ბიზნეს გრანტი დაბრუნებული მიგრანტებისთვის - ახმეტა, ლაგოდეხი
წყარო: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
- განაცხადის ბოლო ვადა
- 10.11.2023
- საიტზე დამატებულია
- 13.10.2023
კონკურსის შესახებ:
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს-იდეის მხარდასაჭერად
ზოგადი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ:
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განვითარების ფონდის (IDF) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტებს "გაუმჯობესებული შესაძლებლობები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის" და "საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში".
აღნიშნული პროექტების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის ბიზნეს-გრანტების გაცემას ისეთი ბიზნეს-იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.
საგრანტო კონკურსი ცხადდება ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები დაბრუნებული მიგრანტებისთვის.
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
** არის საქართველოს მოქალაქე;
** ცხოვრობს და ბიზნეს-იდეის განხორციელებას აპირებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ახმეტა, ლაგოდეხი) ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე თემში/სოფელში; პრიორიტეტი მიენიჭებათ შემდეგი თემებში განსახორციელებელ იდეებს - მატანი (ახმეტა), აფენი (ლაგოდეხი).
** საზღვარგარეთ იმყოფებოდა 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით და საქართველოში (ნებაყოფლობით ან იძულებით) დაბრუნდა 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ.
** სურს დაბრუნების თემში/სოფელში დაიწყოს/განავითაროს ბიზნესი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მის რეინტეგრაციას, ისე მის თემში/სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ან/და თემის საჭიროებების დაკმაყოფილებას;
** ბიზნეს-იდეის განხორციელებას გეგმავს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (სხვა დაბრუნებულ მიგრანტთან ან დაბრუნების თემის/სოფლის სხვა მაცხოვრებელთან ერთად, რომელიც მზადაა მატერიალური, ფინანსური თუ სხვა სახის რესურსებით ბიზნესში თანამონაწილეობის მისაღებად. შესაძლებელია რამდენიმე ბიზნეს პარტნიორის მონაწილეობაც).
ბიზნეს-განაცხადების განხილვისა და შეფასების პროცესი:
** შემოსული ბიზნეს იდეების წინასწარი შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სარგებელი თემისთვის (თემის საჭიროების დაკმაყოფილება); განმცხადებლის და პარტნიორ (ებ)ის გამოცდილება ბიზნესის სფეროში; ბიზნეს-იდეის განხორციელებისთვის არსებული წინაპირობები და საჭირო რესურსები; მოთხოვნილი საგრანტო რესურსის მიზნობრიობა; მოსალოდნელი ბიზნეს-რისკები და მათი თავიდან აცილების გზები.
** ბიზნეს-განაცხადის წინასწარი შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ადგილზე მონიტორინგი, რომლის შედეგები გათვალისწინებული იქნება იდეის/კონკურსანტ (ებ)ის შერჩევისას.
** შერჩეული კონკურსანტები გაივლიან ბიზნესკონსულტაციებსა და ტრენინგს, რომელთა მიზანია ბიზნეს-იდეის დაზუსტებასა და ბიზნეს-გეგმის შედგენაში დახმარება.
** ბიზნეს გეგმებს განიხილავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ შექმნილი სპეციალური საგრანტო კომისია. ბიზნეს-გეგმების შეფასების საფუძველზე შეირჩევა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
** საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პირებთან გაფორმდება ხელშეკრულება ბიზნეს-გეგმის რეალიზაციისათვის საგრანტო რესურსის გადაცემისა და გამოყენების პირობებზე.
** ბიზნეს-გეგმის განხორციელებისა და საგრანტო რესურსის მიზნობრივად გამოყენების პროცესზე IOM-ის მხრიდან განხორციელდება სისტემატური მონიტორინგი.
გრანტის ოდენობა და გამოყენების მიზნობრიობა:
** ერთ ბიზნეს-გეგმაზე გრანტის ოდენობა შეადგენს 10 ათასიდან 20 ათასამდე ლარს. გრანტის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებულია ბიზნესის სახეობასა და მოსალოდნელ ეფექტზე (ადგილობრივი თემის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და/ან ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით).
** გრანტი შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ბიზნესის დაწყება/განვითარებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად. დაუშვებელია საგრანტო რესურსის გამოყენება მომუშავეთა ხელფასებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფარად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ (ებ)მა დაბრუნებულმა მიგრანტ (ებ)მა უნდა შეავსოს განაცხადის დართული ფორმა. სხვა სახით მიღებული განაცხადები არ განიხილება.
პირმა, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობის პირობებს, ბიზნეს-იდეის განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 10 ნოემბრამდე, შემდეგ ელფოსტაზე: ldzamukashvi@iom.int
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ლიკა ძამუკაშვილს. ელფოსტა: ldzamukashvi@iom.int; ტელ: 577 21 09 27.
წყარო: https://jobs.ge/