რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები
ნავიგატორი
1708


რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ხუთი წლის მინიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში 1,2 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 34,9%-ით ნაკლებია 2017 წლის მონაცემზე. "საქსტატი" ინვესტიციების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის არის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში, ასევე, უცხოელი ინვესტორების მიმართ სასესხო დავალიანების დაფარვა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ფინანსურ სექტორში შემოვიდა, მას მოსდევს ტრანსპორტი, ენერგეტიკა, დამამუშავებელი მრეწველობა და მშენებლობა. თუმცა ამ უკანასკნელში, 2017 წელთან შედარებით, ინვესტიციები 35%-ით არის შემცირებული.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - ნათქვამია, ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო და ასეა ამ შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, რაც მეტია უცხოური ინვესტიცია, მით უკეთესია ეკონომიკისთვის, მეტი სამუშაო ადგილი იქმნება და განვითარების მეტი პერსპექტივაა, მაგრამ ეს მაინც ზოგადი წარმოდგენაა. უცხოურ ინვესტიციებს რომ ჯადოსნური კვერთხის ძალა არა აქვს, შემდეგი შედარებითაც დასტურდება: ჩინეთის ეკონომიკა შარშან 6,6%-ით, ხოლო ამერიკის მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. მოსახლეობის ერთ სულზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ჩვენ (330 დოლარი) დაახლოებით სამჯერ ვუსწრებთ ჩინეთს (100 დოლარზე ცოტა მეტი), ხოლო ამერიკაში თითქმის 1.000 დოლარია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი ინვესტიციების მოცულობის ზრდით არ განისაზღვრება. მართალია, შარშან 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 35%-ით ნაკლები ინვესტიცია მივიღეთ, მაგრამ ეკონომიკური ზრდა დაახლოებით იგივე - 5%-იან ნიშნულზე გვქონდა.

განსაზღვრული საინვესტიციო დატვირთვა აქვს ასევე უცხოეთიდან საქართველოში ფულად ტრანზაქციებს. თუ წლების წინ ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენილი ოჯახების ფიზიკური არსებობის შენარჩუნებაზე მიდიოდა, დღეს ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი შემოდის ბიზნესის განვითარებისთვის, უძრავი ქონების შესაძენად, განათლებაში ინვესტირებისთვის და ა.შ... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება მინდა აღვნიშნო:

როცა ასე განვიცდით ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას, რატომ ვერ მოხერხდა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონამდე ლარის ათვისება?! ეს თანხა ბიუჯეტში უკვე განსაზღვრული და გაწერილი იყო და ჩვენ კი მივტირით, რატომ არ შემოიტანეს უცხოელებმა მეტი ფულიო.

ეს ფული რომ ათვისებულიყო, მულტიპლიკატორული ეფექტის გათვალისწინებით, საშუალება გვექნებოდა, ეკონომიკა დაახლოებით 1%-ით გაგვეზარდა, ხოლო ბიუჯეტში ამ პროექტების განხორციელება იმ თანხაზე არანაკლებს მოიტანდა, რამდენის მობილიზებაც ამ ეტაპზე საპენსიო სააგენტომ შეძლო. ლაპარაკია დაახლოებით 100 მილიონ ლარზე.

- სტატისტიკის სამსახურმა და ხელისუფლებამ ინვესტიციების შემცირების რამდენიმე მიზეზი დაასახელეს. თქვენ რას გამოყოფდით ამ მიზეზებს შორის?

- მსოფლიოში სწრაფად იცვლება გარემოებები და შესაბამისად, ინვესტიციების შემცირებასაც რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის არის გარე ფაქტორებიც. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკამ დოლარის გაძვირებას შეუწყო ხელი, რაც განაპირობებს უცხოეთიდან ამერიკაში კაპიტალის შედინებას, თან არა მარტო ინვესტიციების სახით, არამედ ფასიანი ქაღალდების შესაძენად. შესაბამისად, თავისუფალი დოლარის მასა, რომელიც შეიძლებოდა წასულიყო სხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვნად შემცირდა.

მეორე გარე ფაქტორი ის არის, რომ არა მარტო საქართველომ, არამედ სულ უფრო მეტმა ქვეყანამ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს სამეზობლოშიც, ისწავლეს ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობებისა და სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნა და პოტენციურ ინვესტორებსაც უფრო ფართო არჩევანი აქვთ. ამიტომ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, რათა უფრო მომხიბლავი გავხადოთ საქართველო და მისი საინვესტიციო გარემო უცხოელი ინვესტორებისთვის. ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვან შიდა ფაქტორსაც: ჯერ ერთი, სამშენებლო სექტორში რეგულაციების გამკაცრებამ გარკვეულწილად შეზღუდა ინვესტიციების მოცულობა. ამას გარდა, ბევრი უცხოელი ინვესტორის საქმიანობა საქართველოში იმდენ ხანს გრძელდება, რომ უკვე საქართველოს რეზიდენტები გახდნენ.

ეს აისახება რეინვესტირების მაჩვენებელზეც, რომლის აბსოლუტური მოცულობა შედარებით ნაკლებად, დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული. გულზე ხელს ვერ დავიდებ და ვერ დავიჩემებ, რომ უძრავ ქონებაში ინვესტიციების განახევრება უარყოფითი მოვლენაა. მედალს ორი მხარე აქვს და თუ ამ საკითხს სახელმწიფოს ინტერესებიდან შევხედავთ, მაინცდამაინც ცუდ მოვლენად არ უნდა ჩაითვალოს. თუმცა შემცირება სოლიდურია - 92 მილიონ დოლარზე მეტი ერთ წელიწადში.

დადებითზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. კერძოდ, გაიზარდა ინვესტიციები რეალურ სექტორში, განსაკუთრებით გამოვყოფდი მრეწველობას, სადაც ზრდა დაახლოებით 39%-ია. ყველაზე მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტი კი სწორედ რეალურ სექტორში დაბანდებულ ინვესტიციებს აქვს, რადგან ეს ქმნის სამუშაო ადგილებს და გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს მათ შენარჩუნებას როგორც კონკრეტულ დარგში, ასევე მასთან დაკავშირებულ სექტორებშიც. სოფლის მეურნეობაში ადგილი აქვს ინვესტიციების ზრდას, მართალია მცირედით, ჯამში 3-3,5 მილიონი დოლარით, მაგრამ ტენდენცია მაინც დადებითია. აღსანიშნავია, რომ ერთ წელიწადში ჯამურად დაახლოებით 46%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან და სამხრეთ კორეიდან. ამ ქვეყნებს სოლიდური ანალიტიკური ცენტრები აქვთ და რეკომენდაციას არ აძლევენ ისეთ ქვეყანას, სადაც გაურკვევლობაა მოსალოდნელი. თავად ის ფაქტი, რომ ასეთმა ქვეყნებმა მნიშვნელოვნად, თითქმის 1,5-ჯერ გაზარდეს ინვესტიციები საქართველოში ერთი წლის განმავლობაში, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, საქართველოს წილი მთელი მსოფლიოს უცხოურ ინვესტიციებში დაახლოებით ხუთჯერ დიდია, ვიდრე საქართველოს ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს ეკონომიკა მაინც დიდი მიმზიდველობით სარგებლობს ინვესტორთა შორის და პერსპექტივა, რომ ეს შენარჩუნდება, საკმაოდ მყარია. არ მინდა თავზე ნაცარი წავიყაროთ, რადგან მდგომარეობა დინამიკურია. ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი ჭადრაკის პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის სისტემაში და უნდა შევძლოთ შეცვლილ გარემოებებზე სწრაფი რეაგირება და ადაპტირება. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დაველოდოთ არა მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებს, არამედ შიდაენდოგენურ ძალებსაც, რომელთაც დიდი პოტენციალი აქვთ საიმისოდ, რომ საქართველო უკეთესად წარმოჩნდეს როგორც საკუთარი მოსახლეობის წინაშე, ისე მსოფლიო ასპარეზზე.

- ძირითად ინვესტორ ქვეყნებში გვხვდება რამდენიმე ოფშორი, მათ შორის პანამა, საიდანაც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია. როცა ლაპარაკია მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებულ ფულად სახსრებზე, ეს კარგია თუ ცუდი?

- არახალია, რომ ბევრი ქვეყნიდან შემოტანილი ინვესტიციები გარკვეულწილად რეპატრიაციაა სხვადასხვა მიზეზით საქართველოდან ადრე გატანილი კაპიტალის. ამ შემთხვევაში, რაც მეტი კაპიტალი დაბრუნდება საქართველოში, მით უკეთესი. თვით ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა პოლიტიკა, რომელიც, ხატოვნად რომ ვთქვათ, "ჩემი ოქრო - ჩემთან" პრინციპს ეფუძნება და ინვესტორებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამგვარ პოლიტიკას დროდადრო მიმართავს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის რამდენჯერმე ასე მოიქცნენ იტალია და ყაზახეთი. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, რა თქმა უნდა, დასავლეთში სიფრთხილით ეკიდებიან პოლიტიკისა და ეკონომიკური ძალაუფლების კავშირს და უფრო სასურველი იქნებოდა, ეს კაპიტალი თავისუფალი იყოს პოლიტიკური ზეწოლისგან და პირიქით, არ ახდენდეს ზეგავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

- მაშინ, როცა ინვესტიციების შემცირების მიზეზთა შორის სახელდება ისეთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის დასრულება, როგორიც გაზსადენის მშენებლობაა, ხომ არ იქნებოდა ყურადსაღები ხელისუფლებისთვის, ყველა ღონე იხმაროს და ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მეორე პროექტით ჩაანაცვლოს, ანუ ხელი შეუწყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას?

- ინვესტიციებს ახასიათებს დროში შემოსაზღვრულობა, პერიოდულობა, ანუ აქვს დაწყებისა და დასრულების გრაფიკი. ამიტომ ერთი მსხვილი სრულმასშტაბიანი პროექტის დასრულებისთანავე, ან მანამდე, ხელისუფლებამ ახალი პროექტის დაწყებას უნდა შეუწყოს ხელი. ანაკლიის პორტის საკითხი აქტუალურია, ყურსაც სჭრის და თვალსაც, მაგრამ მას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მისასვლელი გზები, ტვირთბრუნვის გაზრდა, რაც დიდი პრობლემაა საქართველოს ეკონომიკისთვის. საჭიროა ახალი ტვირთების მოძიება. ამიტომ, რომ იტყვიან, ეს ამძრავი ღვედია, რომელმაც შესაძლოა ეკონომიკის სხვა დარგებიც აიყოლიოს. საქართველოს სუსტი საგზაო ინფრასტრუქტურა აქვს და მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველო დაიქსელოს ისეთი მაგისტრალური გზებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მართლაც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას შესძენს. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო მეტ ყურადღებას დაუთმობს ამ საკითხებს.

18-03-2019

წყარო: bpn.ge

27-08-2019

კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი sme და სტარტაპ სექტორისთვის

25-06-2019

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ კერძო სექტორთან პრობლემების აღმოსაფხვრელად

11-04-2019

„ვითიბი ბანკი“ გათამაშებას იწყებს

21-03-2019

ლონდონს ბრექსიტის გამო ტრილიონი სტერლინგის აქტივები ტოვებს

21-03-2019

ლონდონს ბრექსიტის გამო ტრილიონი სტერლინგის აქტივები ტოვებს

27-08-2019

კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი sme და სტარტაპ სექტორისთვის

25-06-2019

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ კერძო სექტორთან პრობლემების აღმოსაფხვრელად

11-04-2019

„ვითიბი ბანკი“ გათამაშებას იწყებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ