ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001098 დასრულებული

საგრანტო კონკურსი - „იმოქმედე ახლა"

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
01.04.2022
საიტზე დამატებულია
15.03.2022

კონკურსის შესახებ:

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსს - "იმოქმედე ახლა".

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობებისა და მოქალაქეთა გაერთიანებების ინიციატივები უკრაინაში მიმდინარე ომისა და საქართველოზე მისი გავლენის საპასუხოდ. ორგანიზაციებსა და აქტივისტებს შეუძლიათ მიიღონ სწრაფი და მოქნილი ფინანსური მხარდაჭერა შემდეგი აქტივობების განსახორციელებლად:

- საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად სამოქალაქო ინიციატივების ორგანიზება, უკრაინის მოქალაქეების ზუსტი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების მობილიზება, მიმდინარე მხარდამჭერი ინიციატივების კოორდინირება ან/და ამ ინიციატივების ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა და სტრუქტურირება (ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით).
- უკრაინისთვის ფინანსური და სხვა ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებისთვის სამოქალაქო ინიციატივების ორგანიზება, ამ კუთხით არსებული ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, ახალი შესაძლებლობების შექმნა ან/და სხვა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა.
- სექტორთაშორისი და სექტორს შიგნით თანამშრომლობის მხარდაჭერა მიმდინარე ინიციატივების გასაძლიერებლად ან/და ახალი ინიციატივების შესამუშავებლად.

სწრაფი რეაგირების გრანტები შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხების გადასაჭრელადაც, მათ შორის:

- უკრაინაში მიმდინარე ომის დროს საქართველოში მოქმედი რადიკალური ულტრამემარჯვენე ან/და რუსეთის მიერ დაფინანსებული ჯგუფების საზიანო ქმედებების გამოაშკარავება და ამ კუთხით არსებული საფრთხეების შესამცირებლად საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიების განხორციელება.
- უკრაინაში ომის გამო განსაკუთრებით აქტუალური და ყველაზე ხშირად განხილული საკითხების სიღრმისეული ანალიზი და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, მაგ. სანქციებზე მიერთება, რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა, საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები და ა.შ.
- უკრაინაში ომის გამო საქართველოს წინაშე წამოჭრილი გადაუდებელი საკითხებისა და პრიორიტეტების შესახებ საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიების განხორციელება.
- უკრაინის ომთან დაკავშირებით სწორი კომუნიკაციის მხარდაჭერა, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი დახმარებების შესახებ.
- სხვა სამოქალაქო ინიციატივები, რომლებიც უპასუხებს უკრაინის ომის და საქართველოზე მისი გავლენის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.

საპროექტო იდეების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. იდეების ავტორებმა ნათლად უნდა განმარტონ, რატომ არის შემოთავაზებული ინიციატივა მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ განსახორციელებელი. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა საპროექტო იდეებს სწრაფად - 3-5 დღეში - განიხილავს. გრანტები გაიცემა დამტკიცებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

საგრანტო თანხა: $500-იდან $10 000-მდე
პროექტების ხანგრძლივობა: 2 კვირიდან 2 თვემდე
განაცხადის წარდგენის ვადა: ღია

საპროექტო იდეები განიხილება მიღებისთანავე და გრანტები გაიცემა დაფინანსების ამოწურვამდე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.


წყარო: http://regmarket.ge