სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა
წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში
- განაცხადის ბოლო ვადა
- 10.07.2023
- საიტზე დამატებულია
- 22.06.2023
კონკურსის შესახებ:
"ქალთა ფონდი საქართველოში" აცხადებს საგრანტო პროგრამას "სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა", რომლის ფინანსური მხარდამჭერია სექსუალური განათლების შვედური ასოციაცია (RFSU).
საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ქალთა, გოგონათა და ქვიარ თემის გაძლიერებაზე, მათი ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე, ამ საკითხების მიმართ არსებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლაზე, აგრეთვე, სექსუალურ უფლებებზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების ქსელური მუშაობის გაძლიერებასა და დაცვაზე.
ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ჭრილში*.
პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:
** ქალების, გოგოებისა და ქვიარ თემის გაძლიერება, ქსელური მუშაობის ხელშეწყობა მათი უშუალო მონაწილეობითა და ლიდერობით;
** ქალების, გოგოებისა და ქვიარ თემის ხელმისაწვდომობის გაზრდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, ცნობიერების ამაღლება, ცოდნის წარმოება და გავრცელება;
** ადვოკატირება და ლობირება (გენდერულად მგრძნობიარე საბიუჯეტო ადვოკატირების ჩათვლით), ადვოკაციის კამპანიების წარმართვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების (მშობლები, მეურვეები, სექსუალური პარტნიორები, სოც. მუშაკები, პოლიციის თანამშრომლები და სხვ.) ჩართულობით;
** კვლევების ჩატარება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე;
** გადაწყვეტილების მიმღებების მგრძნობელობის ამაღლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე;
** გადაწყვეტილების მიმღებებთან და სერვისის მიმწოდებლებთან ქსელური მუშაობის უზრუნველყოფა;
** საზოგადოებრივი/სათემო მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების სისტემების გაძლიერება (საბიუჯეტო მონიტორინგის ჩათვლით).
პროგრამის თემატური მიმართულებები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:
** ხელმისაწვდომობა სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველ განათლებაზე;
** ხელმისაწვდომობა სტიგმისაგან თავისუფალ ინფორმაციასა და სერვისებზე კონტრაცეფციასთან დაკავშირებით (გადაუდებელი კონტრაცეფციის ჩათვლით);
** ხელმისაწვდომობა სტიგმისაგან თავისუფალ ინფორმაციასა და სერვისებზე აბორტთან დაკავშირებით;
** სგგი-ს პრევენცია და მკურნალობა;
** სექსუალური, რეპროდუქციული და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და შემდგომი რეაგირება;
** ქალების, გოგოებისა და ქვიარ თემის სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დარღვევის შემთხვევებისა და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;
** იმ ჯგუფების რეპროდუქციული და სექსუალური უფლებების დაცვა, რომლებიც დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმას განიცდიან;
** ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების გაძლიერება.
საგრანტო პროგრამაში "სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** ადგილობრივ რეგისტრირებულ ქალთა და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
** ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა, გოგონათა და ქვიარ საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
** ქალთა და ქვიარ ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;
** ქალთა და ქვიარ ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რაიონებიდან, ასევე რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ.
ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს.
საგრანტო თანხა შეადგენს 10 000 ევროს. პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 თვეს.
ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 5%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის "4. სხვა ხარჯი"-ს განყოფილებაში "პროექტის ფინანსური აუდიტი"-ს სახელწოდებით.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ფონდის მეილსა და სოციალური ქსელების მისამართებზე.
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 ივლისი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება ივლისის ბოლოს.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით, შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org
გისურვებთ წარმატებას!
*ცნობიერების ამაღლებას ქალის სექსუალურ თავისუფლებასა და თვითგამოხატვაზე, მათ შორის, სექსუალურ სიამოვნებაზე ჰეტერონორმატიული ჩარჩოს მიღმა, ინფორმირებული თანხმობა;
სხვადასხვა არსებული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას, რომელიც არღვევს რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებას და უარყოფით გავლენას ახდენს ქალის სასიცოცხლო ციკლზე (ყველა ასაკის გათვალისწინებით), ასევე, მათი თავიდან არიდების ან მომხდარის შემსუბუქების სხვადასხვა შესაძლებლობას.
ქალთა ინფორმირებული არჩევანის და შესაბამისი გადაწყვეტილების განხორციელების შესაძლებლობას ზეწოლისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.
წყარო: https://jobs.ge/