|
1403 |
---|
ნავთობმა ახალი კვარტალი გაძვირებით დაიწყო
ნავთობის ფასმა ახალი კვარტალი ზრდით დაიწყო და პირველ კვარტალში აღებული ტემპი შეინარჩუნა. პირველ კვარტალში ფასის ზრდა, ბოლო ათწლეულში ყველაზე მკვეთრია, რაც მეტწილად OPEC-ის მიერ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის ძალაში შესვლამ განაპირობა. ამჯერად კი ფასის მატების მთავარი მიზეზი, გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებული პოზიტიური ინფორმაცია გახდა. ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 96 ცენტით (1.42 პროცენტით) გაიზარდა და 68.54 დოლარს მიაღწია. იანვარი-მარტის პერიოდში ზრდამ 27 პროცენტს მიაღწია. პირველ კვარტალში შედარებით მოკრძალებული, 32-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა აშშ-ის დასავლეთ ტექსასურ საშუალოს (WTI). დღეს მისი ფასი 56 ცენტით (0.93 პროცენტით) გაიზარდა და 60.70 დოლარს მიაღწია. გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების იმედს ის გარემოება იძლევა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო პრობლემების მოსაგვარებლად დაწყებული მოლაპარაკება, გაჭიანურების მიუხედავად, წარმატებით მიმდინარეობს. ეკონომიკის გაჯანსაღებას კი ნავთობზე მოთხოვნის ზრდა მოჰყვება. გარდა ამისა, ჩინეთმა დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რაც ნავთობის ბაზარს ასევე ოპტიმისტურად განაწყობს. „BNP პარიბასის“ სტრატეგი ჩილინგურიანი „როიტერსთან“ საუბრისას ამბობს, რომ გლობალური ბაზრის გაჯანსაღების მოლოდინი, ინვესტორებს რისკებისადმი აპეტიტს უზრდის. შეერთებული შტატების და ჩინეთის მხარეები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებზე პროგრესი აშკარაა. მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი პეკინში გაიმართა, მალე კი ვაშინგტონში გაგრძელდება. „როიტერსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეკონომისტებმა ნავთობის პროგნოზული საშუალო ფასი, ბოლო ხუთ თვეში პირველად გაიზარდა. 2019 წლისთვის მათი საშუალო პროგნოზული ფასი 67.12 დოლარია. ამასთან, ამერიკულ საშუალოზე ყიდვის პოზიციებს, სულ უფრო მეტი ჰეჯ ფონდი ხსნის. ამ ყველაფრის ფონზე, შეერთებულ შტატებში მოპოვების მოცულობამ ოდნავ დაიკლო. ეს ქვეყანა ახლახანს მსოფლიოს უმსხვილესი მომპოვებელი გახდა, თუმცა ბოლო მონაცემებით, იქ ყოველდღიური მოპოვება 11.9 მილიონ ბარელამდე შემცირდა. |
02-04-2019
წყარო: bpn.ge
11-05-2023 ესტონეთში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტზე დასასწრებლად რეგისტრაცია დაიწყო |
---|
29-05-2019 ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ 130 000%-ს გადააჭარბა |
16-08-2022 მარნეულსა და ლაგოდეხში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ქალების მხარდასაჭერი პროგრამა იწყება |
22-03-2019 საუდეთი ახალი ტურისტული ადგილისთვის 20 მილიარდ დოლარს დახარჯავს |