"უჩინარი" ბარათების საიდუმლო - „ამ ბარათების გამოცემის მიზანია, კომერციულ ბანკებს დაუმალონ ბრუნვა"
ნავიგატორი
2378


"უჩინარი" ბარათების საიდუმლო - „ამ ბარათების გამოცემის მიზანია, კომერციულ ბანკებს დაუმალონ ბრუნვა"

"კომერციული ბანკები უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ, რატომ არის მთელი ქალაქი მოფენილი სათამაშო ბიზნესის ბილბორდებით, სადაც მთავარი გზავნილია ითამაშონ ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგოს"

ბოლო დროს სათამაშო ბიზნესმა მასობრივად დაიწყო მომხმარებლისთვის პლასტიკური ბარათების შეთავაზება და მათი აგრესიული რეკლამირება საჯარო სივრცეში. როგორც საბანკო საქმის სპეციალისტები ამბობენ, ამ ბარათებით მომხმარებლის იდენტიფიცირება რთულდება და მისი საშუალებით შესრულებული ტრანზაქცია საბანკო ამონაწერში არ ჩანს. ამით სათამაშო ბიზნესი მომხმარებლებს ფულადი ანგარიშების მართვას დაფარული არხებით სთავაზობს. ამასთან, ამ ბარათებით შესაძლებელია ბანკომატებში ფულის განაღდება უპროცენტოდ, საბანკო ტერმინალებით გადახდა და, რა თქმა უნდა, ონლაინთამაშებში მონაწილეობა. მეტად დაინტერესებისთვის სათამაშო ბიზნესი ამ ბარათებს მომხმარებელს უფასოდ გადასცემს.

ანალიტიკოსების აზრით, ასეთი სათამაშო ბარათები ქმნის რისკებს, რომ ბანკების გვერდის ავლით განხორციელებული ტრანზაქციები გაუმჭვირვალე და უკონტროლო აღმოჩნდეს. ამ გზით შესაძლებელია ანგარიშსწორება არალეგალური საქმიანობისთვისაც.

მოგეხსენებათ, ფინანსური ინსტიტუტები მოთამაშეებისთვის სესხის მიცემას ერიდებიან, "უხილავი" ბარათებით კი აზარტულ თამაშებში ჩართული პირების შესახებ ეს ინსტიტუტები ვერაფერს შეიტყობენ.

რას ამბობს ეროვნული ბანკი

სათამაშო ბიზნესის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პლასტიკური ბარათების შესახებ ჩვენ საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) მივმართეთ და დავინტერესდით, როგორ აკონტროლებს ამგვარ ბარათებზე თანხების ბრუნვას და რამდენად მაღალია ასეთი ტრანზაქციების დროს არალეგალური ფულის ბრუნვის რისკები? ეროვნული რეგულატორისგან შემდეგი წერილობითი პასუხი მივიღეთ:

"საქართველოში საგადახდო ბარათების გამოშვების უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს და ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ბარათები არის არა სათამაშო ბიზნესის მიერ გამოშვებული, არამედ გამოშვებულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ. ამ ბარათების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია სათამაშო ბიზნესიდან საკუთარი ფულადი სახსრები გადაიტანოს პროვაიდერთან არსებულ ბარათზე და შემდეგ განახორციელოს სხვადასხვა ოპერაცია.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მომხმარებელთა იდენტიფიცირებისთვის იგივე ვალდებულება აქვთ დადგენილი, რაც კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, როგორც ბანკის, ისე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ბარათის ყველა მფლობელი სათანადოდ იდენტიფიცირებულია, მიუხედავად იმისა, დატანილია თუ არა მისი სახელი ბარათზე. ასევე აღსანიშნავია, რომ პროვაიდერის მიერ გამოშვებული ბარათით განხორციელებული ოპერაციები აღირიცხება პროვაიდერის ელექტრონულ სისტემაში და ჩანს შესაბამის ამონაწერში, ისევე როგორც საბანკო ბარათით განხორციელებული ოპერაციები აღირიცხება ბანკის სისტემაში და ჩანს შესაბამის ამონაწერში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ გამოშვებული ბარათები არ არის საკრედიტო ბარათები. შესაბამისად, მათი ფლობა მომხმარებელს ვალის ტვირთს ვერ გაუზრდის. ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის კუთხით სებ-ის რეგულაციები და პროცედურები შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან".

უკონტროლო ტრანზაქციების რისკი

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება­ და ბანკების" დამფუძნებელი: "კომერც­იული ბანკები კაზინოში მოთამაშეებს დიდად არც აქამდე ენდობოდნენ, თუმცა­ ბოლო დროს განსაკუთრებით გამკაცრდა მათი პოლიტიკა და იმ მომხმარებლებს­, რომელთაც ანგარიშზე აქვთ ჩარიცხვ­ები ან გადარიცხვები სხვადასხვა ონლ­აინკაზინოდან თუ ტოტალიზატორიდან, სესხის დამტკიცებაზე უარს ეუბნებიან. სათამაშო ბიზნესმა საპასუხოდ საკუთარი პლასტიკური ბარათები შექმნა და თანხის ბრუნვა საბანკო ამონაწერებში არ ჩანს. ბარათებს შესაბამისი სახელებიც მოუფიქრეს: "უხილავი", "ინკოგნიტო", "ზერო" და სხვ. მათი რეკლამირებისას მთავარი, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ, არის კონფიდენციალურობა და საბანკო ამონაწერებში აუსახველობა. ეს ყველაფერი გაართულებს მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, გაზრდის საბანკო რისკებს და უფრო მეტ მოქალაქეს აქცევს ჭარბვალიანად.

სათამაშო ბიზნესმა შუამავალი კომპანიის საშუალებით დაამზადა ბარათები,­ რომლებმაც მათ ე.წ. ელექტრონული საფულე შეუქმნეს. ეს აპრობირებული პრაქტიკაა ბონუსქულების დასაგროვებ­ლად, მაგრამ როცა ელექტრონულ საფულეში რეალური ფული ინახება, ეს უკონტროლო ტრანზაქციების ჩატარების რისკებს ქმნის.

სათამაშო ბიზნესში­ ძალიან დიდი ფული ბრუნავს და ამ თან­ხის მცირე ნაწილიც რომ აღმოჩნდეს ჩრდილში, ეს დააზარალებს არა მხოლოდ ბიუჯეტს, არამედ ეკონომიკასაც. განსაკუთრებით ჩვენი ფინანსური სისტემისთვის იქნება დამაზიანებელი.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ბარათები სრულიად უკონტროლოა და შექმნილია მაქინაციებისთვის, ფულის გათეთრებისთვის, თუმცა ამგვარი საფრთხე ნამდვილად არსებობს. ამ ბარათების გამოცემის მიზანია, კომერციულ ბანკებს დაუმალონ ბრუნვა, რომელიც შესაძლებელია ჰქონდეთ ფიზიკურ პირებს სათამაშო ბიზნესში. გასაგებია, რომ ეროვნულ ბანკსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ შეამოწმონ ნებისმიერი პლასტიკური ბარათის მფლობელის ბრუნვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის შესაძლებლობა აქვთ კომერციულ ბანკებსაც. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ფიზიკური პირების ანგარიშების მონიტორინგით ნაკლებად არის დაკავებული და მისი საკონტროლო სივრცე სწორედ კომერციული ბანკებია. შესაბამისად, თუ კომერციული ბანკები ვერ ხედავენ ამ თანხების ბრუნვას, ფიზიკური პირების ანგარიშებში ქექვას ეროვნული ბანკი ნამდვილად არ დაიწყებს, ხოლო ის, რომ ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სათამაშო ბიზნესის მიერ შეთავაზებული ბარათი, რომელიც საბანკო ამონაწერებში არ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ შეუძლიათ აიღონ სესხი ბანკიდან და შემდეგ წააგონ ის აზარტულ თამაშებში, რაც მოსახლეობის ჭარბვალიანობისა და შესაბამისად, გაღარიბების რისკს უფრო ზრდის. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი შეიძლება იყოს მშვიდად, რადგან ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ ბარათებზე ხელი მიუწვდება, მაგრამ კომერციული ბანკები, ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ, რატომ გააქტიურდა ასე სათამაშო ბიზნესი და რატომ არის მთელი ქალაქი, ფაქტობრივად, მოფენილი მათი ბილბორდებით, სადაც მთავარი გზავნილია ითამაშონ ისე, რომ ვერავინ გაიგოს ამის შესახებ. არც მიკვირს, რომ პარლამენტმა ჩააგდო სათამაშო ბიზნესისთვის სარეკლამო აქტივობის შემზღუდველი კანონი. ამ ბიზნესს ბევრი ლობისტი ჰყავს, მათ შორის, მედიასაშუალებებისა და სარეკლამო ბიზნესის სახით, რადგან სათამაშო ბიზნესი მათთვის დიდი შემოსავლის წყაროა. რა თქმა უნდა, ეს თქვენ არ გეხებათ, რადგან "პალიტრამედიამ" უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და წლების წინ თქვა უარი სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე. სამწუხაროა, რომ სხვებს ნაკლებად აინტერესებთ ადამიანური ტრაგედიები, რომლებიც ამ შემოსავლების უკან დგას".

რისთვის ემზადება სათამაშო ბიზნესი?

ზურაბ კუკულაძე, ანალიტიკოსი: "გასაგებია, რომ თუ დადგება საჭიროება და სახელმწიფო მოსთხოვს პროვაიდერებს სათამაშო ბიზნესზე გაცემული პლასტიკური ბარათების ამონაწერს, ასეთი ინფორმაცია იარსებებს, მაგრამ ეს პრობლემას არ ხსნის. ეროვნული ბანკი არ და ვერ აკონტროლებს სათამაშო ბიზნესში არსებულ ტრანზაქციებს და ამგვარი ბარათებით გადარიცხვები ბანკებისთვის საკრედიტო რისკებს ზრდის. ბანკებს ვერ ექნებათ წვდომა ასეთ ტრანზაქციებზე, რადგან ეს ინფორმაცია ინახება აზარტული თამაშების მომწყობი კომპანიების ბაზებში. შესაბამისად, ასეთ დროს რთულდ­ება ფულის გაკონტროლება. თუ ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს აზარტული თამაშების პლასტიკურ ბარათებზე ფულის ბრუნვას ისე, როგორც საბანკო ტრანზაქციებს, შესაძლებელია ეს ინფორმაცია სათამაშო ბიზნესიდან გამოითხოვოს საგადასახადო უწყებამ, მაგრამ უნდა არსებობდეს კონკრეტული საფუძველი­ ან სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ პოსტ ფაქტუმ.

პრობლემა კი იმდენად მწვავედ დგას, ამგვარი­ ცალკეული შესაძლებლობები სურათს ვერ შეცვლის. მეორე პრობლემა ის არის, რომ სათამაშო ბიზნესის მიერ გამოშვებული ბარათები აგრესიულად შემოდის და საბანკო ბარათებს ანაცვლებს. ონლა­ინკაზინოების წარმომადგენლები ცდილობენ ახალ რეალობას მოერგონ და ეს განწყობა კომპანიების ბოლოდროინდელ ქცევებში ჩანს. აზარტულმა ონლაინთამაშებმა ქვეყანაში განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო 7-8 წელიწადში მოიპოვა იმის ხარჯზე, რომ სათამაშო ბიზნესმა აზარტული თამაშები საზოგადოებას შესთავაზა როგორც ცხოვრების სტილი და შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული საქმიანობა. ცდილობენ სწორედ ასე ჩანერგონ ხალხის ცნობიერებაში აზარტული ონლაინთამაშები და არა როგორც გართობის საშუალება. სწორედ ამის ხარჯზე ხდება აზარტულ თამაშებში მოსახლეობის მასობრივად ჩართვა, თამაშზე დამოკიდებულების გაძლიერება, რაც კოლოსალური შემოსავლების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

კომპანიები ასეთი შემოსავალზე უარს არ იტყვიან და თადარიგს იჭერენ, რომ თუ შეზღუდვებს დაუწესებენ, მოთამაშეებთან მისასვლელი გზები მაინც გამონახონ. ვაითუ, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგება გადაწყვიტოს და შეზღუდვები დააწესოს, ამიტომ შეეცდებიან, მზად იყვნენ ყველაფრისთვის. სწორედ ამით აიხსნება ე.წ. უჩინარი პლასტიკური ბარათების შეთავაზებაც. ხალხს უქმნიან ყველა პირობას, რომ ნებისმიერი რეგულაციისა თუ სხვა შეზღუდვის მიუხედავად, თამაში ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. მომხმარებელს სთავაზობენ, დაფარულ ანგარიშზე ჰქონდეს მიბმული ყველა სხვა საბანკო ბარათი და ნებისმიერი ტრანზაქცია სწორედ ამ ანგარიშიდან მართოს. ამგვარი ხრიკით მთელი მათი ფინანსები კაზინოსთვის იქნება მიბარებული.

თუ ამას არავინ შეუშალა ხელი, ის 500 ათასი კაცი, რომლებიც დღეს ჩართული არიან ონლაინთამაშებში, უარს იტყვის საბანკო მომსახურებაზე და აზარტულ ონლაინსივრცეში იცხოვრებს ისე, რომ უკვე გამოსვლაც აღარ დასჭირდება. თუ აქამდე პრობლემა ის იყო, რომ მათ კაზინო შინ ჰქონდათ კომპიუტერის საშუალებით, ახლა მთლიანად ადამიანის ინტეგრირება ხდება ონლაინსივრცეში მთელი მისი საჭიროებებით, ფინანსებით და ამას არა მხოლოდ ბანკებმა, ხელისუფლებამაც ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციოს.

თუ ეს მოხდება, რეგულაციების დაწ­ეს­ებასაც აღარ ექნება მნიშვნელობა, რადგან ვერავინ გააკონტროლებს, ვინ და რა ფულით თამაშობს ონლაინსივრცეში.ევროკავშირის დირექტივის თანახმად, ამ სისტემის იმგვარად განვითარება, როგორც ჩვენთან ხდება, ფულის გათეთრების­ საფრთხეს შეიცავს. აზარტულ თამაშებს არალეგალური ფულის ბრუნვის საფრთხე ყოველთვის ახლავს და რეგულაციების უქონლობით რისკები იზრდება. ინფორმაცია არა აქვს არც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და არც სხვა ინსტიტუციას, არავინ იცის, რა ფული ბრუნავს ამ სისტემაში. სახელმწიფო ამ ტრანზაქციებს, ფაქტობრივად, არ აკონტროლებს.

იმ ქვეყნებში, სადაც ონლაინთამაშები დაშვებულია, რეგულირების რამდენიმე საშუალება არსებობს. ერთია წაგების ლიმიტი, რომელიც ბანკების შემთხვევაში მიბმულია შემოსავალზე და სისტემა მოთამაშეს შესაძლებლობას არ აძლევს, წააგოს ლეგალური შემოსავლის 10%-ზე მეტი. მეორე მიმართულებაა აზარტული თამაშების რეგულატორები, რომლებიც აკვირდებიან თამაშის მიმდინარეობას და თუ ოპერატორი ჩათვლის, რომ ადამიანი თამაშობს კრიტიკულ ზღვარზე მეტად, აფრთხილებს მას, რომ რაღაც დროით თამაში ეზღუდება.

ჩვენთან კი კაციშვილმა არ იცის, ვინ რას აკეთებს და ვინ რა ფულით თამაშობს. ბევრ ქვეყანაში ამას ეძახიან გადასახადს ღარიბებისთვის,­ რადგან ასეთი კატეგორიისგან ფულის შოვნა ადვილია. დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს ექმნებათ ილუზია, რომ ამით ხეირის ნახვა შეიძლება.

მთავრობა ამ პრობლემას უგულებელყოფს. შემიძლია ჩამოგითვალოთ სახელმწიფოს შეუსრულებელი ინიციატივები 2013 წლიდან ამ სფეროს რეგულირებისთვის, 2017 წლის შემდეგ კი ინიციატივებიც შეწყდა, რამაც სათამაშო ბიზნესს სრულად გაუხსნა ხელ-ფეხი. ბოლო წლებში საჯაროდ ყველა ეთანხმება პათოსს, რომ აზარტული თამაშები მწვავე პრობლემაა, მაგრამ როგორც ადრე ხდებოდა გადავადება, ისევე მოხდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც. ზიანი კი, რომელიც ადგება მოსახლეობას, ქვეყანასა და ეკონომიკას, სულ უფრო იზრდება".

P.S. მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" უარი თქვა ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამირებაზე და წამოიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე", ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ეს სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილ­ება იყო. საინტერესოა, ხელისუფლებას რამდენი მსხვერპლისა და განადგურებული ოჯახის ნახვა სჭირდება იმისთვის, რომ ამ პრობლემის სიმწვავე შეაფასოს. თავად ხელისუფლება ამბობდა, რომ რეგულაციას, რომელიც ფურცელზე დარჩა, სათამაშო ბიზნ­ესში არასრულწლოვანთა მონაწილეობა უნდა შეეზღუდა. ამავე კანონპროექტში ეწერა, რომ ონლაინთამაშებში მოგებული თანხის გამოტანა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მოთამაშის საბანკო ანგარიშიდან. ჩანს, ბანკებიდან ამ ტრანზაქციების გატანას სარისკოდ თავად ხელისუფლებაც მიიჩნევდა. ფაქტია, რომ არაფერი შეცვლილა და წაგებული ამ თამაშში მაინც ხალხია.

15-04-2019

წყარო: bpn.ge

17-02-2019

ფიზიკური პირების 46%-ის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის შემოსავალი კი - 8 333 ლარზე მეტია.

05-06-2019

რიანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მომღერალია

13-05-2019

“რიჟას” ინტერესები “ჯორჯია მანგანეზში” და უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში – ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას

01-03-2023

მენეჯერთა გადამზადების კურსი გერმანიაში - Fit for Partnership

01-03-2023

მენეჯერთა გადამზადების კურსი გერმანიაში - Fit for Partnership

17-02-2019

ფიზიკური პირების 46%-ის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის შემოსავალი კი - 8 333 ლარზე მეტია.

05-06-2019

რიანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მომღერალია

13-05-2019

“რიჟას” ინტერესები “ჯორჯია მანგანეზში” და უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში – ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ