Boeing-მა პროდუქციის წარმოება შეამცირა
ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი 737 ტიპის თვითმფრინავის წარმოება Boeing-მა დროებით მას შემდეგ შეამცირა, რაც ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს ეთიოპიასა და ინდონეზიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.
Boeing-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის პროდუქციის წარმოება 52 თვითმფრინავიდან თვეში 42 ერთეულამდე შემცირდება.
ლაპარაკია Boeing 737 Max-ის ტიპის ავიახომალდზე. ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს 10 მარტს ეთიოპიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. თვითმფრინავში 157 მგზავრი იყო. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.
ეთიოპიაში ავიაკატასტროფიდან მალევე Boeing 737 Max-ისთვის საჰაერო სივრცე დახურა უამრავმა ქვეყანამ, მათ შორის ჩამონათვალშია საქართველოც.