ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 25.03.2024
- საიტზე დამატებულია
- 23.02.2024
კონკურსის შესახებ:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს (დოქტორანტებს), რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში აკრედიტებულ სადოქტორო პროგრამებზე.
გრანტი გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:
ა) კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი ხარჯების ანაზღაურების მიზნით;
ბ) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით განაცხადის წარმოდგენა შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ნაშრომს ჰყავს რამდენიმე თანაავტორი, აღნიშნული ნაშრომის პრეზენტაციისათვის კონკურსში მონაწილე განმცხადებლის ვინაობას წყვეტს ავტორთა ჯგუფი. ერთსა და იმავე ღონისძიებაზე ერთი და იმავე მოხსენებით გამგზავრების დასაფინანსებლად საგრანტო განაცხადის შემოტანა შეუძლია მხოლოდ ერთ პირს.
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების მიზნით განაცხადის წარმოდგენა შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ნაშრომს ჰყავს რამდენიმე თანაავტორი, კონკურსში მონაწილე განმცხადებლის ვინაობას წყვეტს ავტორთა ჯგუფი. ერთი და იმავე სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების მიზნით საგრანტო განაცხადის შემოტანა შეუძლია მხოლოდ ერთ პირს.
გრანტის ოდენობა ერთ კონკურსანტზე არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
კონკურსანტს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი სახის ხარჯები სამინისტროს მიერ განსაზღვრული თანხის ამოწურვამდე:
ა) საერთაშორისო მგზავრობა (მათ შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე გაწეული ხარჯი).
ბ) ცხოვრების ხარჯი - არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებით დადგენილი ოდენობისა.
ბ.ა.) გრანტი გაიცემა სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების დღეების პროპორციულად და შეიძლება დაემატოს თითო დღე/ღამე სამეცნიერო ღონისძიების ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ, რაც უნდა დასტურდებოდეს სამინისტროში წარმოდგენილი საერთაშორისო მგზავრობის დოკუმენტის საფუძველზე;
ბ.ბ.) გრანტი გაიცემა არაუმეტეს 7 ღამისა და 8 დღისა, რომელშიც შედის გამგზავრებისა და დაბრუნების დღეები;
გ)სამეცნიერო ღონისძიებაში რეგისტრაციის ხარჯი (მათ შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე გაწეული ხარჯი);
დ) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების ხარჯი;
ე) ვიზის ხარჯი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა - https://shorturl.at/xAD56
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში სტატიის ბეჭდვა - https://shorturl.at/hJKRV
ა) განცხადება;
ბ) საგრანტო განაცხადი;
გ) ავტობიოგრაფია (CV); მათ შორის, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან, რომ კონკურსანტი არის დოქტორანტი, რომელიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ვ) ინფორმაცია ღონისძიების შესახებ (თემატიკა ან/და სავარაუდო სამუშაო გეგმა; ჩატარების ადგილი, თარიღი და ფორმატი; ორგანიზატორი დაწესებულება ან/და სხვ.);
ზ)თეზისი (თეზისი ხელს უნდა უწყობდეს ახალი ცოდნის ფორმირებას, ეხებოდეს აქტუალურ საკითხებს და ითვალისწინებდეს დარგში არსებულ მეცნიერულ ცოდნას)
თეზისი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- თეზისის სათაური
- საკვანძო სიტყვები
- თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას
თ) ოფიციალური მოწვევის წერილი (მასპინძელი ორგანიზაციის/დაწესებულების თანხმობა) ან სამეცნიერო ღონისძიებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ორიგინალი და ქართულ ენაზე ნათარგმნი;
ი) სამეცნიერო ღონისძიებაზე წარსადგენი მოხსენების ან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო სტატიის თეზისი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
კ)საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის (გამომცემლობიდან ან რედაქციისგან) თანხმობა სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების პროცედურის დაწყების თაობაზე.
ლ) ბიუჯეტი (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია);
იხილეთ: დებულება
სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილე კონკურსანტთა შეფასების ფორმა
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების მიზნით მონაწილე კონკურსანტთა შეფასების ფორმა
განაცხადის მიღების ვადა: 2024 წლის 15 თებერვლიდან (09:00 სთ.) - 25 მარტის (18:00 სთ.) ჩათვლით
გრანტი გაიცემა იმ სამეცნიერო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით, რომელთა ჩატარება დაგეგმილია 2024 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილისქუჩა №4.
ტელ: 577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე
ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com
Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი