„საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა: დასრულებული და მიმდინარე პროექტების მიმოხილვა
ნავიგატორი
2311


„საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა: დასრულებული და მიმდინარე პროექტების მიმოხილვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეისწავლა. „საპარტნიორო ფონდი" 2011 წელს დაარსებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც სრულად სახელმწიფო საკუთრებაშია. „ფონდის” პორტფელში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც „ფონდის” ინვესტიციების წილი 330 მლნ დოლარია.

„ფონდის” საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: ა) აქტივების მართვა და ბ) საინვესტიციო საქმიანობა.„საპარტნიორო ფონდის” შემოსავლების ძირითად ნაწილს ხუთი სახელმწიფო კომპანიის აქტივები წარმოადგენს. 

2014-2017 წლებში „ფონდის” აქტივები 16%-ით გაიზარდა, კაპიტალი კი 13%-ით შემცირდა. 2017 წელი „ფონდმა” 482 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2014-2017 წლების ჯამური ზარალი კი 528 მლნ ლარი იყო. 2017 წლის ზარალით დასრულება „საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქტივების გაუფასურების ხარჯმა - 633 მლნ ლარმა განაპირობა. 

2017 წელს „ფონდმა” მის აქტივებში შემავალი კომპანიებიდან დივიდენდის სახით 27.3 მლნ ლარი მიიღო, ხოლო 2016 წელს - 12.7 მლნ ლარი. „ფონდი” დივიდენდს მაშინ იღებს, როდესაც ბენეფიციარ კომპანიას მოგება რჩება. 

ვინაიდან „ფონდის” შემოსავლის ძირითადი წყარო რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს აქტივები და მის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან მიღებული დივიდენდებია, „ფონდის” ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური და  არაპროგნოზირებადია, ეს კი „ფონდს” მეტწილად სესხებზე დამოკიდებულს ხდის. 

2019 წლის მონაცემებით, „ფონდის” მიერ მხარდაჭერილი 14 პროექტი არის დასრულებული, ხოლო 5 პროექტი მიმდინარეა. ამ პროექტებიდან რამდენიმე შესაძლო კორუფციის კუთხით გარკვეულ კითხვებს აჩენს.

„საპარტნიორო ფონდის” მხარდაჭერილ ორ პროექტს -  ქართული სანაშენე ღორის ფერმა და კერამიკული აგურის ქარხანა - საერთო ბენეფიციარი ჰყავს. კერძოდ, ვასილ ბაბლუანი ორივე პროექტში მონაწილე კომპანიებში ფლობს წილს. გარდა ამისა, ამ ორი პროექტის ბენეფიციარ კომპანიებთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა 2013-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 200 000 ლარამდე შესწირეს.

„ფონდის” ერთ-ერთი დასრულებული პროექტი წინანდლის სასტუმრო Radisson Collection-ია. ამ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „სილქ როუდ“ ჯგუფია (Silk Road Group S.A.), რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილია. „სილქ როუდ“ ჯგუფი ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა. 

„საპარტნირო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის კიდევ ერთი ბენეფიციარი - შპს „იტონგ კავკასუსი“ პარლამენტის წევრთან - ივლიანე წულაიასთან არის დაკავშირებული. წულაია და მისი ბიზნეს პარტნიორები სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მსხვილი დონორები არიან. კერძოდ, მათ 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 700 000 ლარზე მეტი შესწირეს.

„საპარტნიორო ფონდის” სტაბილური საინვესტიციო საქმიანობისთვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

  • „ფონდი” არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო კომპანიების მოგებაზე და გარკვეულ ზღვრებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოს დაფინანსება.

  • პირველი რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, „საპარტნიორო ფონდმა”, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებამ, ყოველ საბიუჯეტო წელს უნდა წარუდგინოს მთავრობას და პარლამენტს მიმდინარე და მომავალი საინვესტიციო პროექტების დეტალური ანგარიში, რის საფუძველზეც დაუმტკიცდება მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის „ფონდზე” საპარლამენტო ზედამხედველობას და მის ანგარიშვალდებულებას.

  •  „ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება „საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

  • „საპარტნიორო ფონდმა” საკუთარ ვებგვერდზე უფრო მეტი ინფორმაცია უნდა განათავსოს დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.

11-07-2019

წყარო: საერთაშორისო გამჭირვალობა

14-11-2022

ტრენინგი - ციფრული უსაფრთხოება და ეთიკური მედიაგაშუქება

13-05-2019

სიცილიაში სახლები აუქციონზე იყიდება - საწყისი ფასი 1 ევროა

26-02-2019

მეორადი საბურავების, ჯართის და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება და რეალიზაციის წესების დარღვევა დასჯადი ხდება

24-11-2021

სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი

24-11-2021

სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი

14-11-2022

ტრენინგი - ციფრული უსაფრთხოება და ეთიკური მედიაგაშუქება

13-05-2019

სიცილიაში სახლები აუქციონზე იყიდება - საწყისი ფასი 1 ევროა

26-02-2019

მეორადი საბურავების, ჯართის და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება და რეალიზაციის წესების დარღვევა დასჯადი ხდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ