|
1531 |
---|
დღეიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილი ელექტროენერგიას საბაზრო ფასად შეისყიდის
1-ლი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა ეძლევა, ელექტროენერგია ბაზარზე საბაზრო ფასად შეისყიდონ. აღნიშნული მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას შეამსუბუქებს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყება.
„პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოები საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული კომპანიები არიან. ისინი ქმნიან საქართველოს ეკონომიკის დიდ ნაწილს, არიან უმსხვილეს დამსაქმებლებს შორის. ჩვენ თითოეულ მათგანთან ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებას ენერგობაზარზე ისინი მომზადებული შეხვდნენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოები ორიენტირებული არიან, გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა. ნათია თურნავას თქმით, რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ტექნოლოგიური გადაიარაღების პროგრამებზე, რომლის შედეგადაც ისინი ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას შეძლებენ. ბაზრის დერეგულირებამ მათ მისცა დამატებითი სტიმული, რომ მეტი იფიქრონ ენერგოეფექტურობასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.
„პირადად ვაპირებ უახლოეს პერიოდში ვეწვიო რეფორმის მონაწილე თითოეულ ქართულ ინდუსტრიულ საწარმოს და ადგილზე გავეცნო, როგორ ემზადებიან, გახდნენ ენერგოეფექტურები. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ მათ არა მხოლოდ ენერგეტიკული საკითხების გადაწყვეტაში დავეხმაროთ, არამედ რაშიც შეგვეძლება, გვერდში ამოვუდგეთ. ქართული წარმოების მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი არის და იქნება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმული გახდება იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი.
,,ვფიქრობ, ამ რეფორმით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინებისთვის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. |
01-05-2019
წყარო: pia.ge
18-07-2019 ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით (WEE) |
---|
10-04-2019 ამერიკა ევროკავშირს 11 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტზე ახალ ტარიფებს დაუწესებს |
23-02-2019 საბავშვო ხალიჩების მწარმოებელ ჩეხურ კომპანიას წარმოება საქართველოში გადმოაქვს |
17-07-2019 საინფორმაციო შეხვედრა Ict ტენდერის ფარგლებში |