|
| 2131 |
|---|
სიცილიაში სახლები აუქციონზე იყიდება - საწყისი ფასი 1 ევროა
| ბოლო ათწლეულების განმავლობაში სიცილიის ქალაქ სამბუკაში მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და მისი სრულიად დაცარიელების საფრთხე გაჩნდა. სწორედ ამიტომ, ქალაქის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მიტოვებული სახლები აუქციონზე გაეყიდათ, რომლის საწყისი ფასიც ერთი ევროა. "თუ გამოჩნდება პირი, რომელიც სახლის შეძენას გადაწყვეტს 1 ევროდ და მის გარდა უფრო მაღალ ფასს არავინ დაასახელებს, სახლი ერთი კრუასანის ფასად გაიყიდება"- აცხადებს ქალაქის მერის მოადგილე ჯუზეპე კაჩოპო. ქალაქის საბჭომ ონლაინ აუქციონის მეშვეობით უკვე გაყიდა 16 ასეთი სახლი. აღსანიშნავია, რომ მათი ფასები 1000-დან 25 000 ევრომდე მერყეობს. კაჩოპო "გარდიანთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო და ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ კვირაში მათ 100 000-ზე მეტი ელექტრონული შეტყობინება მიიღეს. სახლების ახალი მფლობელები ძირითადად გაერთიანებული სამეფოდან, დუბაიდან, პანამადან და რუსეთიდან არიან. კაჩოპო აცხადებს, რომ ასეთი მასშტაბის გამოხმაურებას ნამდვილად არ ელოდა. ის ამბობს, რომ Discovery Chanel-მაც კი შეიძინა საცხოვრებელი სახლი. აღსანიშნავია, რომ მათ სახლი მსახიობ ლორეან ბრაკოს გადასცეს, რომელიც პროგრამას წაიყვანს ქალაქ სამბუკადან. საინტერესოა, თუ რა გახდა ქალაქ სამბუკში მოსახლეობის ასეთი კლების მიზეზი. 1950-იანი წლებიდან ინდუსტიის განვითარებას თან მოჰყვა ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილის მიგრაცია. ამასთანავე 1968 წელს სიცილიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ქალაქი. აღსანიშნავია, რომ სამბუკა ერთადერთი ქალაქი არაა, რომელმაც გადარჩენის მიზინით ასეთ ხერხს მიმართა. დღესდღეობით განსაკუთრებით იტალიის სამხრეთ ნაწილში შეინიშნება მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რის გამოც ისინი სახლების სიმბოლურ ფასებში გაყიდვით ცდილობენ პროცესის შეჩერებას. |

13-05-2019
წყარო: bpn.ge
|
30-05-2019 „ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს" |
|---|
|
13-11-2019 ერევანში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გენდერული უთანასწორობის დასადგენად სპეციალური ტრენინგი ჩაატარა |
|
03-06-2019 ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 16%-ით გაიზარდა |
|
25-02-2019 მასწავლებელთა ყველაზე დაბალი ხელფასიც კი ევროპაში საქართველოში არსებულს 8-ჯერ აღემატება |