|
1547 |
---|
ანაკლიის კონსორციუმი: თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ქალაქ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წერს, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მედიიდან შეიტყვეს: „დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ მიმდინარე წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში“ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ)“, - ნათქვამია განცხადებაში. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელს უწოდებს: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC-თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა“, - ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“, - ნათქვამია განცხადებაში. ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა. „ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!“, - დაწერა ხაზარაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ფოთის მერიამ გაავრცელა. მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს. შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. მიმდინარე წლის 7 მაისს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის მშენებარე პორტის ტერიტორია დაათვალიერა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა. რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნახეთ ამ ბმულზე. |
30-05-2019
წყარო: imedinews.ge
08-04-2019 ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს |
---|
11-04-2019 გიორგი ქობულია - ეკონომიკური ატაშეების მუშაობა მიბმული იქნება საელჩოებთან, რადგან ეს კოორდინაცია უფრო ეფექტიანი მექანიზმია |
26-07-2019 პროგრამაში საკრედიტო–საგარანტიო სქემა ქვეყნის 12 უმსხვილესი ბანკი ჩაერთო |
17-07-2019 NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს |