)

ენერგოეფექტური ღუმელის შესასყიდად, დაინტერესებულმა პირმა პირველ რიგში უნდა მიმართოს მწარმოებელს (რომელსაც აქვს ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის დოკუმენტი ან ახორციელებს ასეთი ტიპის ენერგოეფექტური ღუმელის რეალიზაციას) - აირჩიოს სასურველი ღუმელი და გადაიხადოს საკუთარი თანამონაწილეობის თანხა, რომელიც შესაძლოა იყოს, როგორც სესხი (მათ შორის, განვადება) ან საკუთარი სახსრები;

შესყიდვის შემდგომ, მწარმოებელი/მიმწოდებელი პოტენციურ ბენეფიციარს უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტებით (წარმოსადგენი დოკუმენტების ნაწილი):

  • ენერგოეფექტური ღუმელის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე;
  • მიღება-ჩაბარების აქტი;
  • სასაქონლო ზედნადები;
  • ენერგოეფექტური ღუმელის საგარანტიო დოკუმენტი.

შენიშვნა: მწარმოებლების/მიმწოდებლების სია განისაზღვრება მას შემდეგ, რაც მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი იქნება ენერგოეფექტური ღუმელის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის დოკუმენტი, ასევე ინფორმაცია იმ მიმწოდებლების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება მის მიერ წარმოებული ენერგოეფექტური ღუმელ(ებ)ის რეალიზაცია. მწარმოებლების/მიმწოდებლების სია გამოქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.

პოტენციურმა ბენეფიციარმა შინამეურნეობაში ღუმელი უნდა დაამონტაჟოს მწარმოებლის/მიმწოდებლის მიერ გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

თანადაფინანსების მისაღებად და განაცხადის გასაკეთებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სს „ლიბერთი ბანკს“, შეავსოს განაცხადი და ხელმოწერილ განაცხადთან ერთად წარადგინოს თანმდევი დოკუმენტები.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და წარმოდგენილი დოკუმენტები შესაბამისობაშია პროგრამის პირობებთან, სს - ლიბერთი ბანკი თანადაფინანსების თანხას (პროგრამის პირობების შესაბამისად) ბენეფიციარის ანგარიშის მეშვეობით, გადარიცხავს ენერგოეფექტური ღუმელის მწარმოებელთან/მიომწოდებელთან.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის შესაბამისობაში პროგრამის პირობებთან, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება ხარვეზის მიზეზი და მიეცემა ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი ვადა.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად, პოტენციურმა ბენეფიციარმა ბანკში უნდა წარადგინოს მხოლოდ გასწორებული დოკუმენტი.

თუ ბენეფიციარის მიერ არ იქნება გამოსწორებული ხარვეზი, განაცხადი იქნება უარყოფილი, რომლის შემდეგაც პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია სს - ლიბერთი ბანკში წარადგინოს ახალი განაცხადი.


წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

დამატებულია: 17-02-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9217 დღე;






14-07-2022

„ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა

07-05-2022

დანერგე მომავალი

11-05-2023

საგრანტო კონკურსი

29-03-2024

წლიური საგრანტო პროგრამა

29-03-2024

წლიური საგრანტო პროგრამა

14-07-2022

„ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა

07-05-2022

დანერგე მომავალი

11-05-2023

საგრანტო კონკურსი


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ