|
| 1797 |
|---|
„უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შეზღუდვა დარგში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს“
| ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ზამბახიძის შეფასებით, უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის შეზღუდვა დარგში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს.ამის შესახებ ზამბახიძემ 2018 წლის FDI-ის შემცირებული სტატისტიკის კომენტირებისას განუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დაახლოებით, 16 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 3.5 მლნ-ით აღემატება, ფაქტია, დარგი უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებადაა მიმზიდველი. „რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არ არის კარგი ის ფაქტი, რომ FDI 34.9%-ით შემცირდა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ჩვენს შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში მიწასთან დაკავშირებულ პრობლემებს დავასახელებ, რაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბიზნესის ოპერირებაში აფერხებს. თუ ჩვენ სოფლის მეურნეობაზე ვისაუბრებთ, ეს ქვეყნისთვის რეალურად დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა ზამბახიძემ. როგორც ცნობილია, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობა აეკრძალათ. შეგახსნებთ: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. არსებული მონაცემით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5-წლიან მინიმუმზე ფიქსირდება. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლოს 2013 წელს დაფიქსირდა და 1 020.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატი და ასევე, საქართველოს მთავრობა 2018 წელს FDI-ის შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის ასახელებს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვა). |

22-03-2019
წყარო: commersant.ge
|
16-05-2019 თბილისში დღეს ქართულ-ლიბანური ბიზნესფორუმი გაიმართა |
|---|
|
20-11-2019 Las Vegas couture show |
|
04-10-2021 აღმოაჩინე სოციალური მეწარმეობა სომხეთში |
|
22-03-2019 შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტის მართველი კომიტეტის მე-4 სხდომა გახსნა |