|
1461 |
---|
სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში „ახალგაზრდობა ევროპისთვის“ საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ
საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის 50-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში - „ახალგაზრდობა ევროპისთვის“. გამარჯვებულები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ დააჯილდოვა. დებატების მიზანი იყო ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო პროცესებში, მათი ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე და ასევე, ახალგაზრდებში დებატების უნარ-ჩვევების განვითარება. საქართველოს პარლამენტის წევრებითა და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის (სსდა/EDAG) წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ დებატების გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: მარიამ ხორბალაძე (თსუ) და ნიკა ბრაჭული (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), მეორე ადგილი დაიკავეს: მამუკა ჯუღელმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დავით ხუციშვილმა (თსუ), ხოლო დებატების საუკეთესო სპიკერად ნესტან ვარშანიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დასახელდა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, სსდა/EDAG-ის ორგანიზებით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. „ამ პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა ევროკავშირის, ევროპული ინტეგრაციის პროცესის და პარლამენტის საქმიანობის შესახებ გაიღრმავეს ცოდნა და ამასთან, გაუღვივდათ ინტერესი დებატების ტექნიკის მიმართ. ძალიან კარგია, რომ ჩვენი ახალგაზრდები სტუდენტობიდან ეუფლებიან არგუმენტირებული დებატების ხელოვნებას, სწავლობენ განსხვავებული აზრის მიღებას, ოპონენტის პატივისცემას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს და იმედი მაქვს, ისინი მომავალშიც აქტიურად გამოთქვამენ საკუთარ პოზიციას ყველა მათთვის და ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხზე“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ. სტუდენტური საპარლამენტო დებატები საქართველოს პარლამენტის მიერ ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია. ამ აქტივობის ფარგლებში, მონაწილე 50-მა სტუდენტმა გაიარა ინტენსიური ტრენინგი დებატების უნარ-ჩვევებში; მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა პარლამენტის წევრებთან და დარგის ექსპერტებთან ესაუბრათ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების სარგებელსა და გამოწვევებზე. |
13-05-2019
წყარო: parliament.ge
23-03-2023 სამინისტრო ესეების კონკურსს ატარებს |
---|
03-04-2023 სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - რეგიონები |
23-12-2022 Study in Berlin - MBA & International Master’s Programmes |
24-04-2019 გამოფენა ქართველი პროდუქტ დიზაინერებისთვის |