ისტორიული საკუთრებიდან იურიდიულ სტატუსამდე – “ნენსკრა ჰიდრო“ სვანებს მიწის რეგისტრაციაში ეხმარება
ნავიგატორი
1502


ისტორიული საკუთრებიდან იურიდიულ სტატუსამდე – “ნენსკრა ჰიდრო“ სვანებს მიწის რეგისტრაციაში ეხმარება

სვანეთში, კერძოდ ჭუბერის თემში, ნენსკრას ხეობის მაღალმთიან სოფლებში, მიწის საკუთრების საკითხი წლების განმავლობაში გადაუჭრელი იყო. თითოეულმა მოსახლემ ზუსტად იცოდა მისი ისტორიული საკუთრება, თუმცა იურიდიული სტატუსი არ ჰქონდათ.

აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივებს „ნენსკრა ჰიდრო“ ეხმარება, რომელიც ხეობაში უპრეცედენტო პროექტის – ნენსკრას ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.

კომპანიამ ადგილობრივი თემის განვითარებისთვის რამდენიმე მიმართულებით აიღო სოციალური პასუხისმგებლობა და ერთ–ერთი და უმნიშვნელოვანესი სწორედ ისტორიულ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოებია, რასაც ადგილობრივები სრულიად უსასყიდლოდ იღებენ.

რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ პროცედურებს ადგილობრივი მოსახლეობის და რა სარგებელს მისცემს მათ საკუთრების იურიდიულ ჩარჩოებში მოქცევა – ამ და სხვა დეტალებზე ,,პირველი" „ნენსკრა ჰიდროს“ მიწაზე უფლების მოპოვებისა და კომპენსაციის ოფიცერს კობა გაგნიძეს ესაუბრა.

– როდის დაიწყეთ ეს პროექტი?

– მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი მარტში დავიწყეთ. ჩვენ ვეხმარებით მოსახლეობას მიწის რეგისტრაციისთვის საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მომზადებაში, რაც ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტია იმისთვის, რომ მიწა დაარეგისტრირო. თუმცა, მათ სხვა პროცედურაც აქვთ გასავლელი. მათ უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა რეგისტრაციის შემდგომი პროცედურები გაიარონ. ჩვენ უკვე ამ პროცესში ჩართულები არ ვართ, ვინაიდან ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს მოიცავს. გარდა საკადასტრო-აზომვითი ნახაზისა, რომელსაც უსასყიდლოდ გადავცემთ მათ, ვუწევთ კონსულტაციას შემდეგი პროცედურების შესახებ. ანუ ვის, როგორ და სად უნდა მიმართონ, რომ მიწა საბოლოოდ დაირეგისტრირონ.

– მიწის რამდენი ნაკვეთია დღეისათვის აზომილი?

– ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ ორივე ხეობა მოვიცვათ. ანუ მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობაში ასაზომი მიწის ჯამური რაოდენობა დაახლოებით არის 450 ჰა და მოიცავს 400 საოჯახო მეურნეობას. ჩვენ მათ ყველას გავუწევთ მომსახურეობას, თუ მათი სურვილი იქნება. დღევანდელი მდგომარეობით უკვე აზომილია 115 ჰა მიწის ფართობი, რისთვისაც 200-მდე საკადასტრო-აზომვითი ნახაზი მომზადდა და ეს სერვისი გავუწიეთ 90 საოჯახო მეურნეობას.

– აღნიშნულ მომსახურებას მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში უწევთ მოსახლეობას?

– დიახ, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს, რომ რა წამს მიწის მესაკუთრე ან პოტენციური მესაკუთრე მიმართავს საჯარო რეესტრს, მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის აღიარების კომისიას, მათ შეუძლიათ გაიარონ პროცედურები და დაარეგისტრირონ მიწა უფასოდ. სახელმწიფომ უზრუნველჰყო, რომ ეს პროცედურა არის უფასო. თუმცა, საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მომზადების ნაწილი ცოტა გაურკვეველია და რატომ – გამომდინარე რეგიონიდან, მათთვის ძალიან რთულია წვდომა ისეთ კომპანიებზე, რომლებიც ამ დოკუმენტს მოამზადებენ. ეს არის ან ზუგდიდში ან მესტიაში და, შესაბამისად, ზოგიერთი კომპანია ერთი კონკრეტული მესაკუთრის გამო, ვერ უზრუნველყოფს ადგილზე მისვლას. ჩვენ შევქმენით სპეციალური ჯგუფი და იქ ჩავედით. დავდივართ კარდაკარის პრინციპით ოჯახების მიხედვით და ვისაც სურვილი აქვს, ვავსებთ შესაბამის ფორმებს, დგება განრიგი და შემდეგ მივდივართ საველე სამუშაოების შესასრულებლად. გეოდეზისტი ზომავს მიწას, მზადდება ნახაზი, რის შემდეგაც გადავცემთ მესაკუთრეებს.

– რატომ დადგა ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობა?

– ჰესის პროექტის დაწყებას, ბუნებრივია, ესაჭიროება გარკვეული ფართობის მიწის ნაკვეთი და უნდა მოვიპოვოთ მასზე უფლება შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. ერთ-ერთი მთავარი პრომლება სწორედ ისაა, რომ მოსახლეობას არ აქვს მიწები რეგისტრირებული და შესაბამისად არ ფლობენ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს. ინიციატივა წამოვიდა მათგან, რომ დავხმარებოდით ამ პროცესში. ამ პროექტის ფარგლებში მიწის საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მომზადების ვალდებულება ჩვენ იმ ოჯახებისთვის ავიღეთ, ვინც ნენსკრას პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ხვდებოდნენ. თუმცა, როცა დავინახეთ მათი სოციალური მდგომარეობა, საჭიროება და სურვილი, გადაწყდა, რომ ეს, როგორც ცალკე პროექტი, ისე ჩამოგვეყალიბებინა და ის დღეს უკვე მთელ ხეობაზე ვრცელდება.

– იმ ოჯახებისთვის, ვინც ნენსკრას პროექტის ზემოქმედების ფარგლებში არ ხვდებოდნენ, მიწის რეგისტრაცია ნიშნავს თუ არა ამ მიწების კაპიტალიზაციის ზრდას?

– დიახ, რა თქმა უნდა, ნიშნავს. ამ პროექტის განხორციელების კიდევ სხვა მიზეზებიც არსებობდა, რასაც მინდა ხაზი გავუსვა. გარდა იმისა, რომ მიწების რეგისტრაცია სჭირდებათ, მათ თავისი გარკვეული მიზნებიც ამოძრავებთ. რადგან ამ პროექტით სხვადასხვა სოციალური პროექტი ხორციელდება, მაგალითად როგორიცაა სხვადასხვა სამეურნეო პროცესებში მხარდაჭერა. იმისთვის, რომ მათ რაიმე სახის კომერციული საქმიანობა აწარმოონ, აუცილებელია მიწა რეგისტრირებული იყოს მათ საკუთრებაში. ეს ასევე საჭიროა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას და ა. შ. მიწის რეგისტრაცია მათ მომავალში მისცემს საშუალებას, დაიწყონ სხვადასხვა ტიპის კომერციული საქმიანობა და მიიღონ დამატებითი შემოსავალი.

– როგორია მოსახლეობასთან კომუნიკაციის ფორმები და რამდენად არის მათგან მზაობა?

– კომუნიკაციის მრავალმხრივი ფორმა გვაქვს შერჩეული, იმისთვის რომ უფრო კომფორტული გავხადოთ მათთვის ჩვენთან ურთიერთობა. როდესაც ვიწყებდით, იყო საჯარო განხილვა-კონსულტაცია, სადაც მთელი ხეობის მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია და დავაგზავნეთ ასევე ტექსტური შეტყობინებები, ისინი პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ. შემდეგ უკვე კარდაკარ დავდიოდით, როცა ჩვენი თანამშრომელი უკვე დამატებით აცნობს ოჯახებს პროექტის შესახებ ინფორმაციას, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მიწის რეგისტრაციით. ასევე გვაქვსსაინფორმაციო ბროშურები , რომლებზეც ასახულია, თუ რა სერვისს ვთავაზობთ და ა. შ. იმის გამო, რომ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის გზას დავადექით, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილები.

„ნენსკრა ჰიდროს“ პროექტების ბენეფიციარი

აღნშნული პროექტის ერთ–ერთი ბენეფიციარია 64 წლის ლამარა დევდარიანი, რომელიც სოფელ ზედა მარღის მკვიდრია. მან თავის დროზე სოფელში საკუთარი ძალებით ააშენა დაწყებითი სკოლა, სადაც დღემდე მუშაობს – ლამარა დევდარიანი ზემო მარღში ერთადერთი პედაგოგია და ერთადერთი ბავშვის აღზრდითაა დაკავებული.

„მიწის აზომვებისა და დასაკუთრების პროექტი ძალიან დამეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია აქ ვცხოვრობ, არქივში რომ მივედი, გამქრალი იყო ჩემი საბუთები და უამრავი რამე სჭირდებოდა რეგისტრაციას, სასამართლოები და ასე შემდეგ. ეს პროექტი ძალიან დამეხმარა, აღიარებითში გამიშვეს, გამიკეთეს ნახაზი. ფართობი 4 000 კვადრატულ მეტრზე მეტია. ჩემი მშობლების აქ ცხოვრობენ, მერე გადასულები ვიყავით აფხაზეთში და ომის დროს ისევ უკან მოვბრუნდით“, – მოგვითხრობს ლამარა დევდერიანი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რას სარგებელს მიიღებს მიწის რეგისტრაციით, პროექტის ბენეფიციარმა აღნიშნა: „მე მშვენიერი ყანა მაქვს, ყველაფერი მომყავს აქ. შემიძლია გავყიდო კიდეც მოსავალი, 2 ძროხა მყავს და ყველაფერი მაქვს საკმარისი. ახლა უძრავი ქონება მაქვს და შემიძლია სესხი ავიღო, სათბურებს ჩავდგამ, ვფიქრობ კიდეც ამის გაკეთებას. ამიტომ, თუ დარეგისტრირებული არ მაქვს მიწა ,არაფერს არ მაძლევენ. ვერც გავწევრიანდები ვერსად, ვერც კოოპერატივებში. ამიტომ მიწის რეგისტრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ყველასთვის და ყველა მადლიერია ამის გამო. თითქმის ყველამ ისარგებლა ამ პროგრამით, ცოტაა დარჩენილი და ისინიც დაირეგისტრირებენ მიწებს. აქ ძალიან დიდი პოტენციალია ტურიზმისთვის, სერფინგისთვის არაჩვეულებრივი პირობებია. ზამთარში აქედან სოფელ ლარილარამდე სრიალებენ ბიჭები“.

თუმცა, პრობლემები ამ მაღალმთიან სოფელში კიდევ რჩება და მათი ერთბაშად აღმოფხვრა, რთული რელიეფისა და ბუნებრივი პროცესების გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია. სოფელში, სადაც ზამთარში თოვლის საფარის სიმაღლე ხშირად 3 მეტრს აღწევს, მოსაწესრიგებელია გზა და განსაახლებელია ელექტროგამანაწილებელი ქსელები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ადგიოლობრივები დიდ იმედებს სწორედ „ნენსკრა ჰიდროზე“ ამყარებენ, კომპანიაზე, რომელიც კიდევ რამდენიმე მიმართულების სოციალურ პროექტებს და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს ამ მაღალმთიან დასახლებაში.

05-07-2019

წყარო: pia.ge

20-02-2019

თურქეთიდან იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი 24%-ით შემცირდა

25-03-2019

„50 უცხოელი ვიზიტორიდან 3-4 ნადირობის სურვილს გამოთქვამს“ – აქვს თუ არა საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების პოტენციალი

30-05-2019

„ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს"

04-03-2019

უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება

04-03-2019

უცხოელს, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს, მისი დაუმუშავებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები დაეკისრება

20-02-2019

თურქეთიდან იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი 24%-ით შემცირდა

25-03-2019

„50 უცხოელი ვიზიტორიდან 3-4 ნადირობის სურვილს გამოთქვამს“ – აქვს თუ არა საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების პოტენციალი

30-05-2019

„ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს"


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ