ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001528 დასრულებული

მცირე გრანტების პროგრამა

წყარო: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი

განაცხადის ბოლო ვადა
17.09.2023
საიტზე დამატებულია
29.08.2023

კონკურსის შესახებ:

მცირე გრანტების პროგრამა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

ზოგადი ინფორმაცია:

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, ხელს უწყობს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. NDI გეგმავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო დისკუსიების გამართვას და მოქალაქეთა საჭიროებების წინასაარჩევნო დისკურსში ასახვის ხელშეწყობას.

"NDI" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა გაუმჯობესდეს მათ შორის კოორდინაცია და, შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების პირობებში, ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემური საკითხების გადაჭრა ადვოკატირების გზით.

მცირე გრანტების პროგრამის აღწერა და შეფასების კრიტერიუმები:

"NDI" აცხადებს მცირე გრანტების პროგრამას როგორც თბილისში მოქმედი, ასევე რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებისთვის. პროგრამაში შერჩეული პარტნიორები "NDI"-სთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებენ პროექტებს, რომელთა მიზანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო დისკურსში მოქალაქეების საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული დისკუსიების ხელშეწყობა. "NDI" პარტნიორებს დაეხმარება როგორც კონსულტაციებით, ასევე, პროექტებთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარჯის დაფარვითაც (მცირე გრანტებისთვის გამოყოფილი თანხების მიღმა).

წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები მიზნად უნდა ისახავდეს შესაბამის რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საჭიროებების პოლიტიკურ აქტორებამდე ეფექტიანად მიწოდებასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ ამ საკითხების სათანადო და საჯარო განხილვის ხელშეწყობას. კერძოდ, წარმოდგენილ საპროექტო განცხადებებში მკაფიოდ უნდა ჩანდეს თუ როგორ გეგმავთ:

** საზოგადოების აზრის კვლევისა და მოქალაქეებთან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (როგორიცაა ფოკუს ჯგუფები, მოქალაქეთა შეკრება, საჯარო კენჭისყრა, ა.შ.), თქვენს რეგიონში/მუნიციპალიტეტში იმ პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთას, რომლებზეც წინასაარჩევნო პერიოდში გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება.
** გამოკვეთილი პრიორიტეტული საკითხების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად საჯარო კამპანიების ჩატარებას, რათა გაიზარდოს საზოგადოებრივი მოთხოვნა, რომ პოლიტიკოსები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩაერთონ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში. მრგვალი მაგიდების ორგანიზებას პოლიტიკოსებთან ერთად, რათა გააცნოთ/წარუდგინოთ მოსახლეობის პრიორიტეტული საკითხები და მოისმინოთ მათი ხედვა.

პროგრამის ფარგლებში შემოსული საპროექტო წინადადებების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ კომპონენტებზე გამახვილდება:

** პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის ეფექტიანი გზები: საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგენდეს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოვლენის მკაფიო და ეფექტიან მეთოდოლოგიას. ეს მეთოდოლოგია უნდა მოიცავდეს მრავალმხრივ მიდგომას, მათ შორის გამოკითხვებს, ფოკუს ჯგუფებს, ამომრჩეველთან კომუნიკაციის აქტივობებს, მოქალაქეთა შეკრებას და ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფებთან თანამშრომლობას. განმცხადებლებმა უნდა წარმოაჩინონ კულტურული მგრძნობელობა და ინკლუზიურობა, რათა დარწმუნდნენ, რომ გამოვლენილი პრობლემები ავთენტურად ასახავს აღნიშნული საზოგადოებებისა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მრავალფეროვან გამოწვევებს.
** ფართო საზოგადოებისთვის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისთვის იდენტიფიცირებული პრიორიტეტული საკითხების ეფექტიანი მიწოდება: საპროექტო განაცხადი უნდა ასახავდეს იმ გზებს, რომელთა გამოყენებითაც გეგმავთ იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ფართო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ აქტორებთან.

აღნიშნული მრავალმხრივი სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით, შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების პირობებში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ერთობლივი განაცხადი შეიძლება, წარმოდგენილი იყოს როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცი(ებ)ისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების მიერ. საპროექტო განაცხადში მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი ერთობლივი განაცხადის წარმდგენი მხარეების ფუნქცია-მოვალეობები და ამ პროცესში თითოეული მხარის ჩართულობის აუცილებლობა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში "NDI" გეგმავს მაქსიმუმ ათი გრანტის გაცემას. თითოეული გრანტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 500 ლარს, ხოლო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს (ოქტომბერი, 2023 - მარტი, 2024).

განცხადების წარდგენის პროცესი:

საპროექტო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს (იხილეთ თანდართული ფორმები):

** საპროექტო განაცხადი;
** ბიუჯეტი;
** ხარჯების განმარტება (ე.წ. budget notes).

პროექტის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ განმცხადებელს მოეთხოვება წარადგინოს:

** ფინანსური ანგარიში;
** პროგრამული ანგარიში;
** ღონისძიების მონაწილეთა სიის ასლები;
** გრანტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებ(ებ)ის, მრგვალი მაგიდ(ებ)ის და შეხვედრ(ებ)ის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ოქმები, ფოტო/ვიდეომასალა);
** პროექტის ფარგლებში შემუშავებული/შექმნილი ნებისმიერი მასალა (პრეზენტაციები, ანგარიშები, რეკომენდაციები, სხვ.);
** ფინანსური ანგარიშის დამადასტურებელი საბუთები (ქვითრების ასლები, ანგარიშფაქტურები, კონტრაქტები);
** დამატებითი ინფორმაცია, სურვილისამებრ.

წარმოდგენილი დოკუმენტების ნაწილი შეიძლება USAID-თან გაზიარდეს NDI-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში ანგარიშგების მიზნით.

საპროექტო განაცხადის და შევსებული თანდართული დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 17 სექტემბერი, 2023 წელი.

საპროექტო განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ვინაიდან პროექტის განხორციელების ეტაპზე ანგარიშგება ინგლისურ ენაზე მოხდება, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელ მხარეს შეუძლია, ანგარიშგებისთვის საჭირო დოკუმენტაციის თარგმნის ხარჯები ბიუჯეტში ასახოს.

გთხოვთ, საპროექტო განაცხადი და მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ndigeorgia@ndi.org.


წყარო: https://jobs.ge/