გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა...
ნავიგატორი
2494


გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა...

საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებული ადამიანების ინფორმირებას პროგრამის ფარგლებში სესხის აღების პირობების, პროცედურებისა და ეტაპების შესახებ.

 

პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი კომპანიების  წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და სხვა ოფიციალური პირები.

 

„დღეიდან ვიწყებთ სემინარებისა და ვორქშოპების სერიას, რომლითაც გვსურს, ბიზნესით დაინტერესებულ პირებს განვუმარტოთ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პრინციპები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დასახმარებლად, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე, რაც დღეს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაუდგება თავდებში იმ ბიზნესს, ვისაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ აიღოს სესხი. წელს პროგრამისთვის 20 მილიონი ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული, რომელიც, იმედი გვაქვს, მოგვცემს საშუალებას, რომ ბანკებმა დამატებით გასცენ დაახლოებით 250 მილიონამდე სესხი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ მედიის წარმომადგენლებთან.

 

საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა  „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, რომელიც განახორციელებს სქემის ოპერირებას  და მონიტორინგს.  სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება გახორციელდება ბანკის მიერ.

 

პროგრამის საკრედიტო-საგარანტიო სქემის მიზანია  ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა,  დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები (სრულად ან ნაწილობრივ), ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.  საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდუალური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში.

 

სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა  შეადგენს 10 წელს.  სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს.

 

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის  მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს.

 

საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

 

საქართველოს საკრედიტო-საგარანტიო სქემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, თანხვედრაშია ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან და ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს.  სქემის დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.

 

სქემის გამჭვირვალობის, ნდობის და მმართველობის ხარისხის გასაძლიერებლად შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ზედამხედველობას და შედეგების მონიტორინგს.

01-04-2019

წყარო: reportiori.ge

03-06-2019

აშშ-ის საელჩო: “ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”

11-08-2022

სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება

18-01-2024

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა

09-02-2023

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

09-02-2023

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

03-06-2019

აშშ-ის საელჩო: “ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”

11-08-2022

სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება

18-01-2024

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ