კონკურსი კვლევის განხორციელებაზე - 2
წყარო: Penal Reform International
- განაცხადის ბოლო ვადა
- 08.10.2019
- საიტზე დამატებულია
- 25.09.2019
კონკურსის შესახებ:
კონკურსი კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესარჩევად
კვლევის ჩატარების ვადა: 2019 წლის ოქტომბერი - დეკემბერი
მიმოხილვა:
ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმა - სამხრეთ კავკასიის ოფისი" ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს პროექტს "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით". პროექტის პარტნიორები არიან: "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი".
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმებში, მათ შორის ადვოკატირების, პოლიტიკის შემუშავებაზე ზეგავლენისა მოხდენის, რეფორმის დასრულებული და მიმდინარე საფეხურების გადახედვის გზით. უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ანალიზი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობა.
პრობლემის აღწერა:
პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურასა და საყოფაცხოვრებო პირობებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უშუალოდ ამ თემასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტებისა და ამ ნაწილში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით, არამედ პირდაპირ უკავშირდება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიც არის მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის შესაძლებლობა, დაწესებულების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა, კრიმინალურ სუბკულტურასთან გამკლავება და ა.შ.
2019 წლის თებერვალში დამტკიცდა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზნად განისაზღვრა ახალი, მცირე ზომის დაწესებულებების დიზაინი და მშენებლობა, ხოლო არსებული დაწესებულებების გაუმჯობესება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და რეაბილიტაციის დარგში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სამოქმედო გეგმის თანახმად, 2019 წლის სექტემბრისთვის ახალი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სტანდარტი უკვე შემუშავებული უნდა იყოს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ზემოაღნიშნული სტრატეგიის მონიტორინგი კონკრეტულად ახალი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სტანდარტის შემუშავების ნაწილში, სამომავლო ინფრასტრუქტურული გეგმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად კი პენიტენციური სისტემის მაღალი თანამდებობის პირებთან გასაუბრება თვისებრივი კვლევის ფარგლებში. ასევე, რეკომენდაციების მიწოდებისას მკვლევარმა ორგანიზაციამ უნდა მოიძიოს პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის დაგეგმარების საუკეთესო პრაქტიკა მსოფლიოს მასშტაბით (UNOPS-ის სახელმძღვანელო წესების გამოყენებაც).
აღნიშნული კვლევის ჩატარების მიზნით ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმა" აცხადებს კონკურსს სფეროს ადგილობრივი კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის) ჩართვაზე.
სამუშაოს აღწერა:
** კვლევის გეგმის/მეთოდოლოგიის მომზადება და ორგანიზაციასთან შეთანხმება;
** სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისი ნაწილის მონიტორინგი;
** მცირედი თვისებრივი კვლევის განხორციელება (მათ შორის ინტერვიუებისა ან/და ფოკუს ჯგუფების ჩატარება);
** უცხოური საუკეთესო პრაქტიკის მოძიება (რამდენიმე ქვეყნის და რამდენიმე ტიპის დაწესებულების მიხედვით);
** კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
** კვლევის საჯარო პრეზენტაცია დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან);
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ადვოკატირების ღონისძიებებში მონაწილეობა.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულ ორგანიზაციებს გთხოვთ, 2019 წლის 8 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: egabelaia@penalreform.org
** კვლევის მეთოდოლოგია - კვლევის განხორციელების, მასალებისა და ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის მეთოდოლოგია (მაქსიმუმ 4 გვერდი)
** კვლევის დეტალური ბიუჯეტი
** უშუალოდ კვლევაში ჩართული თანამშრომლის(ებ)ის რეზიუმე
** ორგანიზაციული პროფილი (მათ შორის, განხორციელებული მსგავსი კვლევების შესახებ ინფორმაცია)
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
კვლევის ჩატარებისთვის განკუთვნილი ანაზღაურება შეადგენს 3000 (დარიცხული) ევროს ექვივალენტს ლარში. ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსათვის გაიცემა გრანტის სახით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროექტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს:
ელენე გაბელაია
ელ-ფოსტა: egabelaia@penalreform.org
ტელ: +995 577 25 55 75
წყარო : http://jobs.ge