|
1871 |
---|
პორტისთვის ახალ კომპანიას არ ვეძებთ — სსიპ ანაკლიის განვითარების სააგენტო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო, რომელიც სახელმწიფოს, კერძოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვემდებარება, აცხადებს, რომ ინფორმაცია, “თითქოს არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით ალტერნატიულ კომპანიას ეძებს და ემზადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად“, სიმართლეს არ შეესაბამება. 30 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტომ საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ერთ-ერთი პირობაა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის თანმდევი შედეგების ანალიზი. დოკუმენტი 15 მარტით თარიღდება. “დამატებითი მისია მოიცავს კლიენტისათვის ყოვლისმომცველი იურიდიული მემორანდუმის მომზადებასა და მიწოდებას, რომელშიც გაანალიზებული იქნება სამართლებრივი შედეგები საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ იურიდიულ კომპანია White & Case LLP-სთან დადებულ კონტრაქტში. სააგენტო 31 მარტით დათარიღებულ განმარტებაში განმარტავს, რომ “ხელშეკრულების საგანია სამართლებრივი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა” და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესში, რაც გულისხმობს: საინვესტიციო ხელშეკრულებაში ბანკებისა და ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების სამართლებრივ შეფასებას, ხელშეკრულების ცვლილებების მომზადებას, კონსორციუმთან და ბანკებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას და დახმარებას მოლაპარაკებების წარმართვაში, ასევე, რეკომენდაციების გაწევას მოლაპარაკებების პროცესში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით”. თუმცა სააგენტო არ უარყოფს, რომ კონტრაქტში დამატებით მისიად კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის იურიდიული შედეგების განსაზღვრაცაა გაწერილი:
სააგენტოს ამას შემდეგნაირად განმარტავს: “ნებისმიერ საქმიან ურთიერთბაში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანისათვის ბუნებრივია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს სურს იცოდეს ის რისკები და შედეგები, რომლებიც შეიძლება დაუდგეს იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ხელშეკრულების ბოლო ცვლილებით განსაზღვრულ ვადაში (1 ივლისისათვის) კონსორციუმი ვერ შეძლებს საკუთარი კაპიტალის შევსებას, ბანკებისგან დაფინანსების მოპოვებას, პორტის მშენებლობის დაწყებას და რის გამოც დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის პროცედურების ამოქმედების საკითხი. ასეთი ოფციის გათვალისწინება ხელშეკრულებაში ბუნებრივია მითუმეტეს მაშინ, როდესაც კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი არ მალავს, რომ აპირებს სამართლებრივ დავას საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში”, — ვკითხულობთ განცხადებაში. “ის, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებებზე მოლაპარაკების პროცესში სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად გაფორმდა ხელშეკრულება ცნობილ და გამოცდილ იურიდიულ კომპანიასთან, ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფო აგრძელებს მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. კვალიფიციური საერთაშორისო კომპანია კი სჭირდება მოლაპარაკების პროცესის სწორად წარმართვისთვის”, — აცხადებს სააგენტო.
|
31-03-2019
წყარო: netgazeti.ge
26-01-2023 მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა |
---|
27-03-2019 შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის |
31-03-2019 ლირის კრიზისი გრძელდება - რა ელოდება თურქეთის ეკონომიკას |
26-10-2022 როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა? |