ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000078 დასრულებული

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა

წყარო: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
01.03.2019
საიტზე დამატებულია
21.01.2019

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის N365 დადგენილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა

პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა;
  • ბრენდირება.

ბრენდირების კომპონენტში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში კოოპერატივს ასევე შეუძლია მოითხოვოს წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენაში თანადაფინანსება.

  • საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვის მომსახურების ღირებულების 10%-ს დაფარავს მონაწილე, 90%-ს კი სააგენტო. დონორის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოსა და დონორის მიერ დასაფარი ოდენობა განისაზღვრება მათ შორის არსებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
  • ბრენდირებისათვის საჭირო აღჭურვილობის ღირებულების 30%-ს დაფარავს მონაწილე, 70%-ს კი სააგენტო, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. დონორის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოსა და დონორის მიერ დასაფარი თანხის ოდენობა განისაზღვრება მათ შორის არსებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
  • სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების თანხის მისაღებად მონაწილემ სააგენტოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დანადგარის შესყიდვის ინვოისი ქართულ ენაზე, რომელიც მოიცავს:
  • აღჭურვილობის დასახელებას;
  • აღჭურვილობის ღირებულებას;
  • მიწოდების პირობებს;
  • საგარანტიო პირობებს;
  • მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებს.

სააგენტოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის მომწოდებლისთვის გადახდა ხდება მონაწილის მიერ ამ პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის გადახდის და სააგენტოსათვის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პროგრამაში მონაწილეობისათვის კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და უნდა შეასრულოს პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები.

პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი მოთხოვნები

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვის მომსახურების შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენისას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
  • საკუთრებაში აქვს რძის გადამამუშავებელი საწარმო;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კოოპერატივის ან/და მისი მეპაიეების მიერ წარმოებული/მიწოდებული რძის გადამუშვებას;
  • განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს განაცხადის წარდგენამდე და წარმოადგენს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ შესაბამის მტკიცებულებას;
  • არ გააჩნია აღიარებულისაგადასახადო დავალიანება.

ბრენდირებისათვის გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენისას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
  • პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადის წარდგენის თარიღისთვის აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს და ახდენს მის რეალიზაციას;
  • განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს განაცხადის წარდგენამდე და წარმოადგენს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ შესაბამის მტკიცებულებას;
  • არ გააჩნია აღიარებულისაგადასახადო დავალიანება.

პროგრამაში მონაწილეობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენის და განხილვის წესი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.acda.gov.ge

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვის მომსახურებისათვის გათვალისწინებულ შემთხვევაში პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

  • კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი;
  • ცნობა სსიპ-შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არ არსებობის თაობაზე;
  • ცნობა სსიპ -სურსათის ეროვნული სააგენტოდან კოოპერატივის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების (ძროხა, ცხვარი) შესახებ;
  • ცნობა სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოდან ბიზნესოპერატორის აღიარების/დროებითი აღიარების შესახებ;
  • რძისა და რძის პროდუქტის წარმოების და რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულებები ან/და მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მოგების გადასახადის დეკლარაცია, საბაჟო დეკლარაციები).

ბრენდირებისათვის გათვალისწინებულ შემთხვევაში პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

  • კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი;
  • ცნობა სსიპ-შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არ არსებობის თაობაზე;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების და რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულებები ან/და მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მოგების გადასახადის დეკლარაცია, საბაჟო დეკლარაციები).

მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმება

  • პროგრამაში ჩართვიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში მონაწილეს, სააგენტოსა და დონორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის ფორმდება ხელშეკრულება.
  • ხელშეკრულების ფარგლებში მონაწილემ უნდა შეასრულოს შემდეგი ვალდებულებები:
  • დადგენილ ვადაში გადაიხადოს ამ პროგრამით განსაზღვრული თანადაფინანსების შესაბამისი ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
  • საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვისათვის გათვალისწინებული მომსახურების მიღებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში მიიღოს შესაბამისი სერთიფიკატი;
  • დროულად და ჯეროვნად შეასრულოს მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მითითებები;
  • დაიცვას ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების სხვა მოთხოვნები.

მონაწილის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები

მონაწილის მიერ ამ პროგრამით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მას განესაზღვრება შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. მონაწილე ვალდებულია, აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა.

დაწესებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, წყდება მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება.

პროგრამით დადგენილი წესით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს სააგენტოს მიერ მომსახურების შესყიდვისათვის გაწეული თანხის სრულად დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

პროგრამის მონიტორინგი

პრედენდენტის პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობას და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საველე ან/და დოკუმენტურ მონიტორინგს უზრუნველყოფს სააგენტო.

საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს ექვემდებარება როგორც პრეტენდენტი, ასევე მონაწილე პროგრამის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: acda.gov.ge