ბიძინა გეგიძე: “სათამაშო ბიზნესზე მსჯელობისას დასალაგებელია რა უფრო პრიორიტეტულია - ადამიანი თუ ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი“
ნავიგატორი
1934


ბიძინა გეგიძე: “სათამაშო ბიზნესზე მსჯელობისას დასალაგებელია რა უფრო პრიორიტეტულია - ადამიანი თუ ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი“

სახელმწიფო კვლავ ვერ თუ არ ახერხებს სათამაშო ბიზნესის გაკონტროლებას. დღემდე უცნობია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოფიციალური სტატისტიკა, არც ის იცის არავინ, ამ პრობლემის გამო, რამდენმა მოთამაშემ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, რამდენი დარჩა უსახლკაროდ და რამდენი გაიქცა უცხოეთში ვალების დასაფარად. სამაგიეროდ, ვიცით, რომ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით „მმართველი გუნდის“ მიერ მომზადებული კანონები უკვე წლებია საპარლამენტო თაროებზეა შემოდებული. ვიცით ისიც, რომ ვიდრე ხელისუფლება ჭარბვალიანობას საბანკო რეგულაციებით ებრძვის და ამ გზით ხშირად ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება ეზღუდებათ, სათამაშო ბიზნესი ამ დროს გამოსავალს პოულობს ...მის გაკონტროლებაზე კი არც არავინ ფიქრობს. 

 

  • შეინარჩუნე კონფიდენციალობა 

  • შესრულებული ტრანზაქცია არ ჩანს საბანკო ამონაწერში

  • პირველი ბარათი გადმოგეცემა უფასოდ

  • გატანის საკომისიო შეადგენს 0 პროცენტს

 

ეს „უხილავი“ პლასტიკური ბარათებია, რომელიც სათამაშო ბიზნესმა მოიფიქრა და შექმნა. ეს არის გზა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად, გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს და გაზრდის საბანკო რისკებს. როგორც „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე განმარტავს, ახალი ტიპის ბარათების გამოშვების მიზეზი ონლაინ აზარტული თამაშების მოთამაშეების მიმართ გამკაცრებული პოლიტიკაა.

„ბანკებში შავი სია არსებობს იმ ადამიანების, ვისაც კავშირი აქვს აზარტულ თამაშებთან და მათ სესხის აღება ეზღუდებთა. თუმცა ახლა გახდა ცნობილი, რომ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა ახალი პროდუქტი დანერგეს, რომელიც რეალურად საბანკო ბარათის სრული ალტერნატივა არ არის, მაგრამ ბარათის გამოყენებით საფინანსო ინსტიტუტი ვერ გაიგებს იმას, ბარათზე ბრუნვა გაქვთ თუ არა. კომპანიები ამ გზით ცდილობენ ახალი მომხმარებლები მოიზიდონ. როგორც ჩანს, აზარტული თამაშების მომხმარებელთა დიდ ნაწილს ბანკთან ურთიერთობისას პრობლემა შეექმნათ, ეს სამორინეების მფლობელებმაც გაიგეს და დანერგეს ბარათების სისტემა, რომელიც მოერგო იმ რეალობას, რაც საქართველოშია.  ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთან, რომელიც აზარტული თამაშებით არის გატაცებული, უკვე სარისკოა “,- აცხადებს გიორგი კეპულაძე.

გიორგი კეპულაძის განმარტებით, უხილავი ბარათების შექმნა არის მარკეტინგული ხერხი იმისთვის, რომ სათამაშო ბიზნესმა მომხმარებლები არ დაკარგონ. ექსპერტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ მათი შემოსავლის 10%-ზე მეტს აზარტულ თამაშებზე ხარჯავენ, ბანკი მათზე სესხს აღარ გასცემს.

„ერთადერთი წამალი ამ მდგომარეობიდან არის ის, რომ ჩვენ მომხმარებლებს შევახსენოთ, რომ მათ პრობლემები შეექმნებათ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობისას და ისინი სესხს ვერ მიიღებენ. სახელმწიფომ საგანმანათლებლო როლი უნდა შეასრულოს, ახალგაზრდებს უნდა უთხრას, რომ აზარტული თამაშებით მოგებული საბოლოოდ არავინ რჩება. თუ ადამიანებს ექმნებათ სრული ინფორმაცია პრობლემის შესახებ, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩაერთონ თუ არა მომგებიან თამაშებში. ალბათ ჭარბვალიანობის ყველაზე დიდი საფრთხე ვისაც ემუქრება, არინ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან რისკავენ საკუთარი ფინანსებით და სწორედ ასეთია აზარტული თამაშების მოყვარული. ცოტა უცნაურად ჩანს ისიც, რომ ფინანსური ინსტიტუტების ნაწილი ამ ბარათების შემქმნელებთან თანამშრომლობენ, რადგან სხვადასხვა ბანკის ბანკომატებში თანხის განაღდება შესაძლებელია,“- განმარტავს გიორგი კეპულაძე.

როგორ აფასებს სათამაშო ბიზნესის ახალ გამოგონებას „მმართველი გუნდი“ და ახდენენ თუ არა რეაგირებას ჭარბვალიანობის შენიღბულ მექანიზმზე ამ კითხვით „კომერსანტმა“ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს და „აზარტული თამაშობების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორ ბიძინა გეგიძეს მიმართა.   

„ზუსტად ამას ეხება რეკლამის შეზღუდვაზე კანონპროექტი, ადამიანები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა სივრცეში, რომ არ იყოს რეკლამა, რომელიც თვალს იტაცებს და ადამიანს იწვევს სათამაშოდ. ესეც ერთ-ერთი და არა ერთადერთი დამცავი საშუალებაა. ჩემს კოლეგებთან ერთად უნდა განვიხილო „უხილავი ბარათების“ სკითხი. პირდაპირ გეტყვით, მე არ მომწონს სათამაშო ბიზნესის ეს იდეა, თუმცა ამ საკითხსაც გავივლით, ყურადღებით და გულისხმიერად გავერკვევით, რადგან ახლა ზედაპირულად მაქვს ინფორმაცია“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე.

„კომერსანტის“ კითხვაზე უმოქმედობით მმართველი გუნდი ხელს ხომ არ უწყობს აზარტული თამაშების გავრცელებას, გეგიძე პასუხობს, რომ ხელისუფლებამ ორ პრიორიტეტულ საკითხს შორის -  ადამიანსა და ბიუჯეტს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.

„ასე ვერ ვიტყოდი, არა იმიტომ რომ დიპლომატიურ კონტექსტში გადავდივართ,  უბრალოდ,  არის ბევრი მინუსები და პლუსები. მინუსებში ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანას აქვს ბიუჯეტი და ის შესავსებია, ბანალურად გამომდის მაგრამ, ეს ასეა. ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო არის აზარტული თამაშები. სათამაშო ბიზნესზე მსჯელობისას დასალაგებელია რა უფრო პრიორიტეტულია -  როცა ამდენი ახალგაზრდა ადამიანი სიღარიბისკენ მიექანება, რადგან აზარტული თამაშებითაა შეპყრობილი თუ ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი. აქ უნდა მიიღოს მთავრობამ სწორი, სამართლიანი, პრაგმატული გადაწყვეტილება“, — განმარტავს ბიძინა გეგიძე.

როგორც ცნობილია, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებდა, რომ „აზარტული თამაშობების რეკლამის აკრძალვის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული. ბიძინა გეგიძე იზიარებს გოგიჩაიშვილის აზრს და აცხადებს, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის პრეროგატივაა, რომელი კანონპროექტი გავა სესიაზე განსახილველად.

 „ მგონია კანონპროექტის მიღება დროში გაიწელა, არ ვაპირებ ტრაფარეტულად ვთქვა, რომ ბევრი კანონპროექტია რიგში.  კობახიძე არის პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პრეროგატივაა რომელი კანონპროექტი როდის და რა სისწრაფით გამოვა განსახილველად. პროცედურებს სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. მაგრამ პრიორიტეტებზე შესაძლოა იყოს განსხვავებული აზრები  -  მაგალითად გოგიჩაიშვილისთვის და გარკვეული დეპუტატებისთვის აზარტულ თამაშების შესახებ რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ერთ-ერთი პრიორიტეტულია, მაგრამ შეიძლება ზოგისთვის მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარისთვის ეს არ იყოს პრიორიტეტული. ეს კანონი დიდი ხანია გაჩერებულია და ეს არ არის პოზიტიური მოვლენა“, — განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

22-03-2019

წყარო: commersant.ge

04-05-2019

ბიტკოინის ღირებულება ერთ დღეში 6%-ით გაიზარდა

28-02-2019

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ

19-08-2019

ხულო FEST

02-05-2019

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

02-05-2019

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

04-05-2019

ბიტკოინის ღირებულება ერთ დღეში 6%-ით გაიზარდა

28-02-2019

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ

19-08-2019

ხულო FEST


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ