რამდენს უხდის რუსეთი აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ „კეთილმეზობლობისთვის“ - ოკუპირებული რეგიონების უდარდელი ცხოვრება მოსკოვს სულ უფრო ძვირი უჯდება
ნავიგატორი
1626


რამდენს უხდის რუსეთი აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ „კეთილმეზობლობისთვის“ - ოკუპირებული რეგიონების უდარდელი ცხოვრება მოსკოვს სულ უფრო ძვირი უჯდება

„ორი ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლებმა 2019 წლის ბიუჯეტები დაამტკიცეს. შემოსავლების „ლომის წილი“ რუსეთის ბიუჯეტიდან გადარიცხვებითაა უზუნველყოფილი

ცხინვალი შარშანდელთან შედარებით 855 მლნ რუბლით (34,3 მლნ ლარი) მეტს მიიღებს

„სამხრეთ ოსეთის“ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელსაც ხელი მოაწერა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, 8,7 მილიარდ რუბლს (348 მლნ ლარი) შეადგენს, რომლიდანაც 7,5 მილიარდი (300 მლნ ლარი) რუსეთის ფედერაციისაგან გაწეულ „უანგარო დახმარებას“ წარმოადგენს. თუ გასული წლის მონაცემებს შევადარებთ - 2018 წელს „სამხრეთ ოსეთის“ ბიუჯეტმა რუსეთისაგან 6,6 მილიარდი რუბლი (264 მლნ ლარი) მიიღო - გამოდის, რომ 2019 წელს „უანგარო დახმარება“ 855 მილიონი რუბლით (34,3 მლნ ლარი) მეტია. თანაც გასულ წელს, თუ ცხინვალის ბიუჯეტი დეფიციტური იყო, ახლა უკვე „ნულზე“ ჯდება, ანუ ხარჯები იმდენია, რამდენიც შემოსავლები.

რუსეთის მიერ „ნაჩუქარი“ ფულიდან თითქმის 4,7 მილიარდი რუბლი (188 მლნ ლარი) რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება, ხოლო 2,8 მილიარდი (112 მლნ ლარი) - ბიუჯეტურ ინვესტიციებს. ეს ხარჯები გათვალისწინებულია „საინვესტიციო პროგრამით“, რომელსაც რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო კურირებს. გავიხსენოთ, რომ ამ უწყებას გასული წლიდან სერგეი ჩებოტაროვი ხელმძღვანელობს, რომელიც მშვენივრად იცნობს ამიერკავკასიის ქვეყნებს წინა თანამდებობიდან: იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოში მუშაობდა და ურთიერთობა უხდებოდა აფხაზეთთან, "სამხრეთ ოსეთთან", სომხეთთან, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან.

იანვრის ბოლოს სამინისტროს ხელმძღვანელები ცხინვალში ჩავიდნენ და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან ერიკ ფუხაევთან ერთად იმ ახალი სამწლიანი „საინვესტიციო პროგრამის“ ირგვლივ იმსჯელეს, რომელიც 2020-2022 წლებში უნდა განხორციელდეს. ინვესტიციის კონკრეტული თანხა ჯერ-ჯერობით უცნობია.

აფხაზეთი: 4,5 მილიარდი რუბლი (180 მლნ ლარი) „საჩუქრად“

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ დაამტკიცა, 9,8 მილიარდ რუბლს (392 მლნ ლარი) შეადგენს. ეს ცოტა მეტია, ვიდრე გასულ წელს, თუმცა ბიუჯეტი შარშანაც დეფიციტური იყო და მიმდინარე წელსაც ასეთივე დარჩა. შემოსავლებიდან 4,4 მილიარდი რუბლი (176 მლნ ლარი) რუსეთის „უანგარო დახმარებას“ წარმოადგენს, რაც შარშან გაწეულთან შედარებით უმნიშვნელოდ მეტია, ანუ „სამხრეთ ოსეთივით“ შესამჩნევად გაზრდილი არაა. რაც შეეხება „საინვესტიციო პროგრამებს“ - 736 მლნ რუბლი (29,4 მლნ ლარი) კომუნალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე დაიხარჯება, 457 მილიონი (18,2 მლნ ლარი) გაგრის საკუროროტო-ტურისტული ცენტრის განვითარებაზე, 148 მილიონი (5,9 მლნ ლარი) - ტყვარჩელის საავადმყოფოს რეკონსტრუქციაზე და 122 მილიონი (4,8 მლნ ლარი) - გაგრის №1 საშუალო სკოლის მშენებლობაზე.

აფხაზებს, უბრალოდ, მუშაობა არ უნდათ!

„საინვესტიციო პროგრამების“ შემუშავება საკმაოდ ნერვიულ ფონზე მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, წლის დასაწყისში აფხაზეთში რუს ბიზნესმენებზე ორჯერ მოხდა თავდასხმა - ოჩამჩირის რაიონის სოფელ თამიშში მოკლეს მიხეილ მასლოვი, ხოლო გაგრის რაიონის დაბა ლძააში (ლიძავაში) მიხეილ ევალენკოს კუთვნილი ავტომანქანა ააფეთქეს.

„იმ ბიზნესმენებს, რომლებთაც კაპიტალის დაბანდება სურთ, ვურჩევ ინვესტიციები უფრო ავღანეთში ან ერაყში ჩადონ, ვიდრე აფხაზეთში, - ამბობს «Свободная пресса»-სთან საუბრისას სერგეი ჟავორონკოვი, მოსკოვის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - დღეს ტერმინი „აფხაზეთი“, ჩემი აზრით, „ნგრევის“ სინონიმი გახდა“ საკმარისია შეხედოთ უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას, რკინიგზის ვაგზალს, სხვა ობიექტებს და თქვენ თვითონვე დარწმუნდებით. ბევრი აფხაზი, თავის მართლების მიზნით ამბობს, რომ ეს ყველაფერი 1992-1993 წლების ომის შედეგებიაო, მაგრამ, ვფიქრობ, მიზეზი უფრო ბანალურია - აფხაზებს მუშაობა არ სურთ. რუსებს აფხაზეთში უფლება არ აქვთ მიწა და უძრავი ქონება შეიძინონ, ისინი იძულებულნი არიან, იჯარით გაიფორმონ ან კიდევ რაღაც ადგილობრივი სქემებით ისარგებლონ, შემდეგ კი, სამწუხაროდ, ადგილობრივი რეიდერების მსხვერპლნი ხდებიან. აფხზეთის "ხელისუფლების" ზოგიერთი წარმომადგენელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“. ცნობილია სკანდალური შემთხვევა, როცა პარლამენტი დიდი ხნის განმავლობაში არ იძლეოდა ნებართვას მკვლელი დეპუტატის ნოდიკ კვიცინიას დაპატიმრებაზე, მან მიმალვა შეძლო და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გახდა მისი დაკავება შესაძლებელი“.

18-02-2019

წყარო: bpn

09-02-2023

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა

10-10-2022

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“

03-08-2022

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს

14-03-2019

საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

14-03-2019

საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

09-02-2023

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა

10-10-2022

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“

03-08-2022

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ