ციფრული საგანმანათლებლო კურსების შექმნა
წყარო: პროფესიული უნარების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 12.04.2024
- საიტზე დამატებულია
- 05.03.2024
კონკურსის შესახებ:
"პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს საგრანტო კონკურსს პროფესიული პროგრამების, მომზადება/გადამზადების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ციფრული საგანმანათლებლო კურსების შექმნასთან დაკავშირებით.
"პროფესიული უნარების სააგენტო" არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.
აღნიშნული კონკურსი უკავშირდება პროფესიული უნარების სააგენტოს პრიორიტეტებს, ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მასწავლებლების დარგობრივი ქსელების გააქტიურებასა და გაძლიერებას, მასწავლებელთა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მომზადება/გადამზადების განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას, ინოვაციური და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნასა და გამრავალფეროვნებას.
კონკურსის ფარგლებში ერთი საგრანტო პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 15 000 ლარს.
კონკურსის ფარგლებში განმცხადებელი არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მომზადება/გადამზადების განმახორციელებელ საჯარო ან კერძო დაწესებულება, რომელიც კონკრეტული მოდულის ფარგლებში ციფრული საგანმანათლებლო კურსის შემუშავების მიზნით თანამშრომლობს ავტორთა ჯგუფთან;
კონკურსის ფარგლებში ავტორთა ჯგუფი ქმნის ციფრული საგანმანათლებლო კურსის შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ ნაწილს. ავტორთა ჯგუფი უნდა შედგებოდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მომზადება/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი სხვადასხვა დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლებისაგან. თუ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას არ ახორციელებს სხვა დაწესებულება, დასაშვებია ავტორთა ჯგუფის წევრები ასწავლიდნენ ერთსა და იმავე დაწესებულებაში.
ციფრული საგანმანათლებლო კურსი არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მომზადება/გადამზადების პროგრამის შემადგენელი მოდულის/სწავლის შედეგებისთვის სწავლებისთვის მხარდამჭერი კომპონენტების ლოგიკური და ორგანიზებული ერთობლიობა. ციფრული საგანმანათლებლო კურსი უნდა მოიცავდეს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: საკითხავი მასალა, მულტიმედიური პროდუქტები (ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ანიმაცია, ფილმი, ილუსტრაციები, ფოტოები და სხვა), სადისკუსიო კითხვები, პრაქტიკული დავალება, ტესტი ან სხვა შეფასების ინსტრუმენტები და ა.შ.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განცხადების ფორმები შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილებში.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით Eflow-ს ან ელ.ფოსტის - info@geoskills.ge საშუალებით (Eflow-ს დოკუმენტბრუნვის ელ. სისტემის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებების განაცხადი მიიღება მხოლოდ Eflow-ს საშუალებით).
წყარო: https://jobs.ge/