გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.04.2023
- საიტზე დამატებულია
- 03.04.2023
კონკურსის შესახებ:
| 2023 წელს, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტში განაცხადების მიღება ხორციელდება 3 აპრილის 12:00 საათიდან 15 აპრილის 23:59 საათის ჩათვლით |
თუ გსურთ გადამამუშავებელი ან შემნახველი საწარმოს შექმნა შესაძლებობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება.
პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო.
პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს:
- გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
- შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
საქართველოს მთავრობის განკარგულება
გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი
| 2023 წელს, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება ხორციელდება 3 აპრილის 12:00 საათიდან 15 აპრილის 23:59 საათის ჩათვლით |
მიზნები:
- მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა;
- ახალი ენერგო ეფექტური ღუმელების საწარმოს შექმნა ან არსებული ენერგო-ეფექტური ღუმელების საწარმოს გაფართოება/მოდერნიზება;
- გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება;
- სანედლეულო ბაზის განვითარება;
- სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.
პირობები
გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა შემდეგი თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.
ენერგო-ეფექტური ღუმელების საწარმოების შექმნა/მოდერნიზება/გაფართოება დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.
კომპონენტის ითვალისწინებს შემდეგი სახის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებას :
- ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“) წარმოება;
- რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება (გარდა ძროხის რძის გადამუშავებისა);
- ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;
- კაკლის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების (გარდა თხილისა) გადამუშავება;
- მატყლის, ტყავის გადამუშავება;
- დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
- ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
- ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);
- მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);
- თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება;
- ზღვისა და მტკნარი წყლის პროდუქტებისა და ლოკოკინის გადამუშავება;
- ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება (გარდა კახეთის რეგიონში ღვინის წარმოებისა);
- ბრიკეტების, პელეტების წარმოება, ასევე მათგან და ხე-ტყის (აგრეთვე დაფნის ნარჩენებისგან) ნახშირის წარმოება.
თანადაფინანსება
კომპონენტი ითვალისწინებს გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური დახმარების გაწევას;
ფინანსური დახმარება ითვალისწინებს :
- პროექტის ჯამური ღირებულების თანადაფინანსებას არაუმეტეს 40%, მაგრამ არაუმეტეს 500,000 ლარის;
- შეღავათიანი კრედიტს/ლიზინგს - არაუმეტეს 1,500,000 ლარი.
წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250,000 ლარს.
პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდს, საკუთარი სახსრები ან კრედიტი, (მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტი/ლიზინგი) .
სესხის ან ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს დამტკიცებული სესხი ან ლიზინგი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მონაწილე საფინანსო ან სალიზინგო დაწესებულების მიერ.
პროექტები, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ით, არაუმეტეს 500,000 ლარი.
პროექტის ფარგლებში, თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ძირითადი საშუალებების შესაძენად ან შესაქმნელად მათ შორის შესაძლებელია იყოს საწარმოს სპეც.ტექნიკითა და წარმოების შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფა.
კომპონენტი არ ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების თანადაფინანსებას.
თანადაფინანსება არ გამოიყენება:
- საწარმოს საბრუნავი სახსრების, მათ შორის, საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად;
- მიწის ნაკვეთის შესაძენად;
- შენობა-ნაგებობების შესაძენად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეძენა ხორციელდება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისაგან.
შენიშვნა: თანადაფინანსების თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს ამავე ქვეპუნქტში აღნიშნული უძრავი ნივთის სახელმწიფოსგან პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობის სახით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაში.
ვალდებულებები
ბენეფიციარი ვალდებულია შეუნარჩუნოს საწარმოს პროფილი ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.
საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება, ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული, დაფინანსების წყაროების სრულად ათვისებისა და მიზნობრივად გახარჯვის დოკუმენტურად დადასტურების მომენტისათვის, მაგრამ არა უგვიანეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვისა.
ვალდებულებების შესასრულებლად ბენეფიციარმა, სააგენტოს სასარგებლოდ, იპოთეკით/გირავნობით უნდა დატვირთოს პროექტის ფარგლებში შექმნილი ძირითადი საშუალებები.
ამავდროულად, დასაშვებია რომ სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.
შესაბამისობის კრიტერიუმები
გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის მიზნობრივი ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოსი);
- პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმოების სათანადო ცოდნა და გამოცდილება;
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონულად წარდგენილი განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს თანადაფინანსების პროექტის პირობებს;
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, ხოლო ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოების შემთხვევაში ახალი საწარმოს შექმნას ან არსებული საწარმოს მოდერნიზებას/გაფართოებას ან არსებული საწარმოს რეაბილიტაციას;
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი გათვლილი უნდა იყოს ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებასა და ადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე, გარდა ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოების შემთხვევაში.
- თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში სააგენტოს მიერ დაფინანსდება იურიდიული პირის მიერ წარდგენილი არაუმეტეს ერთი ბიზნეს-გეგმა. ამასთან, იურიდიული პირი, რომელიც წარადგენს თანადაფინანსების პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ბენეფიციარს, არ შეიძლება იყოს მეორე კომპონენტის ბენეფიციარი.
- ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი დაფინანსების მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს კომპონენტით დადგენილ საზღვრებს;
- შექმნილი საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებსა და სტანდარტებს.
ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, რისთვისაც უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე.
მართვის პანელში, აირჩევთ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტს და შეავსებთ განაცხადის ფორმის ველებს.
სააგენტო განიხილავს მიღებულ განაცხადებს და მისი პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესახებ;
განაცხადის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიიღებთ ელექტრონულ შეტყობინებას ვებგვერდზე, სადაც შეავსეთ განაცხადი, შეტყობინების მიღებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოთ სააგენტოსთან შეთანხებული ფორმატის შესაბამისი ბიზნეს გეგმა (მათ შორის ფინანსური უწყისები) და თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის სესხის/ლიზინგის დამტკიცების დამადასტურებელი დოკუმენტი);
დოკუმენტაციაში (ბიზნეს გეგმა და დაფინანსების წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი) ტექნიკური ხასიათის ხარვეზების არსებობის შემთხვევაში გამოსწორება უნდა განხორციელდეს ბენეფიციარის მიერ საკუთარი რესურსით, ხარვეზებთან დაკავშირებით მიიღებთ ელექტრონულ შეტყობინებას ვებგვერდზე, სადაც შეავსეთ განაცხადი. ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება უნდა მოხდეს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში;
წინასწარი განხილვის კომისია განიხილავს წარმოდგენილ ბიზნეს გეგმას და დოკუმენტებს, შეიმუშავებს დასკვნას და მათი წინამდებარე პროექტით განსაზღვრულ პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, წარუდგენს დასკვნას და ბიზნეს გეგმას საგრანტო კომიტეტს განსახილველად;
საგრანტო კომიტეტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განგესაზღვრებათ ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადა.
დოკუმენტების დადგენილ ვადაში სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება.
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო