მცირე გრანტების კონკურსი სათემო ორგანიზაციებისთვის
წყარო: ISFED
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.05.2024
- საიტზე დამატებულია
- 10.05.2024
კონკურსის შესახებ:
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, რომლის მიზანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება საარჩევნო პროცესების მონიტორინგის, ამომრჩეველთა განათლების გაძლიერებისა და პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციის განვითარების გზით.
საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს რეგიონებში ამომრჩეველთა და სამოქალაქო განათლების ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც შეეხება სარჩევნო პროცესებს, პროცედურებს, ამომრჩეველთა უფლებებს, პასუხისმგებლობებს და სხვა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
"სამართლიანი არჩევნები" გრანტს გასცემს იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში შემდეგი ჯგუფებიდან ერთ-ერთის ჩართულობას მაინც უზრუნველყოფს: ქალები, ახალგაზრდები, ეთნიკური ან/და რელიგიური უმცირესობები, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, იძულებით გადაადგილებული პირები, შშმ პირები და სხვა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების ვადაა 2-3 თვე. პროექტი უნდა დასრულდეს 2024 წლის 26 ოქტომბრამდე.
პროექტი ითვალისწინებს მინიმუმ 2900 მაქსიმუმ 3200 ევროს ოდენობით 3 მცირე გრანტის გაცემას.
ბენეფიციარ ორგანიზაციას შემდეგი აქტივობების განხორციელება შეუძლია:
** ამომრჩეველთა განათლების/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები (ტრენინგები, შეხვედრები, სემინარები, დისკუსიები ან სხვ.);
** საარჩევნო თემაზე საინფორმაციო კამპანია;
** შემოქმედებითი ხელოვნება და ვიზუალური კომუნიკაციის მეთოდები საარჩევნო უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით;
** სოციალური მედიის კამპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ მოქალაქეთა მონაწილეობას და საარჩევნო უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
** სხვა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული აქტივობები;
ორგანიზაცია თავისუფალია ადგილობრივი თემისთვის კონტექსტის და საჭიროებებისთვის შესაფერისი აქტივობების და მიდგომების არჩევაში.
პროექტით გათვალისწინებულ აქტივობაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 150 მონაწილე, თუკი საუბარია ტრადიციული მეთოდებით ინფორმაციის გადაცემაზე (ტრენინგი, სემინარი), ხოლო 500 მონაწილე, თუკი საუბარია სხვა კრეატიული მეთოდების გამოყენებაზე.
მონაწილეობის პირობები:
** საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია თემში და აქვს სამოქალაქო განათლების/ცნობიერების ამაღლების მიმართულებით პროექტის განხორციელების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსის ფლობა;
** სასურველია თემში სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** პროექტის განხორციელების სავარაუდო გეგმა აქტივობების და ბიუჯეტის მონახაზის ჩათვლით ქართულ ენაზე (მიბმული ფაილები);
** ჩატარებული ტრენინგების მოდულის ნიმუში, მონახაზი (არსებობის შემთხვევაში);
** ინფორმაცია 2 რეკომენდატორის შესახებ, რომელთან ორგანიზაციას ჰქონია თანამშრომლობა;
** ორგანიზაციის წესდება.
შემდეგი სახის პროგრამები არ იქნება დაფინანსებული:
** პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები;
** საქველმოქმედო საქმიანობა;
** სამშენებლო პროგრამები;
** პროგრამები, რომლებიც მხარს უჭერენ კონკრეტულ რელიგიურ აქტივობებს;
** ფონდების მოზიდვის კამპანიები;
** კონკრეტული კანონმდებლობის ან პროგრამების ლობირება;
** სამეცნიერო კვლევები;
** პროგრამები, რომლებიც ორგანიზაციის ზრდისა და ინსტიტუციური განვითარებისთვისაა განკუთვნილი.
განაცხადები მიიღება 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით ელექტრონული ფორმით მისამართზე: hr@isfed.ge
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@isfed.ge
არასრული განცხადებები არ განიხილება.
ორგანიზაციის შესახებ:
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:
** საარჩევნო პროცესების გაუმჯობესება, არჩევნებზე დაკვირვების, სიღრმისეული კვლევების, საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებისა და ამომრჩეველთა განათლების გზით;
** მოქალაქეთა უფლებების დაცვა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა იურიდიული დახმარების პროგრამის მეშვეობით;
** დეზინფორმაციისა და საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით;
** ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;
** ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა.
წყარო: https://jobs.ge/