მოწვევა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის
წყარო: ევროპის ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 28.06.2019
- საიტზე დამატებულია
- 10.06.2019
გრანტის შესახებ:
"ევროპის ფონდი" იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2019 წლის 7 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის გრანტის მისაღებად. ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში სსო-ებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება.
"ევროპის ფონდის" შესახებ:
"ევროპის ფონდის" მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. მიზნობრივი პროგრამების მხარდაჭერის და საგრანტო კონკურსების გზით, ევროპის ფონდი მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს.
ფონდის მანდატები და მიდგომები ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: სამოქალაქო მონიტორინგი, კორპორატიული და საზოგადოებრივი ფილანტროპია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება და საჯარო პოლიტიკის შემუშავება, საზღვრისპირა და თემთაშორისი თანამშრომლობა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ინტეგრაცია, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა და ღია კარის საგრანტო პროგრამა. ევროპის ფონდი შემდეგ პროგრამებს ახორციელებს: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისთვის, ახალგაზრდული ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა.
"ევროპის ფონდი" 2008 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ევროპის ფონდი ევრაზიის ფონდის ქსელის წევრია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ თერთმეტ დამოუკიდებელ ორგანიზაციას აერთიანებს.
ღია კარის საგრანტო პროგრამის შესახებ:
"ევროპის ფონდის" ღია კარის საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საგრანტო პროექტების მეშვეობით გამოავლინონ საზოგადოების წინაშე მდგომი მწვავე პრობლემები და მოიძიონ მათი გადაჭრის ინოვაციური გზები.
ღია კარის პროგრამა ღიაა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი პროექტისათვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და, ამავდროულად, აქვს განვრცობის, რეპლიკაციის და მდგრადობის პოტენციალი. ღია კარის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი ფონდის მისიასა და მანდატებს უნდა შეესაბამებოდეს. პროექტი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ადგილზე არსებული კონკრეტული პრობლემების დაძლევის რეალურ გზებს და ადასტურებდეს ამ პრობლემათა პრიორიტეტულობას სანდო მონაცემების საფუძველზე. ამასთან, პროექტის მეთოდოლოგია ნათლად უნდა აღწერდეს ფართო სამოქალაქო ჩართულობას პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიებაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და ცვლილებების განხორციელებაში. პროექტს შედეგად უნდა მოჰყვეს მნიშვნელოვანი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ცვლილებები ადგილობრივ ან/და ქვეყნის დონეზე.
"ევროპის ფონდი" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გენდერულ თანასწორობას და მოუწოდებს განმცხადებლებს, საპროექტო განაცხადების მომზადებისას, გაითვალისწინონ, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ პროექტს ქალებსა და მამაკაცებზე. იხილეთ გენდერული ასპექტების გათვალისწინებით პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების სახელმძღვანელო კითხვარი.
"ევროპის ფონდი" ხელს უწყობს ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და სექსუალური უმცირესობების ჩართულობას ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ფონდი მოუწოდებს აპლიკანტ ორგანიზაციებს პროექტის შემუშავებისას გაითვალისწინონ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები და ის შესაძლო ზეგავლენა, რაც პროექტს უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებზე შეიძლება ჰქონდეს. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების სახელმძღვანელო კითხვარი.
ღია კარის საგრანტო პროგრამის განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.
დაფინანსება:
ფონდის მიერ ბოლო წლებში დაფინანსებული პროექტების ანალიზმა აჩვენა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობის ბიუჯეტი საშუალოდ 40, 000-45, 000 ლარს შეადგენს, რაც, უმეტეს შემთხვევაში, საგრანტო პროექტის მიზნებისა და ამოცანების ადეკვატურად მიღწევის საშუალებას იძლევა. ევროპის ფონდი განმცხადებლებს ურჩევს, გაითვალისწინონ ეს გარემოება საპროექტო განაცხადის მომზადებისას.
საგრანტო თანხის გამოყენება დაუშვებელია ორგანიზაციის მიმდინარე ხარჯების ან ვალების დასაფარად, სამშენებლო მიზნებისთვის ან უძრავი ქონების შესასყიდად. გაითვალისწინეთ, რომ ევროპის ფონდი არ აფინანსებს:
** პოლიტიკურ პარტიებს (თუმცა, შესაძლოა, დაფინანსდეს საქმიანობა, რომელიც მოიცავს ყველა პარტიის მონაწილეობას, მაგ. საარჩევნო პროცესში ჩართულობა);
** პარტიული ან პოლიტიკური მიზნით განხორციელებულ ლობირებას (გარდა იმ საკითხების ადვოკატირებისა, რომელთაც საზოგადოებრივი სარგებელი მოაქვთ);
** რელიგიურ საქმიანობას;
** კომერციული მიზნით განხორციელებულ სამშენებლო პროექტებს;
** ნებისმიერი სახის სამხედრო აქტივობას;
** სესხების დაფარვას;
** თეორიულ კვლევებს, ბაზრის კერძო კვლევებს;
** სასწავლო სტიპენდიებსა და სამოგზაურო გრანტებს.
შერჩევის პროცესი
შერჩევის გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, საპროექტო წინადადებები განიხილება ევროპის ფონდის მრჩეველთა საბჭოს მიერ. გრანტის გაცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ფონდი მიიღებს. განხილვის პროცესში, შესაძლოა, ფონდმა განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს, განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
შერჩევის კრიტერიუმები
საპროექტო განაცხადების შესაფასებლად, ევროპის ფონდი შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს:
** ღია კარის საგრანტო პროგრამის მიზნებთან და პირობებთან შესაბამისობა;
** პროექტის მეთოდოლოგიის ეფექტურობა, მათ შორის, ინოვაციური, შედეგზე ორიენტირებული და შესრულებადი სამოქმედო გეგმის არსებობა, რომელიც მოიაზრებს ადგილობრივი მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიების პროცესში;
** მოსალოდნელი შედეგების მასშტაბი;
** დასახული მიზნის მიღწევის პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა;
** რისკ ფაქტორების ანალიზი და მათი შემცირების ეფექტური გეგმა;
** გენდერული და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი, პროექტის საქმიანობებსა და გადაწყვეტილების მიღებაში ქალებისა და მამაკაცების, ასევე უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების თანაბარი ჩართულობისა და პროექტის შედეგებზე მათი თანაბარი წვდომის დასასაბუთებლად;
** ორგანიზაციის შესაბამისი გამოცდილება, რაც გულისხმობს: ა) განმახორციელებელი გუნდის ან/და მოწვეული ექსპერტების კვალიფიკაციას; ბ) კონკრეტულ სფეროში პროექტების განხორციელების წარსულ გამოცდილებას; და გ) გრანტის მართვას;
** ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა;
** პროექტის მდგრადობა (პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობასთან და შედეგებთან მიმართებით).
საკონტაქტო ინფორმაცია:
განმცხადებლებმა ევროპის ფონდში წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: Open Door Grantmaking)
ევროპის ფონდის მისამართი: კავსაძის ქ. 3, მე-2 სართული. ტელ/ფაქსი: (+995 32) 225 39 42/43. საკონტაქტო პირი: ნანა გამყრელიძე, პროგრამის მენეჯერი, ngamkrelidze@epfound.ge.
წყარო : http://jobs.ge