ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000506 დასრულებული

იდეების კონკურსი ახალი მედია ხელოვნების გამოფენისთვის

წყარო: მდგომარეობებს შორის

განაცხადის ბოლო ვადა
25.09.2019
საიტზე დამატებულია
04.09.2019

კონკურსის შესახებ:

თანამედროვე ხელოვნების მულტიდისციპლინური პლატფორმა "მდგომარეობებს შორის" აცხადებს იდეების კონკურსს გამოფენისთვის "Post.Digital.Dreams".

"Post.Digital.Dreams"-ის იდეა

"Post.Digital.Dreams" ეს არის რეფლექსია დღევანდელ ცვალებად ეპოქასთან მიმართებაში, სადაც ტექნოლოგიური განვითარების უსწრაფესი ტემპი, ციფრული ინფორმაციის გავრცელების უმართავი პროცესები, დროისა და სივრცის მუდმივი ინტერნეტკავშირი, მედია მანიპულაციები, ყალბი "ცოდნები" და ინფორმაცია, ალტერნატიული თუ სიმულაციური რეალობები ფუნდამენტურად [გარდა]ქმნის ადამიანის, როგორც აღქმის ისე გამოხატვის პერსპექტივებს.
პოსტ-ციფრულ ერაში აღარ გვიკვირს ტექნოლოგიური მიღწევები, აღარ გვიკვირს შავი ხვრელის პირველი ფოტო-გამოსახულება, მარსის კოლონიზაციის გეგმა, ილონ მასკის საყოველთაო ინტერნეტ-კავშირის იდეაფიქსი, არც ხელოვნური ინტელექტის ავტონომიურობა, ნეირომეცნიერების განვითარება, ცნობიერების ატვირთვა, მარადიული ციფრული სიცოცხლე, აღარც მედიის და მედიუმის მანიპულაციის თემა, აღარც სოციალურ ქსელებში გადაბარგება და იქიდან ვირტუალურისა და რეალურის ზღვარზე არსებობა წარმოადგენს განსაკუთრებული ყურადღების საგანს.
ერთი რამ ცხადია, გარემო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც მანამდე იყო. აპოკალიფსი და დემონები, რომელიც კაცობრიობის კოლექტიური ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა, არასდროს ყოფილა მატერიალიზებასთან ისე ახლოს, როგორც დღეს. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია, სადაც ჩვენ ამ ყველაფერზე კი არ ვფიქრობთ, არამედ ეს ყველაფერი იქცა ჩვენი აზროვნების ნაწილად.
შესაძლოა, მომავლის პერსპექტივა ბევრად უფრო ნათელია - ვადაპტირდებით, ვტრანსფორმირდებით, მოვერგებით, დავიბადებით და მოვკვდებით. თუმცა, ეს უკანასკნელი საეჭვოა... უკვდავების რეალობად ქცევის პერსპექტივა ასე ხელშესახები არასდროს ყოფილა. ჩვენი გონება, ჩვენს მიერ ოდესმე განცდილი თითოეული წამი, შესაძლოა ტრანსფორმირდეს უკვადების დაუსრულებელ, სხეულებრივი მონაცვლეობის წრებრუნვაში. ამ ყველაფერის ფონზე, იმ ფაქტს, რომ გლობალური, "ტექტონური" ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების პერიოდში ვცხოვრობთ, ვერსად გავექცევით. პერიოდში, სადაც არსებული მდგომარეობა ნაცვლდება ახლით.
და მაინც, რა არის ჩვენი ინდივიდუალური გამოხატვის როლი აქ და ახლა? სად ვართ ჩვენ და სად არის პოსტ-პოსტ რეალობის ხატება? ან რა არის ახალი სამეტყველო ენა, რომლითაც ამ რეალობაზე ვსაუბრობთ?

რა არის "მდგომარეობებს შორის"?

"მდგომარეობებს შორის" ტრანსდისციპლინურ სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია ხელოვნებას, ახალ ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა [სინთეზურ] მოცემულობებს აერთიანებს.
პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ცვალებადი სოციო-პოლიტიკური კონტექსტბის იდენტიფიცერებას, კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი ცოდნებისა და გამომსახველობითი ფორმების მანიფესტაციების გენერირებას საგამოფენო კონტექსტში.

კონკურსის აღწერა:

** კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ის ავტორები, რომელთაც სურთ იმუშავონ ახალი მედია ხელოვნებისა და მეცნიერების, ინტერდისციპლინური და ექსპერიმენტული მიმართულებებით. აქედან გამომდინარე, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი დარგისა და პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანს;
** კონკურსის ფარგლებში, გამოფენისთვის "Post.DigitaL.Dreams", რომელიც დაგეგმილია 2019 წლის დეკემბერში, შეირჩევა 10 გამარჯვებული იდეა;
** კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მედიუმს, სფეროსა თუ დისციპლინაში მომუშავე ადამინიას, ვინც სხვადასხვა [მედია] სახელოვნებო და სამეცნიერო პრაქტიკების მეშვეობით ეხმიანება გამოფენის კონცეფციასა და პრობლემატიკას;
** იდეა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ფორმატით: ინსტალაცია-ობიექტი, კვლევა, პერფორმანსი, პროტოტიპი, კომპიუტერული პროგრამა, ექსპერიმენტი, ვორქშოფი, ლექცია, ფილმი, თამაში და ა.შ;
** კონკურსში შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ნამუშევრის იდეის წარმოდგენა;
** საგამოფენო სივრცე(ები) დამოკიდებულია თავად გამარჯვებულ იდეებზე. განმარტება: საგამოფენო სივრცე შესაძლებელია იყოს თავად იდეის ნაწილი, შესაბამისად, კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ხედვა იდეის პრეზენტაციასთან დაკავშირებით;

ვის მიენიჭება უპირატესობა?

** მულტიდისციპლინურ მიდგომაზე, ასევე მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ხელოვნების სინთეზზე დაფუძნებულ იდეებს;
** ისეთ პროექტებს, რომელიც ეხმიანება საქართველოში არსებულ სამეცნიერო კვლევით რესურსებს, ინსტიტუციებსა თუ სივრცეებს;
** კვლევით პრაქტიკაზე დაფუძნებულ იდეებს;

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა წარმოადგინოთ:

** 1 გვერდზე ნათლად ჩამოყალიბებული ნამუშევრის იდეა;
** განხროციელებისთვის საჭირო ტექნიკური/მატერიალური რესურსების ჩამონათვალი;
** არსებობის შემთხვევაში იდეის ვიზუალური პრეზენტაცია ნებისმიერი მოსახერხებელი ფორმატით (ფოტო, სკეჩი, ჩანახატი, გრაფიკული გამოსახულება, რენდერი, დამატებითი ტექსტი, ვიდეო, საუნდი და ა.შ);
** თუ ფაილის ზომა აღემატება ელექტრონული ფოსტით დაშვებულ ლიმიტს, შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Drive-ის, Wetransfer-ის ან თქვენთვის უფრო დაცული file sharing-ის მეთოდი;
** სახელი გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზეც შევძლებთ თქვენთან დაკავშირებას (ტელეფონი, ელექტორნული ფოსტა, ასევე შეგიძლიათ ტელეგრამი (telegram app);
** პორტფოლიო ან CV;

როგორ აგზავნით იდეას?

"მდგომარეობებს შორის" ელექტრონულ ფოსტაზე: inbetweenconditions@gmail.com

გამარჯვებული იდეების შერჩევის პროცესი და ვადები:

იდეის წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი.

გამარჯვებული იდეების ავტორებთან დაკავშირება მოხდება კონკურსის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში. ამის შემდეგ კი დაიწყება აქტიური კომუნიკაცია, ნამუშევრის ბიუჯეტის შემუშავება და მუშაობა გამოფენისათვის იდეის მოსამზადებლად;

საკონკურსო პერიოდში შესაძლებელია საკონსულტაციო შეხვედრების დაგეგმვა;

საკონტაქტო ინფორმაცია ნებისმიერი სხვა დამატებითი შეკითხვებისთვის:
e-mail: inbetweenconditions@gmail.com
mobile: +995 577 93 50 32 // +995 558 90 04 00
Telegram: @callinbetweenconditions2019 // https://t.me/callinbetweenconditions2019

პროექტი ხოციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.


წყარო : http://jobs.ge