„50 უცხოელი ვიზიტორიდან 3-4 ნადირობის სურვილს გამოთქვამს“ – აქვს თუ არა საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების პოტენციალი
ნავიგატორი
1499


„50 უცხოელი ვიზიტორიდან 3-4 ნადირობის სურვილს გამოთქვამს“ – აქვს თუ არა საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების პოტენციალი

საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის „ოჩოპინტრე“ გამგეობის წევრმა ნუკრი მახარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტურისტების მხრიდან დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ქვეყანაში ჩამოსული ყოველი 50-დან 3-4 ვიზიტორი ნადირობის სურვილს გამოთქვამს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობა და ინფრასტრუქტურა არ არსებობს, მათ ვერაფერს ვთავაზობთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამონადირეო ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობა რამდენიმე დღის წინ პარლამენტშიც გაიმართა. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, ქვეყანაში სამონადირეო ტურიზმი უნდა განვითარდეს და ამ მიმართულებით ბევრი ტურისტის მოზიდვა მოხდეს.

„მოგეხსენებათ, სამონადირეო ტურიზმი რიგი ქვეყნებისათვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ყოფილი საბჭოთა ბლოკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პრობლემა არა ნადირობაში, არამედ სწორ მართვაშია. ისეთი ბიომრავალფეროვნების ლანდშაფტის ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ამ მიმართულებით გაცილებით უფრო აქტიური უნდა იყოს. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ტურისტი უნდა იყოს მოზიდული. ამას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა სჭირდება, რაშიც მხარდაჭერა მინდა გამოგიცხადოთ“, - მიმართა ზაზა ხუციშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.

სწორედ კანონმდებლობის აუცილებლობაზე საუბრობენ მონადირეები და ტურიზმის სპეციალისტებიც. როგორც მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის - „ოჩოპინტრე“ გამგეობის წევრი ნუკრი მახარაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თუკი ქვეყანას შესაბამისი კანონი და ინფრასტრუქტურა არ ექნება, დარგის განვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

„პრობლემები ძალიან დიდია, რომელიც ინფრასტრუქტურისა და კანონის არარსებობას უკავშირდება. პირველ რიგში, კანონი ნადირობის შესახებ უნდა გაიწეროს, რადგან თუ ობიექტი არ გეყოლება, რომელზეც უნდა ინადიროს ქვეყანაში ჩამოსულმა ტურისტმა, ისე, აზრი არ ექნება არაფერს. უნდა გამოიყოს კვოტა, რომელიც გაიცემა სამონადირეო მეურნეობებზე, რათა ტურისტებს საშუალება მიეცეთ, რომ ინადირონ.

გარდა ამისა, არ გვაქვს სამონადირეო მეურნეობები. ტურისტს მარტო მონადირება და ხორცი არ უნდა, მას სჭირდება შებამისი პირობები, კომფორტი და მომსახურება, რომელიც სამწუხაროდ, არ გვაქვს“,-აცხადებს ნუკრი მახარაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენცილი აქვს და თუკი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მზაობა იქნება, ტურისტებისთვის ეს დარგი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გახდება. მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსული 50-დან ვიზიტორიდან 3-4 ნადირობის სურვილს გამოთქვამს.

„მე ვფიქრობ, ქვეყანას სამონადირეო ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მისი სწორად განვითარებაა საჭირო. ამისთვის აუცილებელია ინვესტიციები და სახელმწიფო ს მხრიდან მონდომება. დაინტერესება აბსოლუტურად ყველა ქვეყნიდან მოდის, მაგალითად, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მაღალი რანგის დელეგაციები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები. ყოველი 50 ვიზიტორიდან 3-4 კაცი მონადირეა, ინტერესდებიან, თუმცა სამწუხაროდ, პირობები არ გვაქვს და ვერაფერს ვთავაზობთ“,-აცხადებს ნუკრი მახარაშვილი.

ქვეყანაში სამონადირეო ტურიზმის განვითარების დიდ პოტენციალზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძეც. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, დარგის სწორად მართვისა და განვითარების შემთხვევაში, ნადირობა შესაძლოა, ტურისტების მოზიდვისა და ეკონომიკისთვის შემოსავლის კარგი წყაროც კი გახდეს.

„ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, მაგალითად, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ეს მიმართულება ძალიან განვითრებულია და ტურისტებიც საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ფლორა-ფაუნის გათვალისწინებით, სამონადირეო ტურიზმის განვითრების ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. თუმცა, რეგულაციები მაქსიმალურად უნდა იყოს ეკოტურიზმის და ტურისტული ეკოსისტემის დაცვის და კონსერვაციის ფარგლებში გაწერილი. ამასთანავე, უნდა არსებობდეს კონკრეტული მეურნეობები, რომელიც იზრუნებს ცხოველების მოშენებაზე. მე ვფიქრობ, სამონადირეო ტურიზმის სწორად განვითრების შემთხვევში, ეს შესაძლოა, გახდეს ქვეყნისთვის კარგი შემოსავლის წყარო, თუ რა თქმა უნდა, შესაბამისი ინფრასტრუქტურაც იარსებებს“,-აცხადებს მაია სიდამონიძე.

რაც შეხება დაინტერესებას, როგორც მაია სიდამონიძე აღნიშნავს, კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, კონკრეტულად რამდენი ტურისტი შემოდის სამონადირეო დანიშნულებით. თუმცა მისი თქმით, მაგალითად, ემირატებიდან, დუბაიდან და ა.შ.საკმაოდ დიდი დაინტერესება მოდის და ისინი ამისთვის საკამოდ დიდ თანხებსაც იხდიან.

25-03-2019

წყარო: bpn.ge

11-11-2022

ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის დეტალები გააცნეს

11-04-2019

სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით SOCAR-ი მოამარაგებს

03-05-2019

„თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?! - ის, რომ მშპ იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს“

05-04-2019

DEG ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში

05-04-2019

DEG ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში

11-11-2022

ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის დეტალები გააცნეს

11-04-2019

სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით SOCAR-ი მოამარაგებს

03-05-2019

„თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?! - ის, რომ მშპ იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს“


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ