|
2447 |
---|
გიორგი ქობულია - ბელორუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის იმპორტი
ბელორუსი ჩვენი ახლო და კარგი პარტნიორია, ამ ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკას მომავალში ძალიან წაადგება. ბელორუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის, კერძოდ, კვების პროდუქტების იმპორტი, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო - ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის დასრულების შემდეგ. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, სხდომის შემდეგ მხარეების მიერ ძალიან მნიშვნელოვან ოქმს მოეწერა ხელი, რომელიც საქართველო-ბელორუსს შორის თანამშრომლობის დამატებით საშუალებებს ხსნის. მინისტრის ცნობით, სოფლის მეურნეობა, კერძოდ, კვების პროდუქტები და მეცხოველეობა, წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტის სფერო, ტექნოლოგიები და ფარმაცია - ის სექტორებია, სადაც საქართველო და ბელორუსი თანამშრომლობის გაძლიერება-გაღრმავებას გეგმავენ. მათ შორის, გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოში ბელორუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება. „ბელორუსს ასევე ძალიან ძლიერი მეცხოველეობის სექტორი აქვს, ამ მიმართულებით შეიქმნა საერთო პროექტი, კერძოდ, საქართველოში ბელორუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება, ისინი ჩვენ გადმოგვცემენ 100-ზე მეტ სპეციალური ჯიშის მსხვილფეხა საქონელს, რაც ამ სექტორის გაძლიერების და განვითარების საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. კიდევ ერთი სექტორი, სადაც ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს და მომავალში კიდევ უფრო მეტად გეგმავს ამ თანამშრომლობის გაღრმავებას, წარმოებაა. გიორგი ქობულიას განცხადებით, საუბარი შეეხო ტრაქტორების და ლიფტების ერთობლივ წარმოებას, რაც საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველო-ბელორუსს თანამშრომლობის ასევე ძალიან დიდი პერსპექტივები აქვთ ტრანსპორტის და ტექნოლოგიების სექტორში. „ესაა როგორც სატვირთო გადაზიდვები, ასევე ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გავაიაფოთ ბელორუსიდან პირდაპირი რეისები, რათა იქიდან უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში. ასევე მოლაპარაკება ვაწარმოეთ ტექნოლოგიების დარგში - საქართველოს და ბელორუსის ტექნოლოგიურმა ცენტრებმა მოილაპარაკეს თანამშრომლობაზე, ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, თანამშრომლობის ასევე დიდი პოტენციალია - ბელორუსს აქვს ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქცია“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. საქართველო-ბელორუსი ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ მედიცინის სფეროში - გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოში იხსნება ფარმაცევტული საწარმო, სადაც იწარმოება ის პრეპარატები, რომელთა იმპორტიც აქამდე ბელორუსიდან ხდებოდა. „საქართველოში ჯი-ემ-პი სტანდარტების შემოღებასთან 2021 წლიდან იქნება ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ საქართველომ აქ წარმოებული პრეპარატების ექსპორტიც კი გააძლიეროს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიაწოდეს. |
21-03-2019
წყარო: bpn.ge
18-02-2019 ბლოგპოსტების კონკურსი მოსწავლეებისთვის |
---|
19-04-2019 საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათით გადახდებს განახორციელებენ |
27-03-2019 ქალთა როლი ეკონომიკურ ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში |
02-04-2019 საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - დავით წიკლაურმა საბჭო დატოვა |