აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მცირე ქალაქებსა და სოფლებში ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას 200 მილიონი დოლარით დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 27 ნოემბერს გამოაცხადა, რომ საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა. სესხი ქვეყნის მცირე ქალაქებსა და სოფლებში მდგრადი ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ბანკის შეფასებით, პროექტით სარგებელს დაახლოებით 400 ათასი ადამიანი მიიღებს.
პროექტის ოფიციალური სახელია Developing Resilient Infrastructure for Vibrant Economies („მდგრადი ინფრასტრუქტურა ეკონომიკის გასაძლიერებლად“). ის სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურა: საზოგადოებრივი სივრცეები, პარკები და დასასვენებელი ზონები, მრავალფუნქციური სპორტული ობიექტები, გზები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემები და მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურა;
- კულტურული მემკვიდრეობა: ძეგლების რესტავრაცია და კონსერვაცია;
- ტურიზმი: ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მათ შორის სალაშქრო ბილიკები, საზოგადოებრივი სივრცეები და გზები, რომ ბუნებრივ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებამდე მისვლა უფრო ადვილი გახდეს.
ბანკის თქმით, პროექტი ადგილობრივ ბიზნესსაც წაადგება, ქალებისა და ახალგაზრდების ჩათვლით. სამუშაოები ADB-ის მხარდაჭერით შემუშავებულ ინტეგრირებულ ურბანულ გეგმებს დაეყრდნობა.
ADB საქართველოსთან 2007 წლიდან თანამშრომლობს და ახალი სესხი ამ პარტნიორობის გაგრძელებაა. სესხის ფინანსური პირობები და პროექტში ჩართული კონკრეტული ქალაქები პრესრელიზში დაკონკრეტებული არ არის.
წყარო: adb.org