საგადასახადო სამოთხე. რა არის ოფშორი და რატომ არეგისტრირებენ იქ კომპანიებს?
ნავიგატორი
3196


საგადასახადო სამოთხე. რა არის ოფშორი და რატომ არეგისტრირებენ იქ კომპანიებს?

5 ნოემბერს, გამომძიებელი-ჟურნალისტების კონსორციუმმა (ICIJ) ოფშორული კომპანიებისადმი მიძღვნილი მეორე მასშტაბური პროექტი - "სამოთხის დოკუმენტები" გამოაქვეყნა. პირველი გამოძიება, რომელსაც ოფშორებთან დაკავშირებული დიდი სკანდალი მოჰყვა ICIJ-მ 2016 წლის აპრილში წარადგინა:"პანამის დოკუმენტები" პანამური იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca-ს არქივის 11,5 მილიონ დოკუმენტს მოიცავდა. 214 000-მდე ოფშორული ანგარიშის სიაში 85-მდე ქართველიც ფიგურირებდა. ICIJ-ს გამოძიების მასალები ეხება მსოფლიოს ლიდერებთან, ბიზნესმენებთან, ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებიც პანამაში, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე და სხვა ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული. 

 

ოფშორი რა არის?

 

ეს არის ქვეყანა ან ტერიტორია, რომელიც უცხოურ კომპანიებს ბიზნესის წარმოებისთვის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ესენია: ძალიან დაბალი და ზოგჯერ ნულოვანი გადასახადები, ანგარიშგების და კომპანიის მართვის მარტივი წესები, ასევე ბიზნესის ნამდვილი მფლობელების ვინაობის დამალვის შესაძლებლობა. მსოფლიოში დაახლოებით 50 ოფშორული ზონაა. მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნესისთვის და შეძლებული ადამიანებისთვის ოფშორი - სამოთხეა. კომპანიების მფლობელები და უბრალოდ, მდიდარი ადამიანები ნაკლებ ფულს ხარჯავენ გადასახადებზე ან საერთოდ არ ხარჯავენ, და შეუძლიათ დაუმალონ თავიანთი საქმიანობა სახელმწიფო ორგანოებს.

მაგალითად, თუ ბიზნესმენები საკუთარ ქვეყნებში კომპანიების დარეგისტრირების შემთხვევაში სახელმწიფოს გადასახადების სახით უხდიან შემოსავლების ნაწილს (საქართველოში საშემოსავლო გადასახადი 20%-ია), ოფშორში კომპანიის დარეგისტრირების შემთხვევაში ისინი სერიოზულ ეკონომიას გააკეთებენ. მაგალითად, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე შემოსავლები საერთოდ არ იბეგრება.

 

ესე იგი, ოფშორები გადასახადებისთვის თავის ასარიდებლად არის საჭირო?

 

დიახ, მაგრამ მხოლოდ ამისთვის - არა. ბევრ ბიზნესმენს კომპანიები გადააქვს ოფშორში იმიტომ, რომ ბიზნესის წარმოება ასე მათთვის უფრო იოლი და უსაფრთხოა. მაგალითად, ასე იქცევიან ისინი, თუ მიაჩნიათ, რომ მათ ქვეყნებში ბიზნესის წარმოებისთვის ბიუროკრატიული ბარიერი ზედმეტად დიდია, ან ეშინიათ, რომ საფრთხის შემთხვევაში სახელმწიფო ვერ შეძლებს მათ სათანადოდ დაცვას. გარდა ამისა, ოფშორებს იყენებენ ათასგვარი თაღლითური სქემებისთვის და ფულის "გათეთრებისთვის". ზოგჯერ ოფშორულ კომპანიებს ქმნიან სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც კანონი ბიზნესის წარმოებას უკრძალავს.

საქართველოსა და ოფშორებს შორის ფული ორივე მიმართულებით მოძრაობს. საქართველოდან ოფშორებში ფულის გადინება და პირიქით, იქიდან კაპიტალის შემოდინება, ძირითადად, 2004 წლიდან შეინიშნება. კაპიტალის გასვლაც და შემოსვლაც ხშირად ხდება კვიპროსში, ვირჯინის კუნძულებზე, ნიდერლანდებსა და სხვა ოფშორულ ზონებში. იმავდროულად, საქართველოში მოქმედი ბევრი კომპანია ოფშორში რეგისტრირებული ბიზნესის შვილობილია. ინფოგრაფიკაში მოცემულია შესაბამისი წლების საბოლოო სხვაობები გასულსა და შემოსულ თანხებს შორის.

 

და რად უნდათ ეს ვირჯინის კუნძულებს, პანამას და სხვა ოფშორებს?

 

ოფშორების კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ კომპანიის დარეგისტრირება და მისი მართვა დამოუკიდებლად არ შეიძლება - მხოლოდ ადგილობრივი იურიდიული ფირმის საშუალებით. ამ იურიდიული ფირმების შემოსავლებია იმ ქვეყნების გამდიდრების ერთ-ერთი მთავარი წყარო, რომლებიც უცხოურ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობენ. მაგალითად, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების შემოსავლებში ოფშორული ფირმების რეგისტრაციიდან მიღებული თანხების წილი 50% არის.

 

მსოფლიოში ოფშორები პოპულარულია?

 

ძალიან. მათი პოპულარობა იზრდება და ამ ზრდას ფინანსური კრიზისებიც კი ვერ უშლის ხელს. ერთ-ერთი კვლევა ცხადყოფს, რომ 2005-დან 2010 წლამდე 50 უმსხვილესი ოფშორული ბანკის კაპიტალიზაცია 5,4 ტრილიონი დოლარიდან 12 ტრილიონამდე გაიზარდა. ზოგიერთი შეფასებით, ოფშორებში შენახული თანხის საერთო მოცულობა 32 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც ერთად აღებული აშშ-ის და იაპონიის მშპ-ებზე მეტია.

 

კომპანიის ოფშორში ქონა დანაშაულია?

 

არა, მაგრამ იმავდროულად ოფშორებს ხშირად იყენებენ დანაშაულებისთვის - კრიმინალური ფულის გათეთრებისთვის, სახელმწიფო კორუფციისთვის, სხვადასხვა თაღლითური ოპერაციისთვის. როდესაც ეგრეთ წოდებული "პანამის დოკუმენტები" გავრცელდა, Reddit-ის მომხმარებელმა გაჟონვის ფაქტი ისე ახსნა, რომ ის პატარა ბავშვებისთვისაც გასაგები ყოფილიყო. მან სიტუაცია ბავშვების მიერ ყულაბაში ფულის შენახვის ტრადიციას შეადარა. კერძოდ, ზოგიერთი ფულს აგროვებს დედის საჩუქრისთვის, რომ მას სიურპრიზი მოუწყოს, სხვა - საკუთარ დანაზოგს უფროსი ძმისგან მალავს. თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც ყულაბებს ცუდი საქციელის დასაფარავად მალავენ, რადგან ზოგმა ის დედის ჩანთიდან მოიპარა, ზოგმა კი მეგობრებს მოჰპარა. ახლა კი ყველა ბავშვის დედამ გაიგო, რომ ყულაბები სახლებს გარეთ ინახება და დაიწყეს იმის გარკვევა, ვინ იქცეოდა კარგად და ვინ - არა.

 

სახელმწიფოები ოფშორებს ებრძვიან?

 

დიახ, ოღონდ არა ოფშორებს, არამედ ოფშორების ბოროტად გამოყენების ფაქტებს: გადასახადებისთვის თავის არიდებას, ფულის გათეთრებას და სხვა დანაშაულებს. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები (OECD, FATF და სხვები), რომლებიც სახელმწიფოებისთვის გასცემენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა ააგონ მათ პოლიტიკა და კანონმდებლობა ოფშორების სფეროში.

31-05-2019

წყარო: imedinews.ge

12-12-2019

ჯადოსნური საშობაო სოფელი სითი მოლში-Christmas Fair at City Mall

13-06-2019

Ford-ი აშშ-ს ბაზრიდან მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს

19-04-2019

სააღდგომოდ სპეციალისტებმა სავაჭრო ობიექტებზე კვერცხის ხარისხი შეამოწმეს

17-01-2023

ნინა გრუნენბერგის სტიპენდიის პროგრამა ჟურნალისტებისთვის

17-01-2023

ნინა გრუნენბერგის სტიპენდიის პროგრამა ჟურნალისტებისთვის

12-12-2019

ჯადოსნური საშობაო სოფელი სითი მოლში-Christmas Fair at City Mall

13-06-2019

Ford-ი აშშ-ს ბაზრიდან მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს

19-04-2019

სააღდგომოდ სპეციალისტებმა სავაჭრო ობიექტებზე კვერცხის ხარისხი შეამოწმეს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ