|
1543 |
---|
აზიის განვითარების ბანკი - საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ნაკლებად დივერსიფიცირებულია
შედარებით მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ნაკლებად დივერსიფიცირებულია - ამის შესახებ აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის აზიის განვითარების მიმოხილვაში, რომელიც ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ექსპორტი რამდენიმე პროდუქტზეა კონცენტრირებული და მშპ-ის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI), საქართველოსთვის კაპიტალის მნიშვნელოვანი წყაროა, დაბალი შიდაინვესტიციებისა და შეზღუდული დანაზოგების გამო, რაც 2005 წლიდან 2018 წლამდე თითქმის სამჯერ გაიზარდა. თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად არსებულ შრომა-ინტენსიურ საქმიანობაზე მოდის, ვიდრე ეკონომიკის უფრო კომპლექსურ და შემოსავლიან სფეროებზე, როგორიცაა მაგალითად წარმოება. „დივერსიფიცირებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით დაბრკოლებას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რომელთაც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა უშვებს. შეზღუდული ცოდნისა და მომზადების მქონე მუშახელი რჩება დაბალი პროდუქტიულობის სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, რაც იწვევს კვალიფიციური და მცოდნე კადრების ნაკლებობას წარმოებასა და სხვა საქმიანობებში, რომლებშიც პროდუქტის კომპლექსურობა უფრო დიდია. ასევე დივერსიფიცირების დანერგვა დაკავშირებულია შედარებით მეტ ლოგისტიკურ ხარჯთან და იმპორტის კუთხით დოკუმენტურ შესაბამისობასთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა მიმზიდველი ბიზნესგარემოს შესაქმნელად, ის მაინც ჩამორჩება კვლევების ხელშეწყობისა და განვითარების, ასევე მუშახელის გადამზადების და ინოვაციების პოპულარიზაციის კუთხით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშში, საქართველომ 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი დაიკავა განათლების სისტემის ხარისხის მიხედვით და 85-ე ადგილი ინოვაციების შესაძლებლობების კუთხით. შეუსაბამო განათლების მქონე მუშახელი წარმოადგენს ბიზნესის კეთების ძირითად შეზღუდვას. მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა მუშახელის უნარების კუთხით არსებული შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად. 2018 წელს მთავრობამ შეიმუშავა ახალი და ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს განათლების ყველა დონეზე სწავლის ხარისხის გაზრდას. გარდა ამისა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაერთი რეფორმა განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავს საერთო და პროფესიული განათლების ინტეგრირებას ასოცირებული ხარისხის პროგრამების შექმნისა დაპროფესიული მომზადების ხელშეწყობის მიზნით. სამინისტრომ შეიმუშავა სამუშაო ადგილზე სწავლების მოდელი და კერძოდ ჩატარებულ სასერთიფიკატო პროგრამებს სთავაზობს სახელმწიფო აკრედიტაციას. პროგრამა სახელწოდებით "ციფრული საზოგადოება"აფასებს შრომის ბაზარზე არსებულ ტენდენციებს და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანალიზისა და ცვლილებების შეთავაზების უნარს. გარდა ამისა, მთავრობა მუშაობს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებაზე ისეთი ინსტიტუტებისთვის, რომლებიც სთავაზობენ ტექნიკურ და პროფესიული განათლებასა და ტრენინგებს, და ასევე სურს განახორციელოს ტექნიკური კოლეჯების მართვის აუთსორსინგი. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია მუშახელის უნარჩვევების განვითარება საინფორმაციო, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების პოპულარიზაციის და მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიასა და მათემატიკაში ტრენინგების შეთავაზების გზით. იგი ხელს უწყობს ინოვაციური პროდუქტების განვითარებას, შემოქმედებითი პროექტების საწყისი დაფინანსებით და ხელს უწყობს უნივერსიტეტებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობას კვლევისა და განვითარების მიმართულებით. აღნიშნული რეფორმები ეხმარება ელექტრონული ბიზნესისა და ელექტრონული კომერციის განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დივერსიფიკაციას. კერძო სექტორის მეტი ჩართულობა ხელს შეუწყობდა მეწარმეების მომზადებას, რაც თავის მხრივ მეტ ქალს წაახალისებდა ბიზნეს საქმიანობაში ჩართვისაკენ“, - აღნიშნულია მიმოხილვაში. |
04-04-2019
წყარო: bpn.ge
25-02-2019 ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი გრძელდება 2 000-მდე კანდიდატმა გასაუბრება უკვე გაიარა |
---|
01-03-2023 ტყე ჩემი მეგობარია: კონკურსი საუკეთესო სცენარისთვის |
25-03-2019 „50 უცხოელი ვიზიტორიდან 3-4 ნადირობის სურვილს გამოთქვამს“ – აქვს თუ არა საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების პოტენციალი |
14-03-2019 ხვალიდან გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სკი კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს |