|
2333 |
---|
რას უპირებენ ანაკლიას – შესაძლო სცენარები
ანაკლიის პორტის მშენებლობა შესაძლოა შეფერხდეს, ანდა ჩაიშალოს – ამას “TBC ბანკთან” დაკავშირებული პროცესების განვითარების შედეგად ანალიტიკოსები ვარაუდობენ. ის, რომ ანაკლიის პორტის მომავალი შესაძლოა დაზარალდეს, თავად მამუკა ხაზარაძეც არ გამორიცხავს. ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა. „სამწუხაროდ, ძალიან ნელა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობასა და ბანკებს შორის. მე ვერ გეტყვით მიზეზებს. ველოდებოდით, რომ შეხვედრა აპრილში შედგებოდა. მხოლოდ ორი წერილი გაიცვალა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის. იმედია, უახლოეს პერიოდში შეხვდებიან, რადგან ეს გაჭიანურება პირდაპირ ხელს უშლის ვადას, რომელშიც უნდა ჩავეტიოთ. იცით, რომ ჩვენი ვადა სახელმწიფოსთან იწურება 15 ივნისს და, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ვართ ამ მოლაპარაკებებზე. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ თემებზე, მთავარია, შეხვედრა შედგეს და პოზიციები დაფიქსირდეს”, – განაცხადა ხაზარაძემ. ანაკლიის პორტის პირველი ფაზისთვის საჭიროა 600 მილიონი დოლარი. ეს ფული მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა გამოყონ. შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ “TBC ბანკთან” დაკავშირებულმა პროცესებმა ანალიტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. მოლაპარაკება აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა 2 თვით გადაიდო. კითხვაზე, მოითხოვს თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელებას, ხაზარაძის თქმით, გააჩნია პროცესს. „თუ პროცესი ინტენსიური მოლაპარაკებების ფაზაში გადავიდა, ალბათ დავინახავთ, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია, რათა პროცესი დასრულდეს. შეგახსენებთ, საუბარია იმ ბანკებთან მოლაპარაკებებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმსხვილესი დონორები არიან. წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვერ მოელაპარაკო ბანკებს, რომლებსაც მილიარდები აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის მიცემული, ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. აქ უბრალოდ საუბარია უფრო სწრაფ მენეჯმენტსა და სურვილზე, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად დაიწყოს. იმედი მაქვს, მაისში გააქტიურდება ეს შეხვედრები, მოთმინებით ველით ამ პროცესს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან” სიტუაციის ასე განვითარებას ელოდნენ და ამბობენ, რომ ამ პროექტის შეჩერებით ან დაკონსრევებით, საქართველო დასავლეთთან, ნატოსთან უფრო მეტ ინტეგრაციის შანსს კარგავს. მათი აზრით, ამ პორტის საშუალებით, რუსეთის მხრიდან კრიზისული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, პარტნიორები საქართველოსთვის უფრო ეფექტიანი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ. ეს პროექტი საქართველოს მეტ დაცულობას მოუტანს, რადგან მასშტაბური უცხოური ინვესტიციები უსაფრთხოების დაცვის გარანტიც არის. ასევე, პროექტი ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო ძლიერი ეკონომიკის გარეშე თავს ვერავინ დაიცავს. „ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ანკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობამ ახალ ხერხს მიმართა. მისი აზრით, ხელისუფლება ცდილობს, რომ პროექტის განვითარება დროში გააჭიანუროს და საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შემდეგ თავი იმართლოს. გოცირიძე ამბობს, რომ გამორიცხულია საქართველოს მთავრობამ რკინგზის და საავტომობილო გზის გაყვანა დაწესებულ ვადაში შეძლოს. დეპუტატი ფიქრობს, რომ ეს პროექტი დროში ჩავარდა და მინიმუმ რამდენიმე წლით გაჭიანურდება. „მოლაპარაკებები უცხოელ ინვესტორებთან აპრილის დასაწყისში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ამბობენ, ივნისში გაიმართება. ანუ ფაქტობრივად 2 თვით გადაიწია. ამ მოლაპარაკების დროს უნდა გაირკვას ჩვენი ხელისუფლება არის თუ არა თანახმა ინვესტორების შემოთავაზებებს ნაწილობრივ ან სრულად დათანხმდეს. “ასევე, თუ გავიხსენებთ ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მის განცხადებას, რომ ის ლონდონიდან პასუხს გახარიას მიერ გაგზავნილ წერილზე უახლოეს მომავალში ელოდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ეს ყველაფერი ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს. თუ ხელს ამ პროქტის ჩაშლაზე ხაზარაძეს შეახოცავენ, მაინც ხელისუფება იქნება დამნაშავე, რადგანაც ეს კონკურსი მათ ჩაატარეს და 18 ინვესტორიდან „თიბისი ბანკი” შერჩიეს”,-აცხადებს „რეზონანსთან” გოცირიძე. მისივე თქმით, ამ ყველაფერში ერთი მთავარი მიზანი დევს, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს. გოცირიძის განცხადებით, არსებობს მოლოდინი და პროცესებიც ამ მიმართულებით ვითარდება, რომ ხაზარაძე პროექტს ჩამოაშორონ. შემდეგ მოხდება მისი ჩანაცვლება თუ არა სხვა ინვესტორით, ეს უკვე ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული – უნდა თუ არა მას საერთოდ ამ პროექტის აშენება. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან” ამბობს, რომ ის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სიტუაციის და სცენარის ამ მიმართულებით განვითარებას ელოდა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი ერთმანეთში აიზილა და სისტემური პრობლემა შეიქმნა. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ პროექტის მშენებლობა ან დაკონსერდებოდა ან დროში გაჭიანურდებოდა. „შესაძლოა ხაზარაძის ჩამნაცვლებელს ეძებენ და დროში გაჭიანურებას ცდილობენ. ფაქტია, რომ პროკურატურის ამ დაკიდებულმა საქმემ ფოსმაჟორული სიტუაცია შექმნა და აქედან რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს, ძალიან რთული სათქმელია. ქვეყნისთვის ზიანი უკვე დამდგარია, რადგანაც საფინანსო პაკეტის შექმნის წინ, რომ სისხლის სამართლის საქმეს წამოიწყებ, ესეგი რისკები იქნება და ზიანი ასეთ დროს გარადუვალია. “ხელისუფლება რა გზას აირჩევს, პროექტის ბედი ამაზე იქნება დამოკიდებული. იპოვის ხაზარაძის ჩამნაცვლებელს თუ პროექტს საერთოდ დააკონსერვებს. ეს ყველაფერი უახლოეს დროში ხელისუფლების ქმედებიდან გამოჩნდება”, – აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან”. |
02-05-2019
წყარო: infonews.ge
15-02-2019 ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა |
---|
23-03-2023 Call for Proposals: Exchanging Notes |
21-02-2019 თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გააცნო |
31-03-2019 ქობულეთში 500 მილიონი ლარის ევროპული ინვესტიცია განხორციელდება |