მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია გადაწყვიტა — სააგენტო 2027 წლის 1 იანვრიდან უქმდება
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 24 ნოემბერს მიიღო №557 დადგენილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დადგენილებით ლიკვიდირდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო. ეს სააგენტო 2025 წელს შეიქმნა სახელმწიფო გრანტების გასაცემად და მათ შესასრულებლად ზედამხედველობისთვის.
ლიკვიდაცია ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შედის. იმავე დღიდან ძალას კარგავს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №119 დადგენილება, რომლითაც სააგენტო შეიქმნა და მისი დებულება დამტკიცდა.
წლის ბოლომდე სააგენტომ უნდა გააკეთოს შემდეგი:
- არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები გაქვითოს;
- გააუქმოს სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 18 ივლისის №1 ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი იყო დადგენილი.
ლიკვიდაციას ხუთწევრიანი კომისია უხელმძღვანელებს. მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია თავმჯდომარეობს. 1 იანვრამდე კომისიამ უნდა აღწეროს სააგენტოს ქონება, მიმდინარე ვალდებულებები და დოკუმენტაცია, არქივის ჩათვლით. საჭიროებისამებრ, მან ისიც უნდა განსაზღვროს, რომელ უწყებას გადაეცემა ქონება და ვალდებულებები და რომელი ორგანო გააკონტროლებს, ასრულებენ თუ არა გრანტის მიმღებები ხელშეკრულებით ნაკისრ პირობებს.
წყარო: matsne.gov.ge