|
2439 |
---|
თიბისი უზბეკეთის გადახდის პლატფორმა Payme-ს ყიდულობს
თიბისი, უზბეკეთში, გადახდის პლატფორმა Payme-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, როგორც თავად ამბობენ, 70%-ით ზრდიან მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურებიან. „განხორციელებული ტრანზაქცია შესაბამისობაშია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა“. როგორც თიბისი ბანკში ამბობენ, Payme უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. მათივე თქმით, სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული mPOS დისტანციური გადახდების და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. „გარდა ამისა, Payme წარმოადგენს ზოგიერთი უზბეკური ბანკის სესხების საბაზრო პლატფორმას. პლატფორმა, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა, დაახლოებით, 70%-ით გაიზარდა“. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ Payme-ის შესყიდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა უზბეკეთში დაგეგმილი გაფართოების მიმართულებით. „ამით, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 3.5 მილიონამდე იზრდება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს მივიღოთ პირდაპირი წვდომა ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ჩვენი ციფრული სიძლიერის გამოყენებებით სიახლე შევიტანოთ უზბეკეთის ბაზარზე. Payme-სთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ გადახდების ბიზნესის გაფართოვებას და Payme-ის, როგორც ქვეყნის ახალი ეკოსისტემის განვითარების პლატფორმად გამოყენებას. მოხარული ვარ, Payme-ის წარმატებულ გუნდთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველი ამ გუნდთან მუშაობის დაწყებას, ჩვენი პარტნიორების სასარგებლოდ უზბეკეთში ბანკის სტრატეგიის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით“. თიბისი ბანკთან თანამშრომლობაზე საუბრობს Payme-ის მმართველი დამფუძნებელი როზმატოვ სარვარ ნაზრულაიევიჩი: „მოხარული ვართ რეგიონში წამყვან ბანკთან პარტნიორობით, რომელსაც განვითარებული ციფრული შესაძლებლობები და დაინტერესება გააჩნია უზბეკეთთან მიმართებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად ჩვენ კომპანიას გადავიყვანთ შემდეგ ეტაპზე და ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ ახალ, თანამედროვე გადაწყვეტილებებს და მომსახურებებს“. ამ ტრანზაქციის პროცესში, თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი – Baker & McKenzie LLP, ადგილობრივი იურიდიული მრჩეველი კი CentilLaw იყო. ბანკის სტრატეგია უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარებაა. „ამჟამად, თიბისი უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკ Space-ზე დაყრდნობით ავითარებს“. |
11-04-2019
წყარო: marketer.ge
14-10-2022 დაიწყო ევროკავშირის პროგრამა, Culture Moves Europe და პირველი კონკურსი ინდივიდუალური მობილობისთვის |
---|
06-03-2019 სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება და დონორები თანამშრომლობენ საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემების გასაუმჯობესებლად |
13-01-2023 საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს |
18-10-2019 კონფერენცია „პირველადი წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარი“ |