თურქეთის ეკონომიკური რეცესია - ერდოღანის აქილევსის ქუსლი
ნავიგატორი
1990


თურქეთის ეკონომიკური რეცესია - ერდოღანის აქილევსის ქუსლი

თურქეთის ადგილობრივი არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხი ( ყველაზე დიდ ქალაქებში (ანკარა, სტამბოლი, იზმირი), მრავალი ექსპერტის აზრით, ეკონომიკურმა მიზეზებმა განაპირობა.

 

თურქეთი რთულ ეკონომიკურ სიტუაციაშია: ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაშია, რომელსაც თან მაღალი ინფლაცია ახლავს. ერდოღანის მთავრობის პირობებში მრავალწლიანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ეკონომიკამ დაღმასვლა დაიწყო. ექსპერტები თურქეთის ეკონომიკურ რეცესიას ერდოღანის პოლიტიკას უკავშირებენ, კერძოდ მის ავტორიტარულ მისწრაფებებს და თითქმის ყველა სფეროში ჩარევის მცდელობებს, სესხების უკონტროლოდ აღებას, დიდ საჯარო პროექტებს პატარა ამონაგებით და ქრონიზმს. ივლისში ერდოღანმა ფინანსთა მინისტრად თავისი სიძე დანიშნა, ეს გადაწყვეტილება მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაზე კონტროლის მოპოვების მცდელობად შეფასდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მთავრობაში 2003 წელს მოვიდა (თავიდან, როგორც პრემიერ-მინისტრი, 2014 წლიდან - პრეზიდენტი), დიდი ფინანსური კრიზისის შემდგომ პერიოდში, რომლიდან გამოსასვლელადაც თურქეთს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარება დასჭირდა. ეკონომიკამ თანდათანობით ზრდა დაიწყო და ერდოღანის 15 წლიანი მმართველობის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა, წლიური საშუალოდ 5.6%-იანი ზრდით. თუმცა 2018 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში ეკონომიკა რეცესიაში შევიდა.

არსებული მონაცემებით 2018 წელს თურქეთის ეკონომიკა მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გაიზარდა უმუშევრობაც - გასული წლის დეკემბერში თურქეთში 4.3 მილიონი ადამიანი ეძებდა სამუშაოს, შედეგად, უმუშევრობის დონემ 13.5%-ს მიაღწია.

მნიშვნელოვანი პრობლემაა ინფლაცია. სამომხმარებლო ფასები თებერვალში 20%-ით გაიზარდა, წინა წლის თებერვალთან შედარებით. ოქტომბერში კი ინფლაცია 25% იყო, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით.

როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ინფლაციას საპროცენტო განაკვეთის გაზრდით ებრძვიან. მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო კომპანიებსა და საოჯახო მეურნეობებს ფულის სესხება უძვირდებათ, შედეგად ისინი უფრო ცოტას ხარჯავენ, შესაბამისად, მცირდება ერთობლივი მოთხოვნა და შედარებით იკლებს იმ ეფექტების ზემოქმედება, რომელიც ფასებს ზრდისაკენ უბიძგებს.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გასულ წელს მკვეთრად, 24%-მდე გაზარდა, თუმცა ერდოღანი ამ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

მისი ხედვები არაორდინალურია, რაც ფინანსური ბაზრისათვის პრობლემებს ქმნის და ინვერსტორებს აფრთხობს. ერდოღანის განცხადებით, მთავარი პრობლემა მაღალი საპროცენტო განაკვეთია: “ინფლაცია თანდათანობით შემცირდება საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან ერთად.”

ეს ხედვა სრულიად ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებებს, რომლებიც ცენტრალური ბანკების, ფინანსური ბაზრებისა და აკადემიკოსი ეკონომისტების წრეებში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ცენტრალურ ბანკს ჯერ არ გაუთვალისწინებია პრეზიდენტის მოწოდება საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით, ინვესტორებს მაინც აქვთ ეჭვები თურქეთის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობაზე. გასულ მაისში ერდოღანმა ახსნა, თუ რატომ უნოდოდა ცენტრალური ბანკის მეტად კონტროლი: “როცა ხალხს პრობლემები შეექმნება მონეტარული პოლიტიკის გამო, ვის მოსთხოვენ ისინი პასუხს? რადგან ეს პირი პრეზიდენტი იქნება, ჩვენ უნდა გვყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც მონეტარულ პოლიტიკაზე გავლენა ექნება.”

ინფლაციის პრობლემას ამძიმებს თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურებაც, ვინაიდან ძვირდება იმპორტული საქონელი. მაღალმა საპროცენტო განაკვეთმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ვალუტის დასტაბილურებას: მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში შესაძლებელია ქვეყნის ვალუტის ფლობით მეტი შემოსავლის მიღება, რაც ინვესტორებში მისი ფლობის მოტივაციას აჩენს, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ვალუტაზე, რაც ვალუტის ღირებულებას ზრდის ან, სულ მცირე, აკომპენსირებს ზოგიერთი ისეთი ფაქტორის მოქმედებას, რაც ვალუტას გაუფასურებისაკენ უბიძგებს.

ერდოღანი თავის გამოსვლებში ეკონომიკურ კრიზისს ეროვნული ბრძოლად ფუთავს - “სხვები” “ჩვენს” წინააღმდეგ. ისეთივე მნიშვნელობის, როგორიც ერთი საუკუნის წინ თურქეთის ბრძოლა იყო დამოუკიდებლობისათვის დასავლელი კოლონიალისტების წინააღმდეგ. 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და აშშ-ს მიერ დაკისრებულ სანქციებს ერდოღანი აქტიურად იყენებს ამ ნარატივის გასაძლიერებლად და აცხადებს, რომ თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომია გამოცხადებული.

პარტიისთვის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, როგორც ინფლაციის საწინააღმდეგო ზომა, სახელმწიფომ ბაზრების მართვა დაიწყო, რომლებიც შეზღუდული რაოდენობის საკვებს დაბალ ფასად სთავაზობენ მომხმარებელს. “ეს ქვეყანა და ხალხი ჩვენ გვეკუთვნის, არ უნდა მოხდეს მათი მაღალი ფასებით ექსპლოატაცია ” - აცხადებს ერდოღანი.

ადგილობრივმა არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ეკონომიკური კრიზისი თურქეთის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. სახელმწიფოს მიერ მართული ბაზრები შესაძლოა დროებით დაეხმაროს გაჭირვებულ ოჯახებს, თუმცა თურქეთში ინფლაციის პრობლემას ვერ გადაჭრის. ერდოღანს 2023 წლის არჩევნებამდე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება მოუწევს .

05-04-2019

წყარო: tabula.ge

03-05-2019

2019 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა

26-10-2022

არტ-ნამუშევრების კონკურსი “არა ფემიციდს”

13-05-2019

“რიჟას” ინტერესები “ჯორჯია მანგანეზში” და უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში – ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას

01-03-2019

რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართება

01-03-2019

რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართება

03-05-2019

2019 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა

26-10-2022

არტ-ნამუშევრების კონკურსი “არა ფემიციდს”

13-05-2019

“რიჟას” ინტერესები “ჯორჯია მანგანეზში” და უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში – ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ